ბოლო სეზონები: აგონია
“იუტაში” დიდი ხნის განმავლობაში იმედებს ამყარებდნენ დერონ უილიამსისა და კარლოს ბუზერის წყვილზე, თვლიდნენ, რომ მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ისეთივე ლეგენდარული დუეტი, როგორც ეს, თავის დროზე, ჯაზმენთა შემადგენლობაში ჯონ სტოქტონმა და კარლ მელოუნმა შეძლეს, მწვრთნელიც ხომ, როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯამადაც ჯერი სლოუნი გახლდათ. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, იმედების მთებმა ნელ-ნელა ჩამოშლა დაიწყეს. ჯერ კარლოს ბუზერმა დატოვა გუნდი და ჩიკაგოში გადაბარგდა, რამაც დერონ უილიამსაა და სლოუნს შორის განხეთქილება გამოიწვია. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშე ვარსკვლავის მხარე დაიჭირა და ლეგენდარული მწვრთნელი გაანთავისუფლა სამსახურიდან, თუმცა დერონს მაინც არ ეპატია ეს ამბავი და პირველივე შესაძლებლობისთანავე, გუნდის ძირითადი გამთამაშებელი “ბრუკლინში” გაცვალეს დუეინ ჰარისში, დერიკ ფეივორსში, დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანსა და 3 მილონ დოლარში. ასეთი დანაკარგების ფონზე, ყველას ეგონა, რომ კლუბი, მინიმუმ 3 წელი ღრმად ჩაყვინთავდა საკლათბურთო ფსკერზე, მაგრამ გასულ სეზონში, სოლტ ლეიკ სიტელებმა შეუძლებელი შეძლეს და პლეი ოფში გააღწიეს. კლუბში ახალი ერა იწყება.
მთავარი მწვრთნელი: ტაირონ კორბინი
“იუტა ჯაზში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერი სლოუნი შეცვალო, ურთულესი საქმეა და თან, ფსიქოლოგიური ზეწოლაც ორმაგდება. საკალთბურთო სპეციალისტებიც უდიდესი სკეპტიციზმით შეხვდნენ ტაირონ კორბინის გუნდში დანიშვნას, თუმცა მან, ბოძებული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. პირველსავე სეზონში საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა როგორც კლუბში არსებულ ახალგაზრდა კონტინგენტს შორის, ასევე ჯაზმენების ხელმძღვანელობასთან. მის მიერ აწყობილი ახალგაზრდული გუნდი სწრაფ და სიმპათიურ კალათბურთს თამაშობს, რომელიც უბრძოლველად არავის ნებდება. კორბინს ძალიან კარგი წინა ხაზი ჰყავს: პოლ მილსაპი, ელ ჯეფერსონი, დერიკ ფეივორსი და ენეს კარტერი. სწორედ მათ ირგვლივ ააწყო ახალი გუნდი და მათაც გაუმართლეს იმედები - დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფში გააღწიეს, სადაც პირველსავე რაუნდში დამარცხდნენ გრეგ პოპოვიჩის “სან-ანტონიოსთან”, მაგრამ ეს ფაქტი არანაირად არ აკნინებს ტაირონის მიღწევებს.
ახალი იმედი: დერიკ ფეივორსი
ფეივორსს გუნდის ლიდერის სტატუსი არც გუშინ მოუპოვებია და არც 1 კვირის წინ, არამედ, პლეი ოფში კონფერენციის ერთ ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაშისას დაამტკიცა, რომ გუნდის ლიდერია. ერიკი შესანიშნავად მოქმედებდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და საკუთარი თამაშით მაგალითს აძლევდა მთელ გუნდს. 208 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელი, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, კარიერის განმავლობაში საშუალოდ მატჩში 8,2 ქულას, 5,3 მოხსნას და 1 დაფარებას ასრულებს, რაც, დაგვეთანხმებით, არც თუ ისე ურიგო შედეგია. 2012-13 წლების სეზონიდან, “იუტა” პირადად მისი გუნდი გახდება. დერიკის პროგრესი პირდაპირ პროპორციულად იქნება დამოკიდებული გუნდის დადებით რეზულტატზე.
http://www.youtube.com/watch?v=-SKYpEVkiSA
მთავარი იმედი: კევინ ოკონორი
დღესდღეობით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არსებული გენერალური მენეჯერების 90%, კლუბში არსებული ასეთი მცირე ფინანსური შესაძლებლობების ფონზე ვერაფერს გააწყობდნენ და “იუტა” ფსკერზე დაეშვებოდა, მაგრამ არა კევინ ოკონორის შემთვხვევაში. ჯაზმენების მთავარ მენეჯერს, არც დიდი ფულადი შესაძლებლობები აქვს, არც სახელოვანი მთავარი მწვრთნელი ჰყავს კლუბში და არც გუნდში არსებული კონტინგენტია დაკომპლექტებული ვარსკვლავებით, მაგრამ ჯიუტად მიათრევს გუნდს წარმატების მწვერვალებისაკენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მმართველობის და სატრანსფერო ბაზარზე ქმედების სწორმა ცოდნამ და ნიჭმა, შეიძლება უამრავი პრობლემა გადაწონოს. საინტერესოა, რა მოხდებოდა კევინი კონფერენციის რომელიმე უმდიდრესი გუნდის მენეჯერი რომ ყოფილიყო და გუნდი ვარსკვლავებით სავსე ჰყოლოდა? ამაზე დასკვნები თქვენთვის მომინდია.
მეხუთე ბორბალი: ელ ჯეფერსონი
ძალიან იშვიათად შეხვდებით ასეთ პროდუქტიულ ცენტრს, როგორიც ელ ჯეფერსონი გახლავთ. მძიმე ტრავმის შემდეგ, იგი სრულიად მომჯობინდა და აშკარაა მისი პროგრესი ყველა საკალათბურთო ასპექტში. ჯეფერსონს არასდროს ჰქონია სოლიდური დამცველის სახელი ნბა-ში, თუმცა მისი აგრესიულობა შეტევაში, ყველა მინუსს წონის. იგი შედეგიანია თითქმის ყველა მატჩში, მაგრამ ლიდერის თვისებებით არასდროს გამოირჩეოდა. სოლტ ლეიკ სიტურ კლუბში დღევანდელი მდგომარეობით, იგი უკვე აშკარად ხელს უშლის განვითარებაში გუნდის ორ ახალ მომავალს, დერიკ ფეივორსსა და თურქ ენეს კანტერს. სავარაუდოდ, ელი თებერვალში დატოვებს ჯაზმენებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, თუმცა მანამდე, სრულად დაიხარჯება, რათა სხვა გუნდის გენერალურ მენეჯერებს მაქსიმალურად მოაწონოს თავი და კარგი კონტრაქტიც გააფორმოს.
http://www.youtube.com/watch?v=MWm3foYmIGA
X ფაქტორი: გორდონ ჰეივორდი
გორდონს სურს, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღოს მონაწილეობა. “ჯაზმენების” ხელმძღვანელობა კი, თავისმხრივ, ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ჰეივორდს, რათა მან პროგრესირება მოახდინოს. სპეციალურად მომავალი სეზონიდან, იგი მსროლელის პოზიციაზე გადმოიყვანეს, რათა საკუთარი სიმაღლის უპირატესობა წარმატებით გამოიყენოს სხვა გუნდების ორ ნომრებთან. გაცილებით უფრო ხშირად მიუვა ბურთი და მეტჯერ მოუწევს შეტევების დაგვირგვინება. იგი ხომ ძალიან ეფექტური პროცენტული მაჩვენებლით ისვრის, ტყორცნის განხორციელება შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია მისი პოზიციის მოთამაშისათვის. ასევე ძალუძს დრიბლინგის ხარჯზე შევიდეს 3 წამიან ზონაში და იქიდან დააგროვოს ქულები. ჯერჯერობით, “ჯაზმენებს” აქვთ მასზე ექსპერიმენტების დრო და საშუალება, სანამ ჰეივორდს 25 წელი არ მიუკაკუნებს.
http://www.youtube.com/watch?v=LxL3mYMwgZU
სასტარტო ხუთეული: მო უილიამსი, გორდონ ჰეივორდი, მარვინ უილიამსი, პოლ მილსაპი, ალ ჯეფერსონი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები; ჯეფერსონი- 18,3
მოხსნები: ჯეფერსონი – 9,3
გადაცემები; მო უილიამსი – 4,2
ჩაჭრები: მილსაპი – 1,8
დაფარებები: ფეივორსი – 1,6
დაკარგვები: მო უილიამსი – 2,3
დასკვნა: ტაირონ კორბინი მძიმე არჩევანის წინაშე დგას სეზონის წინ. გუნდის მომავლად მიჩნეული ორი ახალგაზრდა მოთამაშე (ფეივორსი, კარტერი), სათადარიგოთა სკამზე ზის და სათამაშო დრო ეზღუდებათ, რადგან თამაშში მაშინ ერთვებიან, როცა გუნდის ორი ამჯამინდელი ლიდერი (მილსაპი, ჯეფერსონი) უნდა შეცვალონ. თუ მოახერხა და მთავარმა მწვრთნელმა ეს პრობლემა წარმატებით გადაჭრა, მაშინ, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში “იუტა” გაიმეორებს თავის შარშანდელ მიღწევას და გააღწევს პლეი ოფში მერვე ადგილით, მაქსიმუმ, შეძლოს და მეშვიდეზე ჩაამთავროს რეგულარული, მაგრამ ეს ადგილები გარანტირებულად იძლევიან პირველსავე რაუნდში “სან-ანტონიოს”, “ოკლაჰომას”, ან “ლეიკერსთან” შეხვედრის შესაძლებლობას. თუმცა ჯაზმენებს შეუძლიათ დააგროვონ მათთვის ასე საჭირო საპლეიოფო გამოცდილება, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
გიორგი ბარბაქაძე