ლისაბონის “ბენფიკას” მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა, ევროპის ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში, საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩესთან” მოგებისა (3:1) და ფინალში გასვლის შემდეგ, თქვა, რომ გუნდი ამ შედეგის მისაღწევად 4 წელიწადი მუშაობდა.
“ფინალში მოსახვედრად 4 წელიწადი ვმუშაობდით და გუნდს ვაშენებდით. მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ და ამიტომ, სასიამოვნო იქნება კენჭისყრის დროს პირველ კალათში მოხვედრა. რაც შეეხება “ჩელსისთან” ფინალს, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ლონდონელთა შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც დავიდ ლუიზი და რამირესია. ფინალში ორი საუკეთესო გუნდი გავიდა და შესაბამისად, შედეგის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია” – იუწყება ჟეზუშის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა A Bola.