ფეხბურთი

10:16 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟეზუში: „ტიტულს ვიმსახურებდით“

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე ჟეზუშმა უეფას ევროპის ლიგის ფინალში „სევილიასთან“ პენალტების სერიაში წაგების (2:4) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედგაცრუებული დარჩა, რადგან დამარცხდა ის გუნდი, რომელიც გამარჯვებას იმსახურებდა.

„ბრწყინვალე ფინალი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი და დამატებითი დრო გოლების გარეშე გაილია. გახსნილი თამაში იყო, რომელშიც თავიდან უპირატესობას ჩვენი მეტოქე - „სევილია“ დაეუფლა, მაგრამ სწრაფადვე ავართვით ინიციატივა და არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ ვერაფრით გავიტანეთ და საბოლოოდ ტიტულის გარეშე დავრჩით. არადა ამას მართლა ვიმსახურებდით. ჩემი ფეხბურთელების თავდადებული თამაშის გამო ტურინს მაინც ამაღლებული გრძნობით ვტოვებ. ახლა მთავარია ფინალი დავივიწყოთ და პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაზე გადავერთოთ“ - განაცხადა ჟოზე ჟეზუშმა.

„ბენფიკას“ თავკაცმა ასევე „სევილიის“ პორტუგალიელი მეკარის კარგი თამაში აღნიშნა, თუმცა  იქვე დასძინა, რომ ბეტუ პენალტების სერიაში დარტყმამდე რამდენიმე ნაბიჯით წინ გამოდიოდა, რაც წესების დარღვევაა.

0.117319