“სანტიაგო ბერნაბეუ” ის სტადიონია, რომლისთვისაც სიტყვა “შეუძლებელი” არ არსებობს. მადრიდის “რეალის” საშინაო არენა 3-ჯერ გახდა მომსწრე ფაქტისა, როდესაც 3 ან მეტი ბურთის უპირატესობის მქონე სტუმარი გუნდი ესპანეთის დედაქალაქს ეწვია, შინ კი თავდახრილი დაბრუნდა.
პირველად ეს 1975-76 წლების სეზონში მოხდა. ჩემპიონთა თასის მე-2 ეტაპზე, “რეალმა” “დერბისთან” 1:4 წააგო, მაგრამ შინ 5:1 იმარჯვა. 1984-85 წლების სეზონში, უეფას თასის მე-3 ეტაპზე, “ანდერლეხტთან” პირველი თამაშის 0:3 წაგების შემდეგ, მადრიდელებმა შინ 6:1 მოიგეს. ერთი წლის შემდეგ, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, “სამეფო კლუბმა” გერმანიაში 1:5 წააგო, ხოლო ესპანეთში 4:0 მოიგო. იმ მატჩებში, მადრიდელთა მეტოქე “ბორუსია” იყო, ოღონდ არა დორტმუნდის, არამედ მიონხენგლადბახის. 1985 წელს, “სანტიაგო ბერნაბეუმ” კიდევ ერთი შემობრუნებული ორრაუნდიანი დაპირისპირება იხილა. ამჯერად, ნაკლებად ეფექტური, მაგრამ სწორედ იმ მადრიდული თამაშის დროს გაისმა ფრაზა, რომელიც “რეალის” გულშემატკივრებმა 28 წლის შემდეგ გაიხსენეს. უეფას თასის ნახევარფინალში, მილანში, “ინტერის” წინააღმდეგ, “რეალმა” 0:2 წააგო. განმეორებითი თამაშის წინ, მასპინძელთა ფეხბურთელმა, ხუანიტომ სტუმარი გუნდის მოთამაშეს, გრაციანო ბინის უთხრა: “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 90 წუთი ძალიან დიდხანს გრძელდება”. ის თამაში “რეალმა” 3:0 მოიგო.
დიდი ალბათობით, დღეს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 90 წუთი დიდხანს გაგრძელდება “დორტმუნდის” ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. დაახლოებით 85 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერით გაგულიანებული მადრიდელები სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდებიან. დღევანდელი მატჩის ფავორიტი “რეალია”, მაგრამ მიუხედავად უკვე ნახსენები ისტორიული დაპირისპირებისა, ფინალში გასვლის გაცილებით მეტი შანსი მაინც “დორტმუნდს” აქვს.
მიმდინარე სეზონში, “დორტმუნდმა” 3-ჯერ დაამტკიცა, რომ “რეალთან” თამაში შეუძლია. ჩემპიონთა თასის მეათედ მოსაგებად მომართულ მადრიდელებს, 3 თამაშიდან, იურგენ კლოპის გუნდმა 2 მოუგო, ხოლო ერთში, “რეალმა” ქულა გაჭირვებით მოიპოვა.
თამაშს “რეალი” კარგი განწყობით ხვდება. გასულ უქმეებზე, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მადრიდული დერბი მოიგეს, რისი წყალობითაც, მე-2 ადგილი შეიძლება ითქვს გაინაღდეს და გარდა ამისა, “ბარსელონას” საჩემპიონო ზეიმი მინიმუმ ერთი კვირით გადადეს. “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში, მოურინიომ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. ძირითად შემადგენლობას მიღმა დარჩნენ არბელოა, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ალონსო, იოზილი, რონალდუ და იგუაინი, რომლებიც დღეს, სავარაუდოდ, პირველივე წუთებიდან ითამაშებენ.
კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი დაასვენა იურგენ კლოპმა. იმ მოთამაშეებიდან, რომლებმაც “ფორტუნას” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, დღეს, მხოლოდ მატს ჰუმელსს უნდა ველოდეთ.
“რეალი” და “დორტმუნდი” ერთმანეთს მერვედ შეხვდებიან. წინა 7 თამაშიდან 3 ფრედ დასრულდა, ხოლო 2-2 გუნდებმა მოიგეს. მადრიდში, მასპინძლებმა 2-ჯერ იმარჯვეს და ერთხელ, მიმდინარე სეზონში, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
გერმანული გუნდების წინააღმდეგ გამართულ 51 თამაშში “რეალს” 21 მოგება, 10 ფრე და 20 მარცხი აქვს. ბურთების შეფარდება – 86:87. “რეალის” დონის გუნდისთვის, კარგი შედეგი ნამდვილად არაა. მადრიდში ჩატარებული 23 თამაშიდან, მასპინძლებმა 17 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. ამ 17 მოგებიდან, “რეალმა” 3-ჯერ იმ ანგარიშით იმარჯვა, რომელიც მადრიდელებს დღეს აწყობთ.
“დორტმუნდი” ესპანეთის წარმომადგენლებს 21-ჯერ დაუპირისპირდა. გერმანელებს 7-7 მოგება, ფრე და მარცხი აქვთ. ბურთების შეფარდება – 27:25. ესპანეთში ჩატარებული 9 თამაშიდან “დორტმუნდმა” 1 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. დორტმუნდელებს ესპანურ გუნდთან არასდროს წაუგიათ იმ ანგარიშით, რომელიც იურგენ კლოპის გუნდს ფინალს მიღმა დატოვებს.
გუნდებს სერიოზული საკადრო პრობლემები არ აქვთ. “რეალს” მარსელო ვერ დაეხმარება, მაგრამ მიმდინარე სეზონში, მადრიდელთა ძირითადი მარცხენა მცველი არა ბრაზილიელი, არამედ ფაბიუ კოენტრაუა. საეჭვო იყო კრიშტიანუ რონალდუს თამაში, მაგრამ პორტუგალიელმა გამოჯანმრთელება მოასწრო. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს უბრუნდება ალვარო არბელოა. შედეგად, სერხიო რამოსის დაცვის ცენტრში თამაშსა და პეპეს სათადარიგოთა სკამზე აღმოჩენას უნდა ველოდეთ.
იურგენ კლოპი, სავარაუდოდ, იგივე თერთმეტეულს გამოუცხადებს ნდობას, რომელიც მან პირველ მატჩში ათამაშა. ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა ლუკაშ პიშჩეკის საკითხი, მაგრამ დიდი ალბათობით, პოლონელი მარჯვენა მცველი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
- “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ თამაშობს. მადრიდელები წინა ორ შემთხვევაში ფინალს მიღმა დარჩნენ. გასულ სეზონში, “სამეფო კლუბი” ასპარეზობას გერმანულმა გუნდმა გამოთიშა;
- ჩემპიონთა ლიგაზე, ფლეი ოფის პირველ მატჩში 1:4 წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთადერთმა გუნდმა მოახერხა. ეს ესპანურმა “დეპორტივომ” შეძლო, რომელმაც “მილანს” განმეორებით მატჩში 4:0 მოუგო;
- მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში ჩატარებული 5 თამაშიდან “რეალმა” 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
- მას შემდეგ, რაც “რეალი” ჟოზე მოურიომ ჩაიბარა, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში, 14-ჯერ მოიგეს. აქედან 9 თამაშში დაფიქსირებულ შედეგს “სამეფო კლუბი” შემდეგ ეტაპზე გაჰყავს, ხოლო 2 მატჩის ანგარიშის განმეორების შემთხვევაში, დამატებითი დრო ინიშნება;
- გერმანულ გუნდებთან ჩატარებული 18 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “რეალმა” 11 მოგიო;
- “რეალი” ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში 24-ედ ითამაშებს. წინა 23 შემთხვევიდან, მადრიდელებმა ფინალში გასვლა 12-ჯერ მოახერხეს;
- იურგენ კლოპმა გუნდი ნახევარფინალში პირველად გაიყვანა, ხოლო ჟოზე მოურინიომ ამ ეტაპამდე მეშვიდედ მიაღწია. წინა 6 შემთხვევიდან, პორტუგალიელმა გუნდი ფინალში 2-ჯერ გაიყვანა;
- “რეალმა” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი, გასვლითი თამაში 36-ჯერ წააგო. მადრიდელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა 22-ჯერ მოახერხეს;
- “რეალისთვის”, ფლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ, 3 ან მეტი ბურთის სხვაობის ამოქაჩვა სიახლე არაა. ეს მადრიდელებმა აქამდე 3-ჯერ მოახერხეს: “დერბისთან” (1:4, 5:1), “ანდერლრეხტთან” (0:3, 6:1) და “გლადბახთან” (1:5, 4:0);
- ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე “რეალს” 399 გოლი აქვს გაშვებული;
- 11 თამაშში გატანილი 12 გოლით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო 18 თამაშში მან 21 გოლი გაიტანა;
- თუ დღეს კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის კარის აღება მოახერხა, პორტუგალიელი გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 თამაშში გაიტანა;
- მთელი მადრიდული კარიერის განმავლობაში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ 96 თამაშში რონალდუმ 107 გოლი გაიტანა;
- მიმდინარე გათამაშებაში, “რეალმა” კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
- განვლილ 11 თამაშში, მადრიდულმა გუნდმა 18 გოლი გაუშვა, რაც ნახევარფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
- ალვარო არბელოა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მოედნიდან 2-ჯერ გააძევეს;
- ყველა ტურნირის თამაშების გათვალისწინებით, “რეალს”, საკუთარ კედლებში, 40-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში ჩატარებულ 26 თამაშში “რეალმა” 78 გოლი გაიტანა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 3 ბურთს უდრის. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში, “რეალს” 3 ან მეტი გოლი გააქვს;
- 2011 წლის დეკემბრიდან ერთი კვირის წინათ გამართულ დაპირისპირებამდე, “რეალს” ერთზე მეტი ბურთის სხვაობით არ წაეგო;
- “რეალი” ყველაზე სახიფათო თამაშის ბოლო წუთებშია. 75-ე წუთიდან 90-ე წუთამდე, მადრიდელებმა 7 გოლის გატანა მოახერხეს;
- “დორტმუნდი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში არ წაუგია;
- “დორტმუნდს”, მიმდინარე სეზონში, ესპანური გუნდის გათამაშებიდან გამოთიშვის გამოცდილება უკვე აქვს. 1/4-ფინალში, იურგენ კლოპის გუნდმა “მალაგა” დაამარცხა;
- “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1998 წლის შემდეგ პირველად თამაშობს. 15 წლის წინათ, გერმანელებმა “რეალთან” წააგეს;
- რობერტ ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალის” კარში 4 გოლის გატანა მოახერხა;
- ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 6 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “დორტმუნდმა” 4 მოიგო;
- “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ თამაშობს და ფინალში მეორედ გასვლას ცდილობს;
- “დორტმუნდმა”, აქამდე, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი, საკუთარ კედლებში, 14-ჯერ მოიგო. გერმანელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ერთხელ ვერ მოახერხეს. 1998 წელს, “ბრიუგესთან” 3:0 მოგების შემდეგ, “დორტმუნდმა” ბელგიაში 0:5 წააგო;
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რობერტ ლევანდოვსკიმ 10 გოლი გაიტანა, რაც კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, საუკეთესო შედეგია;
- მიმდინარე გათამაშებაში, “დორტმუნდის” ფეხბურთელებმა მხოლოდ 10 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც ტურნირს შემორჩენილ გუნდთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ნახევარფინალისტებს შორის, “დორტმუნდი” ერთადერთი გუნდია, რომლის ფეხბურთელიც მოედნიდან არ გაუძევებიათ;
- “დორტმუნდი” ყველაზე სახიფათო პირველი ტაიმის მიწურულსაა. 31-დან 45-ე წუთამდე, გერმანელებმა 8 გოლი გაიტანეს;
- ევროტურნირების ფლეი ოფებში აქამდე დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, პირველ მატჩში 4:1 მოგება “დორტმუნდს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 88.1%-იან შანსს აძლევს.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): ლოპესი, არბელოა, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია, იოზილი, რონალდუ, იგუაინი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, ბენდერი, კუბა, გიოტცე, როისი, ლევანდოვსკი.
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).