“ზუგდიდმა” მოგება გაიხსენა და “ტორპედოს” მცხეთაში 2:1 მოუგო. ეს იყო ზუგდიდელთა პირველი გამარჯვება 31 აგვისტოს შემდეგ. აქვე, ორივე გუნდის მწვრთნელთა მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი დარასელია: - დიდი ხანი ველოდით ამ მოგებას. ვიცოდით, რომ დაგვიფასდებოდა ის დიდი სამუშაო, რომელიც ბოლო პერიოდში გავწიეთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის.
- ორი ერთნაირი გოლი მეორე ტაიმის საწყის წუთებში – აშკარად შესვენებისას ჩანაფიქრს ჰგავდა.
- დამთხვევა ნამდვილად არ ყოფილა, რომ ორივე გოლი ერთნაირ სტილში გავიდა. დავალება იყო, რომ ფლანგები უკეთ გამოგვეყენებინა.
ჟერარდ სარაგოსა: - პირველ ტაიმში “ზუგდიდი”, ფაქტობრივად, არც გადმოსულა ჩვენს ნახევარზე. მართალია, მომენტები არც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით. მეორე ნახევრის დასაწისში ორი გოლი გავუშვით. დასანანი გოლები იყო, ამის შემდეგ კი ვუტევდით და ერთი ბურთი გავქვითეთ, მაგრამ მეტი ვერ შევძელით. საერთოდ, ძნელია გატანა, როცა მეტოქე 11 კაცით თავს იცავს. ეს ფეხბურთია და დღეს “ზუგდიდს” გაუმართლა.
- ნიკა საბანაძე რატომ არ იყო 18-კაციან განაცხადში?
- საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უყვარს.
რატომ არ უყვარს საბანაძეს ფეხბურთი და რა მოხდა, ამაზე სარაგოსას აღარაფერი უთქვამს. მოკლედ თქვა ეს სიტყვები და გასახდელისკენ წავიდა.





