ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის ბაშოზე, დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის მოპოვების შანსს ერთადერთი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ინარჩუნებს, ამდენად, მორიგ საშეჯიბრო დღეზე საუბარსაც მისი ასპარეზობით დავიწყებთ.
უმაღლესი მაკუუჩი, დივიზიონის ყველაზე მძიმე (198 კგ.) სეკიტორს, ჰაცუ ბაშოს მე-11 დღისთვის უკვე 7 ბრძოლა ჰქონდა წაგებული და მორიგი წარუმატებლობა უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გასვლას უქადდა. საბედნიეროდ, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა შიმოტორისთან გამარჯვება ქართველს შერჩა და მან წოდებაში დაწინაურების შანსი შეინარჩუნა.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე 23 წლის ჯუღელმა, 32 წლის იაპონელი დოჰიოდან ერთი ამოსუნთქვით, ოშიდაშით გაიყვანა. გაგამარუს ამჟამინდელი ბალანსი 5 მოგება და 7 მარცხია და მას კაჩი-კოშისთვის სამივე დარჩენილი შერკინების მოგება მართებს.
გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე, აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შოტენრო იქნება. გასული წლის განმავლობაში, თეიმურაზი 28 წლის მონღოლს 4-ჯერ გადეყარა და ჯერჯერობით, თანაბარი ბალანსი აქვს. თეიმურაზმა შოტენროს იორიკირითა და ოშიდაშით სძლია, თავად კი, იორიკირითა და სუკუინაგეთი წააგო.
ძალიან ცუდად ასპარეზობენ გაგამარუსთან შედარებით გაცილებით გამოცდილი ქართველი სუმოისტები – ლევან ცაგურია და ლევან გორგაძე. 29 წლის ცაგურიამ, რომელსაც სუმოს სამყაროში კოკაის შიკონათი იცნობენ, მე-9 მარცხი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან განიცადა.
ქართული სუმოს პიონერმა, მისთვის სასურველი მარცხენამხრიანი დგომა ჰიდარი-იოცუ კი დააფიქსირა, თუმცა, 36 წლის ექს-საკივაკესგან იორიკირი მაინც “გაეპარა”. შეგახსენებთ, რომ 29 წლის კოკაი მაკუუჩიში უკვე მე-7 წელია ასპარეზობს, თუმცა, მიმდინარე ბაშოს შემდეგ, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში გადაბარგება მოუწევს.
მომდევნო ტურში, ცაგურია, რომელიც წლის პირველ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკეკაძეს დაუპირისპირდება. ქართველი სეკიტორი 31 წლის იაპონელს შარშან, სამ დასკვნით ბაშოზე გადაეყარა და ჰატაკიკომით გამარჯვების შემდეგ, ჯერ – უვატედაშინაგეთი, ხოლო შემდეგ ოკურიდაშით დამარცხდა.
იანვრის ტურნირის 12 დღის თავზე, ერთადერთი მოგების ამარა რჩება ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, თებერვლის რეიტინგში (ბანძუკე) საგრძნობი დაქვეითება ელის.
23 წლის ქართველი, აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირა ტოიონოშიმას ჩანაფიქრს ვერ მიუხვდა. იაპონელი, რომელიც მხოლოდ 170 სმ. სიმაღლისაა, სასტარტო შეჯახებისას გვერდზე გახტა და ჰატაკიკომით იმარჯვა.
ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე, დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იოშიკაძეა, რომელიც გასული წლის ივლისში, ცურიდაშით ჰყავს დამარცხებული, ნოემბერში კი - ჰიკიოტოშით თავად წააგო.
შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშო ტრადიციულად, 15 დღეს მიმდინარეობს და 23 იანვარს დასრულდება, მისი მოგების უმთავრესი კანდიდატი კი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელმაც მე-11 გამარჯვება თანამემამულე ოძეკი ჰარუმაფუჯისთან იზეიმა. აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოკინოუმი “თეთრ ფენიქსს” 1 მოგებით ჩამორჩება.







