ფეხბურთი

20:21 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟერვინიო: “კოტ დ’ივუარი აფრიკაში კვლავ საუკეთესოა”

2014-15 წლების სეზონი “რომასთვის” და მისი კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელისთვის, ჟერვინიოსთვის კარგად დაიწყო. რომაელებმა ოთხივე ოფიციალური თამაში მოიგეს, ხოლო ჟერვინიომ 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 27 წლის თავდამსხმელმა FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. აფრიკელმა შემტევმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, “რომას” ამბიციებსა და კოტ დ’ივუარის ნაკრებზე ისაუბრა.

თქვენი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, შეგვიძლიათ ვივარაუდოთ, კოტ დ’ივუარის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენას უარყოფითად არ უმოქმედია.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი ოფში გასვლას ვგეგმავდით, მაგრამ საბერნეთთან მატჩის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანის გაშვებამ და 1:2 წაგებამ შორს წასვლის საშუალება არ მოგვცა. ვცდილობდით, იმედგაცრუება ოჯახებთან ერთად დასვენებით გაგვექარწყლებინა, მაგრამ ეს ადვილი არ ყოფილა. ახლა, საქმეები უკეთ მიდის. კლუბთან და ნაკრებთან ერთად ახალი მიზნების მიღწევაზე ვარ ფოკუსირებული. წინ აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი და “რომაში” ჩემი მე-2 სეზონია. ამ კლუბში თავს კომფორტულად ვგრძნობ და აქ თამაშს მომავალშიც ვაპირებ.

უკვე აღნიშნეთ, რომ რუდი გარსიამ, რომელსაც კარგად იცნობთ, თქვენს ადაპტაციაში დიდი როლი ითამაშა. რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის მას თქვენი და “რომას” წარმატებაში?

ის გულშემატკივრებს, ასევე კლუბში და მის გარეთ მყოფ სხვა ადამიანებსაც უყვართ. მას თავისი იდეების გადმოცემა და თამაშის თავისი სტილის დანერგვა შეუძლია, რაც ბურთის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ფლობას გულისხმობს. გარსიას გეგმების განხორციელებას ყველა ფეხბურთელი დაუყოვნებლივ შეუდგა და შედეგმაც არ დააყოვნა. მას პირველად 2007 წელს შევხვდი, როდესაც “ლე მანში” ვთამაშობდი. მასთან ერთად მუშაობა “ლილშიც” მომიწია, შემდეგ კი, “რომას” ჯერიც დადგა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ.

“რომა”, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, აქტიური იყო. თქვენმა კლუბმა ურბი ემანუელსონი, ხუან იტურბე, ეშლი კოული და კოსტას მანოლასი დაიმატა. არის იტალიის ჩემპიონატის მოგება თქვენი უმთავრესი მიზანი?

კლუბმა რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ახლა, კონკურენცია ყველა პოზიციაზე გვაქვს, რაც კარგია, რადგან რამდენიმე ტურნირზე თამაში გვიწევს. თუ უკან მოვიხედებით, ვნახავთ, რომ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოვიგეთ. წელს ყველაფერი შესაძლებელია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იტალიური კლუბები ევროტურნირებზე ვერ ბრწყინავენ. სერია A-ს დონე ინგლისის პრემიერლიგისგან ძალიან განსხვავდება?

ყველა ჩემპიონატს თავისი მახასიათებლები და განსხვავებული ტემპი აქვს. მითამაშია რა ლიგა ერთში და პრემიერლიგაში, ვერ ვიტყვი, რომ იტალიური ფეხბურთის დონე განსაკუთრებით დავარდა. ფაქტია, რომ სერია A კვლავ მიმზიდველია, რადგან გასულ ზაფხულში, ამ ლიგაში გადმოსვლა არაერთმა სახელოვანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა. ზოგიერთ კლუბს ევროტურნირებზე პრობლემები აქვს, მაგრამ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ და ეს სურათი შევცვალოთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს არ გაგიმართლათ. “რომა” “ბაიერნთან”, ცსკა-სთან და “მანჩესტერ სიტისთან” მოხვდა. მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებთ?

მართლაც ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ უსახელო გუნდი არც “რომაა”. ჯგუფიდან გასვლის იმდენივე შანსი გვაქვს, რამდენიც დანარჩენ სამ კლუბს. მართალია, “რომამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 4 წლის წინათ ითამაშა, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ ტურნირს კარგად იცნობენ. მათ გამოცდილებას გამოვიყენებთ. ძალიან იმედიანად ვართ.

დიდიე დროგბას მიერ საერთაშორისო კარიერის დასრულების შემდეგ ნაკრები ისევ ოპტიმისტურადაა განწყობილი?

დიდიე ჩვენი კაპიტანი იყო. მან ევრონული ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა და მისი წასვლის შემდეგ გუნდში სიცარიელე დარჩა. ამაყი ვარ იმით, რომ მის გვერდით ვთამაშობდი. თუმცა, ის წავიდა და ჩვენ წინსვლა უნდა განვაგრძოთ. წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები გველის, მათ შორის აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი და იანვარში თავად აფრიკის თასი. სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.

როგორ ფიქრობთ, რა დაგაკლდათ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებისთვის?

ბოლო ტურში საბერძნეთის დამარცხებას და ჯგუფიდან გასვლას ვაპირებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ბოლო წამებზე დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გათამაშების მიღმა დაგვტოვა. ყველაფერი მცირე შეცდომებმა გადაწყვიტა. მათზე პასუხისმგებლობას ყველა ჩვენგანი ვიღებთ. ეს შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. უნდა ვაღიარო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნა მე განსაკუთრებით განვიცადე. ეს ტურნირი, ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებული იყო. ბრაზილია სინანულის გრძნობით დავტოვეთ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ კოტ დ’ივუარმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა?

მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. პირადად ჩემთვის, აფრიკის საუკეთესო გუნდი კვლავ კოტ დ’ივუარია.

რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერვ რენარი დაინიშნა?

ეს ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებაა, ჩვენ კი ყველა ახალწვეულს მივესალმებით. ახალ მწვრთნელთან გაცნობა ყოველთვის სასარგებლლოა.

გასული სეზონის წარმატებით ჩატარების შემდეგ, შედეგიანად თამაშს განაგრძობთ. კარიერაში საუკეთესო პერიოდი გიდგათ?

“რომაში” კარგი სეზონი მქონდა. ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, რაც ჩვენი მთავარი მიზანი იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზეც მაქსიმალურად დავიხარჯე. ახლა კი, ვცდილობ ასევე განვაგრძო.

რა არის ახალ სეზონში თქვენი მთავარი მიზანი?

უპირველესად, აფრიკის თასის მოგება. შემდეგ კი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვება. პრიორიტეტები ქრონოლოგიურადაა დალაგებული და არა იმის მიხედვით, თუ რომელს ვანიჭებ უპირატესობას.

0.12239