საფრანგეთის ლიგა 1-ში მეექვსე ტური “ბორდოსა” და “ევიანის” დაპირისპირებით დაიწყო. სასტარტო თამაშებმა ჩაიარა და სატურნირო ცხრილში გუნდების მიზნებიც ნელ-ნელა იკვეთება. “ბორდო” სამეულშია და სავარაუდოდ ევრო ზონაში მოხვედრას ეცდება. “ევიანი” ბოლო ადგილზეა, გადარჩენისთვის იბრძოლებს.
ფეხბურთელობისას ვილი სანიოლში არ ჩანდა მწვრთნელისთვის დამახასიათებელი თვისებები, მაგრამ შემდგომ დავინახეთ, კარიერის დასრულების შემდეგ სახეზე მკაცრი იერი მიიღო და უფრო ემოციური გახდა, შეიცვალა. მწვრთნელ სანიოლს არ უყვარს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, ფეხზე დგომა და მოთამაშეებისთვის რჩევების მიცემა ურჩევნია.
“ბორდო” კარგი გუნდია, მაგრამ არც “ევიანი” იმსახურებს ბოლო ადგილს, პარასკევს გამართული თამაშიდან გამომდინარე ვამბობ, როცა “ბორდოს” არაფერი დაუთმო, წააგო, მაგრამ კარგად ეთამაშა და ჟირონდიდან ქულის წამოღების შანსი ბოლო წუთამდე შეინარჩუნა.
ბურთის მიღებისას, უფრო კი გაცემისას გამოცდილებითა და მაღალი კლასით ხასიათდება ჩეხი იაროსლავ პლასილი. პირლოს არ შევადარებ, მაგრამ მსგავსი შემთხვევაა, როცა ასაკის მატებას სისწრაფისა და ფიზიკური გამძლეობის დაკარგვა შესაძლოა მოჰყვეს, მაგრამ ბურთთან ურთიერთობის ხელოვნება არ იცვლება, იხვეწება და საცქერლადაც უფრო სასიამოვნო ხდება.
დასწრებაზე კარგად ითამაშა ურუგვაელმა დიეგო როლანმა და პირველი გოლი გაიტანა მე-19 წუთზე. საგოლე პასი ნიკოლას ბელაიმ გააკეთა. ბელაი დიდიე დეშამის “მონაკოში” თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის ვერცხლის მედალიც მიიღო. შესაძლოა გახსოვთ.
“ევიანი” არ გამტყდარა. გააქტიურდა კონგოელი სიკულუ, მაგრამ დამაგვირგვინებლ ფაზამდე საქმე ვერც მან და ვერც თანაგუნდელებმა მიიყვანეს.
მეორე ტაიმი ფრედ მორჩა.
56-ე წუთზე ტუნისელმა ვაბი ჰაზრიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ლამაზად მოჭრა მარცხენა ფლანგიდან და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში ჩაეშვა ბურთი, თუმცა წაკითხვას ნახვა ჯობია. საგოლე პასი პლასილიმ შეასრულა.
ჰაზრი და ამირან სანაია “ბასტიაში” თანაგუნდელები იყვნენ. 2011-2012 წლის სეზონში ლიგა 2-ის ჩემპიონები გახდნენ.
ბოლო მუნდიალზე კოსტა-რიკელთა შემადგენლობაში იგნასიო ტიეიდა თამაშობდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 22 წლის ნახევარმცველს “ევიანმა” თვალი დაადგა და წაიყვანა. აბდალაჰის პასით მატჩის 86-ე წუთზე კოსტა-რიკელმა პირველი გოლი გაიტანა კონტინენტის დატოვების შემდეგ.
დარჩენილ წუთებში დუპრაზის მოთამაშეები ეცადნენ, მაგრამ ცდას შედეგი არ მოჰყვა.
კარგი გუნდია “ევიანი,” გრანდებთან თამაში შეუძლია.
ბორდო – ევიანი 2:1 (1:0)
ბორდო. “შაბან დელმა.” 15 103.
ბორდო: კარასო, კონტენტო (ფაუბერტი 28), დიაბატე, მარიანო, მაურის-ბელაი (ტურე 80) , პალოისი, პლასილი, როლანი, ჰაზრი, სანე (კაპიტანი), სერტიკი (კააბუნი 59)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ევიანი: ჰანსენი, აბდალაჰი, ბენეზეტი (სუგოუ 60), ბრუნო (ნილსენი 75), კამუსი, მენსა, მონგონგუ, სიკულუ (ბარბოსა 59), საბალი, სორლინი (კაპიტანი), ტეიედა
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი
გოლი: 1:0 როლანი (მაურის-ბელაის პასით, 19), 2:0 ჰაზრი (პლასილის პასით, 56), 2:1 ტიეიდა (აბდალაჰის პასით, 86)
მთავარი მსაჯი: ბართოლომეუ ვარელა
გაფრთხილება: კამუსი (28), ტეიედა (45+1)
ბურთის ფლობა: 55%-45% დარტყმა: 7-8 კუთხური: 4-7 თამაშგარე: 2-2 სეივი: 1-1
დიმა შარიქაძე