გულშემატკივრის სვეტი

10:47 | 10.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე“ ჩემპიონია! მაგრამ, გვახსოვდეს “მილანიც“!

გასულ წლებში, როდესაც ტურინის “იუვენტუსი“ საკუთარ თავს არ ჰგავდა და, “კალჩოპოლის“ სკანდალის მძიმე შედეგებს იმკიდა, იტალიური ფეხბურთისადმი ბევრ ქომაგს გაუცივდა გული. სერია A, რასაკვირველია, მარტო ტურინული კლუბი არაა და აპენინებზე კიდევ არაერთი დიდი და მრავლისმომსწრე კლუბი არსებობს, მაგრამ “უიუვენტუსო“ იტალია ბევრი ქომაგისათვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ანტონიო კონტემ, ტურინული გუნდის გაჩემპიონობით,  მთელს მსოფლიოში მცხოვრები ტურინის “იუვენტუსის“ ასეულათასობით ქომაგის გარდა, ის ადამიანებიც გაახარა, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის ოდინდელ პეწსა და დრამატულობას მისტიროდნენ. მილანური კლუბების ბოლო წლების ჰეგემონიის დაღვევაში ლომის წილი რასაკვირველია პერსონალურად ანტონიო კონტეს მიუძღვის, თუმცა წელს ”ზებრების” ქომაგებმაც მართლაც რომ საოცრად უერთგულეს საყვარელ კლუბს.  უსამართლობა იქნება, “მილანის“ მხრიდან ღირსეულ კონკურენციაზეც რომ არ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მასიმილიანო ალეგრი, თავისი ტურინელი ვიზავის დარად, იმ ახალგაზრდა იტალიელ მწვრთნელთა თაობას მიეკუთვნება, რომლებმაც უკვე დაამსხვრიეს მითი, თითქოსდა, სერია A-დან კარლო ანჩელოტის, არიგო საკის, ფაბიო კაპელოს და მათი თაობის მწვრთნელების წასვლით, იტალიაში დიდი მწვრთნელების ერა საბოლოოდ დასრულდა. მასიმილიანო ალეგრი განსაკუთრებულ ქებას თუნდაც იმიტომ იმსახურებს, რომ მისმა “მილანმა“ გადაბერებული და ბევრის თვალში უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელებით “იუვენტუსისათვის“ ღირსეული კონკურენციის გაწევა შესძლო და არც ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე შეურცხვენია თავი. ხოლო, თუკი გამოჩნდება ვინმე, ვინც  ალეგრის გუნდს ძლევამოსილ “ბარსელონასთან“ გამოვარდნის გამო დაძრახავს, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ასეთ კაცს ობიექტურობასთან ძალიან ნაკლები კავშირი შეიძლება ჰქონდეს.
 “მილანი“, გარდა იმისა, რომ თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესს განიცდის, ბოლო პერიოდში ასევე უწევს “ბერლუსკონური წარმოდგენებისაგან” თავის დაღწევაც. “მილანის” ბოლო პერიოდის წარმატებებს ხომ, გვინდოდა თუ არა, მაინც ბერლუსკონის ოდიოზურ ფიგურამდე მივყავდით. ახლა კი, როდესაც ბერლუსკონი იტალიის პოლიტიკიდან დაიფრინეს, “მილანსა“ და მილანური კლუბის ქომაგებს, საფეხბურთო მეტოქეების გარდა, სილვიოს პოლიტიკური რევანშისტების მოგერიებაც და იმის დამტკიცებაც უწევთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ კლუბის მფლობელი, “მილანი“ თავის სახელს ყოველთვის შეინარჩუნებს და ეს შარშანდელმა იტალიის ჩემპიონატმაც დაადასტურა.
 თუმცა, 2012 წელი უდავოდ ანტონიო კონტეს წელია. ამ უცნაურმა მაგრამ ნამეტნავად კრეატიულმა კაცმა შესძლო ის, რაც თავის დროზე თვით მარჩელო ლიპიმ და ფაბიო კაპელომაც კი ვერ გააკეთა. “იუვენტუსს“ მთელი ჩემიონატის მანძილზე არც ერთი შეხვედრა არ წაუგია! წლების წინ, როდესაც თბილისის ”დინამო” საქართველოს ჩემპიონატის მუდმივი ფავორიტი იყო, ალბათ ყველას გვახსოვს საფეხბურთო სეზონები, როდესაც ”დინამო” წაუგებელ მატჩთა სერიას-სერიაზე ”აცხობდა”. მაშინ მეგონა, რომ ასეთი დაუმარცხებელი კლუბები მხოლოდ ისეთ ჩემპიონატებში უნდა ყოფილიყვნენ, სადაც ერთი ”სუპერგუნდის” დონე ბევრად აღემატებოდა დანარჩენი კლუბების დონეს. მაგრამ, ჩემპიონატში სადაც ისეთი კარგი და საინტერესო კლუბები გამოდიან, როგორებიც: ”მილანი”, ”ინტერი”, ნაპოლი”, ”უდინეზე”, ”ლაციო” და ”რომა” არიან, ვერავინ იტყვის, რომ სეზონის დაუმარცხებლად ჩატარება ადვილი და იოლად მიღწევადი შედეგია. ასეთი რამ მხოლოდ დიდ მწვრთნელებს შეუძლიათ! სწორედ ამიტომ, ტურინელი გულშემატკივრების მსგავსად, მეც მჯერა, რომ ანტონიო კონტემ, დიდ მწვრთნელობაზე უკვე საფუძვლიანი განაცხადი გააკეთა და მასიმილიანო ალეგრის მხარდამხარ, შეუდგა იმ საპატიო ტვირთის ზიდვას რასაც იტალიური ფეხბურთის მომავალი შეგვიძლია ვუწოდოთ.
 წლევანდელი იტალიის ჩემპიონატი რომ მართლაც გამორჩეული იყო, ამაზე ალბათ არავინ იდავებს. თუმცა, იტალია რისი იტალია იქნებოდა, ყოვლად წარმოუდგენელი ამბებიც რომ არ ხდებოდეს. ალბათ ხვდებით ამ ”ყოვლად წარმოუდგენელ ამბებში” რასაც ვგულიხსმობ. ფლორენციის ”ფიორენტინას” მწვრთნელის, დელიო როსის მიერ, ”ფიორენტინას” სერბი ფეხბურთელის, ადამ ლაიჩის მიტყეპვა (რაც დელიოს კლუბიდან წასვლად დაუჯდა) კიდე ერთხელ ცხადყოფს, რომ კალჩიოში ჯერ ისევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის გინებითა და მუშტი-კრივით საქმის გარჩევები იტალიურ ფეხბურთს კარგს არაფერს მოუტანს. თუმცა დელიო როსი, ალეგრისა და კონტესგან განსხვავებით, ალბათ მაინც წარსულია.
 წინ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატია. იმის შემდეგ კი, ევროპულ საკლუბო ტურნირებში ახალი სეზონი დაიწყება. მასიმილიანო ალეგრისა და ანტონიო კონტეს შესაძლებლობების საუკეთესო საზომი კი ალბათ მაინც ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს. ახლა კი ჯობია ვაღიაროთ ”იუვეს” ღირსეული ჩემპიონობა და ვაცალოთ ტურინელებს ზეიმი. მით უმეტეს, რომ მათ ეს მართლაც დაიმსახურეს!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

   
 

0.106024