ჯაბა კანკავა გუშინ 24 წლის გახდა. “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს იუბილეს ულოცავს და ვუსურვებთ (და ჩვენც ვისურვებთ), ამიერიდან სხვაგვარი ინტერვიუ გვქონოდეს, უფრო ხალისიან და დადებით თემებზე. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობთ – კანკავა ტრავმირებულია და მარტო ახლა კი არა, 2008 წლის მაისიდან სულ მკურნალობაშია. არადა, უმრავლესობის აზრით, ჯაბა პოტენციურად საუკეთესო ქართველი საყრდენი ნახევარმცველია საქართველოში.
ფეხბურთელმა დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, რამდენიმე ტესტ-მატჩიც ჩაატარა, მაგრამ ისევ ძველი ტრავმა გაუმიზეზდა – მარცხენა ფეხის ნეკა თითის დაზიანება. “დნიპროს” საიტს ეწერა, გერმანიაში უნდა წავიდეს ოპერაციის გასაკეთებლადო, თუმცა ჯაბა თბილისშია და “მსოფლიო სპორტიც” დაუკავშირდა:
- სიმართლე ვთქვათ, გერმანიაში გვეგონე.
- არა, ვიზა ვერ ჩამირტყეს, პრობლემებიაო. თვის ბოლოს წავალ გერმანიაში და ვნახოთ, რას მეტყვიან. ოპერაცია ან დამჭირდება, ან არა.
- კი მაგრამ, ტკივილი არ გაწუხებს?
- მარცხენა ფეხს ძალიან თუ დავეყრდენი, მტკივა. ისე, სიარულში დიდად არ მიშლის ხელს, მაგრამ დატვირთვების მიღება არ შემიძლია. სირბილი და მითუმეტეს, ბურთთან კონტაქტი ჯერ გამორიცხულია. ნეკა თითის გადაბმის ადგილი მტკივა. სწორედ ამაზე გავიკეთე შარშან თბილისში ოპერაცია, მერე სამ თვეში ვარჯიში დავიწყე და ზამთარში “დნიპროში” რამდენიმე ტესტ-მატჩიც ვითამაშე, მაგრამ თებერვალში ისევ მეტკინა ნეკა თითის გადაბმის ადგილი.
- ანუ, გაგიმიზეზდა. მოტეხილი გაქვს თუ არა, არ იცი?
- თბილისში სურათი გადამიღეს და მოტეხილი მაქვს, თუ უბრალოდ წანაზარდია, დაზუსტებით ვერ მითხრეს. თებერვალში სიარულში მიშლიდა, ახლა აღარ მიშლის. თან ვფიქრობ, მოტეხილი რომ იყოს, ტკივილი არ მომასვენებდა. საკუთარ თავს ვაიმედებ, მაგრამ გერმანიაში მაინც უნდა ჩავიდე – დამიდგენენ, რა უნდა ვქნა. შესაძლოა, ოპერაცია არც დამჭირდეს. თუ მხოლოდ წანაზარდია, ალბათ, არც დამჭირდება.
- რა სიტუაციაში გაგიმიზეზდა ტრავმა?
- ვარჯიშის დროს. ბრძოლის მომენტი არ ყოფილა, ფეხი არავის ჩაურტყამს. ბედია ყველაფერი...
- ტრავმა ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია, მაგრამ შენ განსაკუთრებით გაგაწამა. ეს, იმის ბრალიც ხომ არაა, რომ უკრაინაში დიდი დატვირთვებია?
- არა, მაგის ბრალი ნამდვილად არაა. უბრალოდ, ეს ერთი ადგილი დამიზიანდა და აღარ მასვენებს.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში “დნიპროში” ვეღარ ითამაშებ?
- ასე გამოდის.
- ამდენი ტრავმის გამო, “დნიპროში” პრობლემებს ხომ არ გიქმნიან? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ცნობილია, ბევრი კლუბი უდიერად მოქცევია ფეხბურთელს. ყოფილა შემთხვევები, კონტრაქტიც გაუწყვეტიათ.
- კონტრაქტის გაწყვეტის უფლება იურიდიულად არც აქვთ და რომც ჰქონდეთ, დარწმუნებული ვარ, ასე არ მომექცეოდნენ. კლუბის ხელმძღვანელობისგან და მწვრთნელ-ფეხბურთელებისგანაც მხარდაჭერას ვგრძნობ. “დნიპროს” გენერალური დირექტორი ანდრეი სტეცენკო ხშირად მეხმიანება და მამხნევებს.
- “დნიპროში” ვარჯიში დაიწყო ბექა გოცირიძემ. ალბათ, ეხმიანები – სრული დატვირთვით ემზადება?
- ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა, “დნიპროს” დუბლებში ვვარჯიშობო. რამდენად დატვირთული წვრთნა აქვს, არ ვიცი. ბექა ჩემზე არანაკლებად დაიტანჯა. მოკლედ, ერთმანეთს ვეცვლებით: ხან ისაა დამტვრეული, ხან მე...
- ესტონეთთან 3 მარტის სანაკრებო მატჩისთვის გამოძახებული იყავი. 2008 წლის მერე, ნაკრებში თამაში არ გეღირსა და ალბათ, ძალიან მოგენატრა...
- ერთი სული მქონდა, ესტონეთთან მეთამაშა. სამწუხაროდ, ამჯერადაც ტრავმა... უკვე დავიტანჯე, მაგრამ თავს მოვერევი და მჯერა, ეს დათარსული პერიოდიც გაივლის.
ილია ნანობაშვილი







