საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლევან ჟორჟოლიანი ბაქოს მსოფლიოს თასის ფინალშია. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა აზერბაიჯანულ ტატამზე სამი შეხვედრა ჩაატარა. ტურნირი მასპინძლის, რაფაელ შაჰვერდიევის ძლევით გახსნა. შემდეგ ახალზელანდიელ ჯეისონ კოსტერსა და რუს ასხაბ კოსტოევს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ირანელ ჯავად მაჰჯოუბს დაუპირისპირდება.
მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ძირითად ბადეში აზერბაიჯანელი ანდრეი ფატიევის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში რუს სოსლან ბოსტანოვთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ასევე ერთი შეხვედრა მოიგო, ბრიტანელ კრის შერინგტონთან. “ბრინჯაოს” ფინალში კი კიდევ ერთ რუსს, ასლან კამბიევს შეხვდება.
დღესვე, ბაქოს ტატამზე პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძეც (ორივე 81 კგ) გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
ოთარ მაღლაკელიძე







