ფეხბურთი

20:23 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი გრატაკოსი: “საქართველოში ძალიან თბილად მოგვეპყრნენ”

 

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” საფეხბურთო აკადემიის დირექტორმა ჟორდი გრატაკოსმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, “სალერის თასზე” მიღებული შთაბეჭდილებები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს გაუზიარა.

- ამ ტურნირის შესახებ ვინ შეგატყობინებათ და მასზე როგორ მიგიწვიეს?

- მეგობარი მყავს, რომელიც ახლა საქართველოში მუშაობს, ხოლო ადრე ჩვენ ერთად “ბარსელონაში” ვმუშაობდით. ის (ანდრეს კარასკო, რედ.) საფეხბურთო კლუბ “საბურთალოში” მოღვაწეობს და მიწვევაც მისგან მივიღეთ ტურნირზე, რომელზეც მასპინძლების გარდა, “დნიპრო”, “ატლეტიკო” და “მაკაბი” მონაწილეობდნენ. ჩვენმა ბიჭებმა ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს. მათ ასაკით უფროს ფეხბურთელებთან ითამაშეს და ეს ჩვენი საწვრთნელი პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენი გუნდი 1997-1998 წლებში დაბადებული ფეხბურთელებისგან შედგებოდა,  “საბურთალო” – 1995 წელს დაბადებულებისგან (“საბურთალოში” 16 წლის ფეხბურთელებამ ითამაშეს, რედ.), “ატლეტიკო” – 1996 წელს დაბადებულებისგან, ხოლო “მაქაბი” – 1997 წელს დაბადებულებისგან.

საბოლოოდ, მესამე ადგილი დავიკავეთ. ტურნირის ბოლო დღეს “მაკაბისთან” კიდევ ერთი მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა მესამე ადგილისთვის. თუმცა, გადავწყვიტეთ, რომ არ გვეთამაშა და ვინაიდან ჯგუფში “მაკაბი” 2:1 დავამარცხეთ, ამ შედეგიდან გამომდინარე, მესამე ადგილი დავიკავეთ. ფინალში “საბურთალომ” მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში “ატლეტიკო” დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

- ქართულ პრესაში დაიწერა, რომ მატჩებს ევროპაში ცნობილი კლუბების სკაუტები თვალს ყურადღებით ადევნებდნენ...

- მატჩებს თვალს ინგლისის “ლივერპულისა” და იტალიური “იუვენტუსის” წარმომადგენლები ადევნებდნენ. უკვე ცნობილია, რომ “საბურთალოს” ერთი აღზრდილი (ტაბიძე ან თევზაძე, “საბურთალოს”ვებგვერდი) “ლივერპულში” გაემგზავრება, ხოლო კიდევ ერთი (ხარაიშვილი, “საბურთალოს” ვებ გვერდი) – მადრიდის “ატლეტიკოში”. “საბურთალოში” ახარებთ, როდესაც მათი აღზრდილები ასეთ გუნდებში ხვდებიან. ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს. თუმცა, ჩვენთვისაც უცხოელი ფეხბურთელების აზრი ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების სათამაშო დონის შესახებ მნიშვნელოვანია. ტურნირზე “დნიპროს” მოთამაშე ბოგდან ლედნიოვმა გულშემატკივრების სიმპათიის პრიზი მიიღო.  

- ტურნირის გარდა, თბილისში ვიზიტის დროს რაიმე სხვა საინტერესო ღონისძიებები იყო? ბუნებრივია, მხოლოდ მატჩებით არ შემოიფარგლებოდით?

- ჩვენმა ფეხბურთელებმა თბილისი დაათვალიერეს. ასევე, ყველა გუნდების მწვრთნელებმა ერთმანეთში ვითამაშეთ. ტურნირს საქართველოს სპორტის მინისტრი დაესწრო. მთავარია, რომ ჩვენმა ბიჭებმა ახალი მეგობრები შეიძინეს. მათთვის ასეთი ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. აღსანიშნავია, რომ ვიდრე გამოვფრიდნებოდით ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარი ჩატარდა. მასში ჩემს გარდა, “საბურთალოს”, “ატლეტიკოსა” და “მაკაბის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 25 მწვრთნელს მოვუყევით, როგორ ვმუშაობთ ჩვენს აკადემიებში. ეს როგორც ქართველი მწვრთნელებისთვის, ასევე, ჩვენთვის საინტერესო იყო. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან თბილად მოგვეპყრნენ. ბევრმა ადამიანმა “დნიპროს” პირველ გუნდს წარმატება უსურვა.   

ჩვენთან ხომ საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი – ჯაბა კანკავა, სანდო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე თამაშობს. საქართველოში მათ გამოსვლას თვალს ყურადღებით ადევნებენ და პერსონალურად გულშემატკივრობენ. ასევე “დნიპროსაც” ქომაგობენ, როგორც უკრაინის ჩემპიონატში, აგრეთვე ევროპის ლიგაში.

 

0.11978