„მაინცსა“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“ წარმატებული სადამრიგებლო კარიერის წყალობით იურგენ კლოპი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. კლოპს ინტერვიუ ფიფა-ს ვებგვერდმა ჩამოართვა და დორტმუნდელთა თავკაცმა ჟურნალისტის კითხვებს საინტერესო პასუხი გასცა.
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს, თქვენ სადამრიგებლო საქმიანობაში ემოციას დიდი როლი ენიჭება?
- გუნდის ნაწილი ვარ, თანაც, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ ვიღებ. ფეხბურთელებს ისე ვეპყრობი, როგორც კოლეგებს. მაგრამ თუკი რომელიმე მოთამაშე შემადგენლობას ან საასპარეზო ტაქტიკას არ დაეთანხმება, სერიოზულ შეცდომას დაუშვებს. აი, საფეხბურთო მინდვრის ფარგლებს გარეთ კი ჩემთან ურთიერთობა იოლია.
- სადამრიგებლო კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად რომელ მატჩი იქცა?
- გერმანიის 2012 წლის თასის ფინალს გამოვარჩევდი. „ბაიერნთან“ დაპირისპირებას მთელი სათამაშო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რესურსი შევალიეთ. იგივე შემიძლია ვთქვა მიუნხენელების წინააღმდეგ ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაზეც. „ბორუსიამ“ დაამტკიცა, „ბაიერნთან“ ტოლსწორად თამაში რომ შეუძლია. ამასთან, არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც „მაინცთან“ ერთად ბუნდესლიგის საგზური მოვიპოვე.
- რომელიმე ფეხბურთელის გუნდში დამატების საშუალება რომ მოგეცეთ, რომელ მოთამაშეს აიყვანდით „ბორუსიაში“?
- ლიონელ მესის. დროთა განმავლობაში მისი თამაში სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება.
- მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს სად მიადევნებთ თვალს?
- ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სად ვიქნები მუნდიალის მსვლელობისას, ერთს კი დანამდვილებით მოგახსენებთ – მსოფლიო პირველობის მსვლელობისას ბრაზილიაში არ გავემგზავრები. საფეხბურთო სამყაროში საკმარისზე მეტად ცნობადი ფიგურა ვარ, ამიტომაც ამგვარ დიდ ტურნირს „ჩემ გემოზე“ არავინ მაყურებინებს.
- მუნდიალის ფავორიტად რომელ ნაკრებს თვლით?
- 2 ეროვნულ გუნდს გამოვარჩევდი – ბრაზილიას და გერმანიას. ტურნირის მასპინძლებს მაყურებლის აქტიური მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ. ბრაზილიელებმა კონფედერაციათა თასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდს ფავორიტთა რიგს დაუფიქრებლად მივაკუთვნებ. მაღალია იოაჰიმ ლიოვის ბუნდესმანშაფტის სამუნდიალე პერსპექტივაც.
- შეგიძლიათ საკუთარი თავი გერმანიის ნაკრების დამრიგებლად წარმოიდგინოთ?
- მაცდური აზრია, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლებად მხიბლავს. ჩვენ ეროვნულ გუნდს ამჟამად მეტად მაღალი რანგის სპეციალისტი უდგას სათავეში, მე კი „ბორუსიაში“ თავს მშვენივრად ვგრძნობ. ასე რომ, ჯერჯერობით ლიოვი და კლოპი თავთავიანთ ადგილებზე ვართ. ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუკი ჩემი სანაკრებო დონეზე მუშაობის დაწყების საკითხი მომწიფდება გერმანიის საფეხბურთო წრეებში, დავფიქრდები.