“მარსელის” თავდამსხმელმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა საკუთარი თამაშით არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება დაიმსახურა.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 17 მატჩში, მან 8 გოლი გაიტანა და გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის შეძენით ლონდონის “ვესტ ჰემი” დაინტერესდა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და საამისოდ თავდასხმის ხაზის გაძლიერება სჭირდება.
“მარსელის” დირექტორთა საბჭოს თავმჯფომარე ვენსან ლაბრუნმა დაადასტურა, რომ ჟინიაკით ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა მისი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
“საიდუმლო არაა, რომ ჟინიაკმა ინგლისიდან სერიოზული წინადადება მიიღო, მაგრამ მასზე უარის თქმა გადაწყვიტა. მოხარული ვარ, რომ მან ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება ირჩია. ის ძალიან კარგად თამაშობს და გოლებიც გააქვს. სეზონის ბოლომდე ჟინიაკი აუცილებლად დარჩება “მარსელში”, მერე კი, ვნახოთ” - განაცხადა ლაბრუნმა RMC-სთან ინტერვიუში.