ძნელად წარმოსადგენია ევროპული ფეხბურთი იტალიის გარეშე. იტალიური კლუბები და ”სკუადრა აძურა” ხომ ათწლეულების მანძილზე ევროპული ფეხბურთის მთავარ ავანგარდში იდგნენ და მათ მიერ მოპოვებულია არაერთი ტიტულიც ცხადყოფს, რომ იტალიური ფეხბურთი ”ბებერ კონტინენტზე” ყოველთვის განსაკუთრებული იყო. თუმცა, ბოლო წლების მანძილზე რაც ”კალჩოში” ხდება, მხოლოდ ერთი სიტყვით: ”რეგრესით” ვერ აიხსნება.
ჩაწყობილ თამაშებში და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით, იტალიელმა სამართალდამცავებმა 19 იტალიელი ფეხბურთელი დააკავეს. იტალიის პროკურატურაში კი ამბობენ, მინიუმუმ სამ ამდენზე კიდევ უნდა გავცეთ დაკავების სანქცია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ბრალეულობა იკვეთებაო. დამნაშავეთა შორის ისეთი ცნობილი ფეხბურთელიც კი აღმოჩნდა, როგორიც რომის ”ლაციოს” კაპიტანი, სტეფანო მაურია. თუმცა, კორუფციაში ძირითადად მაინც იტალიის რანგით მეორე ლიგის ფეხბურთელები და საფეხბურთო კლუბის ფუნქციონერები ამხილეს. საქმე იქითკენ მიდის, რომ შესაძლებელია 2006 წელი გამეორდეს და იტალიაში ახალი ”კალჩოპოლის“ საქმე დაიწყოს. თუ ეჭვები გამართლდა, ადვილი შესაძლებელია, რომ სერია A-ს რამდენიმე კლუბი ქვედა დივიზიონშიც გაისტუმრონ.
ფეხბურთის იტალიელი და არამხოლოდ იტალიელი ქომაგები სწუხან, რომ ”კალჩოპოლის” სკანდალიდან 6 წელი გავიდა და აპენინებზე მაინც ბევრმა ვერ ისწავლა ჭკუა. იტალიის პროკურატურის მისამართით სასაყვედურო არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ფაქტია, რომ პროკურატურა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით მოქმედებს. მაგრამ, სად არიან ის ადამიანები, რომლებსაც იტალიურ ფეხბურთში ჭკუა მოეკითხებათ? სად გაქრნენ თუნდაც უბრალოდ იტალიური ფეხბურთის პატრიოტი ადამიანები? ყველა ვხედავთ, რომ მხოლოდ ფეხბურთელების დაკავებით იტალიაში არაფერი იცვლება და ეს ყველაზე ნათლად იტალიური საკლუბო ფეხბურთის რეიტინგზე აისახება. ”ლიგა კალჩოს” რეიტინგში გუშინ ინგლისმა და ესპანეთმა გაასწრეს, დღეს გერმანიის ბუნდესლიგამ გაასწრო, ხვალ ალბათ მათზე წინ საფრანგეთი, რუსეთი და ჰოლანდია იქნებიან. რეგრესი კი გრძელდება და გრძელდება...
”ათი წლის წინ იტალიის ჩემპიონატში სულ სხვა სიტუაცია იყო. ყველა ცნობილი ფეხბურთელი იტალიაში თამაშზე ოცნებობდა და სერია A-ში თამაში დიდი პატივად ითვლებოდა. მაშინდელ ხელფასებსაც თუ გადავხედავთ, იტალიაში ფეხბურთელებს სხვა ჩემპიონატებზე დიდი ხელფასები ჰქონდათ და გულშემატკივრებიც მუდამ ავსებდნენ სტადიონებს. ახლა კი იტალიაში კარგი ფეხბურთელები აღარ მოდიან სათამაშოდ. ყველას ინგლისში და ესპანეთში თამაში ურჩევნია. ჩაწყობილმა თამაშებმაც მოიმატა. გამოსავალი კი არ ჩანს” – ეს იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, რობერტო ბაჯოს სიტყვებია, რომელიც სხვა იტალიელი ფეხბურთელების მსგავსად, მხოლოდ წუწუნით შემოიფარგლება. რეალურ ნაბიჯებს კი ჯერჯერობით არავინ დგამს.
იტალიურ ფეხბურთში აგორებულ ახალ სკანდალში ”მილანისა“ და “ჯენოას“ ყოფილი მცველის, ქართველი ფეხბურთელის, კახი კალაძის გვარმაც გაიჟღერა. დღეს კახი საქართველოში პოლიტიკური ფიგურაა და ზოგიერთმა ეს ამბავი კალაძის პოლიტიკურ ამბებთანაც კი დააკავშირა. საბედნიეროდ, იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ კალაძე იტალიაში მაქსიმუმ შეიძლება მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხოს. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი იტალიის პროკურატურამ და სასამართლომ კახი მოწმედ სპეციალურად გამოიძახა. ქართული ფეხბურთის ალბათ არც ერთ ჭეშმარიტ ქომაგს არ სურს, რომ ჩვენი ნაკრების ყოფილი კაპიტანის სახელი რაიმენაირად დაკავშირებული იყოს იმ სიბინძურესთან, რამაც ერთ დროს დიდებული იტალიური ფეხბურთი საშინელ დღეში ჩააგდო.
ევროპის ჩემპიონატი კარზეა მომდგარი და იტალიაში ატეხილ სკანდალს ეს კიდევ დამატებით ტრაგიკულობას სძენს. ჩეზარე პრანდელის “სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება და არაფერია იმაში მოსაწონი, რომ ევრომუნდიალზე მოთამაშე ფეხბურთელების მეგობრები და თანაგუნდელები გისოსებს მიღმა შეიძლება დასხდნენ. ყველაზე იმედიანი ტიფოზები კი დღევანდელ სიტუაციას 2006 წლის “კალჩოპოლის“ ადარებენ და ამბობენ, რომ როგორც 2006 წელს გახდა იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი, ისევე ამ სკანდალის შემდეგ იჩემპიონებს მათი საყვარელი გუნდი. ეს ყველაფერი მკითხაობაა და მეტი არაფერი. თუ იტალიაში კორუფციას რამე ვერ მოუხერხეს, ძნელია მომავალშიც კი რაიმე სერიოზულ წარმატებებზე ვილაპარაკოთ.
ლევან სეფისკვერაძე