საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან პრის პირველ დღეს ოქრო-ვერცხლის გარეშე ჩაამთავრებს. ბრინჯაოს მედლებისთვის კი 2 ქართველი იჭიდავებს.
პოდიუმის მესამე საფეხურს თითო გამარჯვება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილს და ლუხუმ ჩხვიმიანს აშორებთ.
პაპინაშვილმა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ყაზახ გაბიტ იესიმბეტოვთან წაგებით. ქართველი მსუბუქწონოსანი იუკოს იგებდა და ისევ თავად უტევდა, როდესაც მეტოქის კონტრ ილეთზე მოჰყვა და მტკივნეული ილეთით წააგო. ამ შეხვედრამდე ამირან პაპინაშვილმა მონღოლი ცედენ რაახანჯავი 15 წამში დასცა ბეჭებზე.
რეპეშაჟის ნახევარფინალში თანაგუნდელ გიორგი ბროლაშვილს უილეთოდ, 4 გაფრთხილებით აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრს, მეორე ნომრად განთესილ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ არსენ გალსტიანს დაუპირისპირდება.
ლუხუმ ჩხვიმიანმა გრან პრი სომეხი გრიგორ ივანიანის იპონით ძლევით გახსნა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან ვეღარას გახდა - ბოლო წუთამდე ვაზარ-იუკოს აგებდა. ვაზარი თავადაც აიღო, მაგრამ შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად დრო აღარ ეყო.
დამამშვიდებელი ეტაპი პაპინაშვილის მსგავსად, ჩხვიმიანმაც საქართველოს ნაკრების წევრთან შეხვედრით გახსნა – პაატა მერებაშვილთან იუკოს აგებდა და “ბრინჯაოს ფინალის” საგზური ბოლო წამებზე შესრულებული ვაზარით მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გაბიტ იესიმბეტოვს დაუპირისპირდება.
გიორგი ბროლაშვილმა და პაატა მერებაშვილმა ბრინჯაოს გზაზე გადართვამდე ორ-ორი ბრძოლა ჩაატარეს. ბროლაშვილმა აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლის სამ წუთში მოუმთავრა საქმე და ყაზახ იერკებულან კოსაიევთან იპონით წააგო. მერებაშვილი კი ებრაელი იოავ შემეშის იპონით ძლევის შემდეგ არსენ გალსტიანთან ორჯერ დავარდა ვაზარზე.
66 კილოგრამშიც ოთხი ქართველი გავიდა ტატამზე, მაგრამ საღამოს ბლოკში ჭიდაობის უფლება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა. ტრისტან ფეიქრიშვილს და შალვა ქარდავას მიზნამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.
ქარდავა შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და სომეხ დავით ღაზარიანს გაფრთხილებებით 3:1 აჯობა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადასთან ვეღარას გახდა – მეორე წუთის ბოლოს ვაზარზე დავარდა და უმალ შებოჭვაზე მოჰყვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების წევრ ალიმ გადანოვს დაუპირისპირდა და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა, მაშინ, როდესაც მეტოქეს შიდოს უგებდა.
ტრისტან ფეიქრიშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონთან, გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ გიორგი ზანთარაიასთან მეოთხედფინალში განცდილი მარცხით დაასრულა. უილეთო შეხვედრაში მსაჯმა ზანთარაია ორჯერ გააფრთხილა, ხოლო ფეიქრიშვილი – ოთხჯერ.
გიორგი ზანთარაიასთან დაჭიდებამდე საქართველოს ნაკრების წევრმა აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვს ერთი შიდოთი აჯობა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი მორიგ უილეთო შეხვედრაში მონღოლ ბატგერელ ბატსეცეგთან ასევე ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.
ამავე წონაში საქართველოს სახელით გიორგი ქალდანმა და გელა კელიხაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ.
ქალდანმა შეჯიბრება ყაზახი ნაურუზბეკ მაილაშევის ძლევით გახსნა და ბატგერელ ბატსეცეგთან მარცხით დაასრულა. საინტერესოა, რომ ორივე შეხვედრა ილეთის გარეშე გაილია და გამარჯვებული გაფრთხილების ხარჯზე გამოვლინდა.
კელიხაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი მერვედფინალი და ალიმ გადანოვი აღმოჩნდა – მეხუთე წუთზე მსაჯმა საქართველოს ნაკრების წევრი მეოთხედ გააფრთხილა, რაც ავტომატურად მარცხს ნიშნავდა. ამ მომენტამდე ორივე ძიუდოისტს სამ-სამი შიდო ჰქონდა.
გადანოვთან დაჭიდებამდე გელა კელიხაშვილმა ებრაელი ბარ რაუფმანის ძლევა მოასწრო.
დღესვე მედლები ქალთა 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გათამაშდეს. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენლები მხოლოდ 57 კილოგრამში ჰყავდა. საქმეში სალომე აბაშიძე, მარიამ ციხელაშვილი და სოფიო ბერიძე ჩაერთნენ, მაგრამ სამივემ პირველივე შეხვედრა წააგო.
სალომე აბაშიძე უნგრელ კატინკა სზაბოსთან შებოჭვაზე მოყვა. მარიამ ციხელაშვილი აზერბაიჯანელ კიფაიატ გასიმოვას იუკოს უგებდა, მაგრამ იპონზე დავარდა. სოფიო ბერიძემ კი რუს ტატიანა ნოსკოვასთან სამ წუთში ოთხი გაფრთხილება მიიღო.
60 კილოგრამის ფინალში ყაზახი კოსაიევი და სომეხი საფაროვი იჭიდავებენ. 66 კილოგრამში – გიორგი ზანთარაია და აზერბაიჯანელი შიხალიზადა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 17 საათიდან დაიწყება. იქამდე კი, 16:30 საათზე გრან პრის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.