ლადო დვალიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა ვარშავის "ლეგიას" მაისურით. პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი შინ აგებდა აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფ "პოგონთან", თუმცა 3:1 იმარჯვა და 7 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარ "ლეხს", თუმცა ამ გუნდს კვირას სათამაშო აქვს.
დვალიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გოლსაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგად ითამაშა. 54-ე წუთზე ლადომ გამოიმუშავა პენალტი, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გოლად აქცია. 58-ე წუთზე კი ქართველმა ფორვარდმა შეაგდო 11 მეტრიდან და "ლეგია" დააწინაურა. ბოლოს კი ვარშაველებმა კიდევ ერთი გაიტანეს და ჰანდიკაპით იმარჯვეს.
ეს დვალიშვილის მე-11 გოლია ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში - ამდენივე აქვს დემიანს ("პოდბესკიზიე"), ხოლო ლიდერი დანიელ ლიუბოიაა ("ლეგია") 12 ბურთით. მთლიანად, ჩემპიონატ-თასიანად კი, ქართველს 16 გოლი აქვს აქტივში.
სხვათა შორის, 20 აპრილი ლადოს დაბადების დღეა. ის 27 წლის გახდა. "მსოფლიო სპორტი" დვალიშვილს ულოცავს, დიდხანს სიცოცხლესა და ბედნიერებას უსურვებს!