ფეხბურთი

23:35 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ჟილინა" - სლოვაკეთის ჩრდილოური ქალაქის სიამაყე

ქალაქი ჟილინა სლოვაკეთის ჩრდილოეთშია, მოსახლეობით (86000) მეხუთეა ქვეყანაში. 21-ე საუკუნეში ჟილინელთა მთავარი საამაყო არის საფეხბურთო კლუბი - გასულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, "ჟილინა" სლოვაკეთში დომინატორი გახლდათ. წარმოიდგინეთ, 11 სეზონის განმავლობაში გუნდს მესამე ადგილზე ქვემოთ არ დაუმთავრებია ჩემპიონატი, 6-ჯერ კი ჩემპიონი გახდა. ამ მხრივ, რაც სლოვაკეთი და ჩეხეთი ბევრი კონფლიქტის გარეშე დაიყვნენ, "ჟილინა" თავის ქვეყანაში რეკორდსმენია.

გუნდს ქვეყნის თასი 3-ჯერ მოუგია (2005, 2008, 2009), ხოლო 4-ჯერ სუპერთასს დაეუფლა (2003, 2004, 2007, 2010).

1908 წელს დაარსებული "ჟილინა" მეორე მსოფლიო ომამდეც გამხდარა სლოვაკეთის ჩემპიონი (1928, 1929), ხოლო კომუნისტურ პერიოდში კლუბი ვერაფრით გამოირჩეოდა. ჩეხური გუნდების ჩრდილში იყო.

"ჟილინაში" ნათამაშევი აქვს ქართველ ფეხბურთელ გიორგი ციმაკურიძეს და ქვეყნის ჩემპიონიც გამხდარა. ეს 2009 წელს. ციმაკურიძეს სლოვაკეთში 37 მატჩში 3 გოლი გაუტანია. ის მანამდე რამდენიმე თვით ადრე წამოვიდა კლუბიდან, სანამ "ჟილინა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდა. ე სკი მართლაც უდიდესი წარმატებაა ამ კლუბის ისტორიაში...

"ჟილინა" 2010 წელს გავიდა ლიგაზე: ჩამოიტოვა მალტის "ბირკირკარა", ბულგარეთის "ლიტექსი" და ჩეხეთის "სპარტა", ხოლო ჯგუფში ექვსივე შეხვედრა წააგო: "ჩელსისთან" (1:4, 1:2), "მარსელთან" (0:7, 0:1), მოსკოვის "სპარტაკთან" (1:2, 0:3).    

სლოვაკეთის ამ კლუბმა მანამდე, 2008-2009 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპიც დააჭაშნიკა და იქ ინგლისურ "ასტონ ვილასაც" კი სძლია (2:1), თუმცა ჯგუფიდან ვერ გავიდა.        

ევროტურნირების გასულ სეზონში: "ჟილინა" ჩემპიონი გახდა და ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გავარდა ისრაელის "კირიათ შმონასთან" (1:0, 0:2).

დღევანდელობა: "ჟილინა" მეშვიდე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში (9 მოგება, 15 ფრე, 9 წაგება) და ევროსარბიელზე თასის ფინალისტობით მოხვდა. გუნდმა ფინალში 0:2 წააგო ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანთან". ჩაგდებული სეზონი არ აპატიეს მწვრთნელ შტეფან ტარკოვიჩს და მის ნაცვლად ამ ზაფხულს მოვიდა ადრიან გულია. ეს სლოვაკი სპეციალისტი ბოლო 4 წლის განმავლობაში "ტრენჩინს" თავკაცობდა.

"ჟილინას" საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება გამთამაშებელი რობერტ პიჩი, რომელმაც გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა. ასევე აღსანიშნავია ნახევარმცველი ვიქტორ პეჩოვსკი, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების წევრიცაა. ასევე ნახევარმცველია გუნდის კაპიტანი იოზეფ პიაჩეკი.

გუნდის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია ვლადიმირ ლეიტნერი - 38 წლის მარცხენა მცველი სლოვაკეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა ძირითად თერთმეტეულში აღარ მოიაზრებენ.   

"ჟილინამ" 3 დღის წინ ორი ტესტ-მატჩი გამართა ჩეხურ "სიგმასთან". სლოვაკებმა ოპტიმალური შემადგენლობით 2:0 მოიგეს (გოლები: პიაჩეკი, მაიტანი), ხოლო მეორე გუნდმა 0:4 წააგო.

მოგებულ მატჩში შემადგენლობა ასეთი იყო: ლე გიანი, მაბუკა, პიაჩეკი (ვავრო 70), კრიალიკი, ჩესაი, პეჩოვსკი, პაური, სკვარკა, პიჩი, მაიტანი (ნუნიესი 80), კუბა.

კიდევ ის ვთქვათ, რომ ჟილინას სტადიონი "პოდ დუბნიომი" 10800 მაყურებელს იტევს. კლუბი უეფას რეიტინგში 117-ე ადგილზეა.

0.143748