რაგბი

17:13 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ საქართველოს მსაჯის დახმარებით აჯობა

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის მეორე, ფინალური ეტაპის მესამე მატჩში იტალიასთან 5:14 დამარცხდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი რეფერის მიუძღვის.

7-კაცას საქართველოში სათანადო ყურადღება რომ ვერ ექცევა და შესაბამისად მაღალი შედეგებითაც ვერ დავიკვეხნით, არახალია, მაგრამ ბუქარესტში კახა ალანიას შეგირდები იტალიასთან დამარცხებას ნაღდად არ იმსახურებდნენ. ბიჭები მონდომებული გავიდნენ მოედანზე, მაგრამ მსაჯი ქართველთა ქმედებაში ხშირ შემთხვევაში დანაშაულს ხედავდა და ბურთს მეტოქეს აძლევდა, უბურთოდ კი, მოგება წარმოუდგენელია.

ქართველებმა აქტიურად დაიწყეს თამაში პირველსავე წუთებზე ორი იერიში წამოიწყეს, მაგრამ მსაჯებმა ჯერ თორნიკე ცერცვაძეზე გვერდითი ხაზის გადაკვეთა, ხოლო მომდევნო იერიშისას გიორგი შკინინზე წინპასი დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, იტალიელები საკუთარი ნახევრიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ. საუცხოოდ ირჯებოდა, განსაკუთრებით ბოჭვებზე, ბიძინა სამხარაძე, მაგრამ მე-4 წუთზე რომ დავჯარიმდით და მეტოქემ ბურთი სწრაფად გაათამაშა, რეფერიმ ცერცვაძე 10 მეტრის წესის დარღვევაში დაადანაშაულა და ყვითელი ბარათი უჩვენა. იტალიელებმა ორჯერ ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით, ორი ლელო გაიტანეს და რადგან ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, ტაიმი 0:14 დასრულდა.

შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 4 წუთი რჩებოდა, როდესაც სინბინით უკვე იტალიელები დაისაჯნენ და ახლა ქართველ მორაგბეებს მიეცათ მეტობის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ ზედ ჩათვლის მოედანთან ბურთი ჩაიხურა და მსაჯმა ის იტალიელებს გადასცა.

მე-12 წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ინდივიდუალური ოსტატობით ლელო მაინც გაიტანა. ის გვერდითი ხაზის გასწვრივ ორ მბოჭავს გაექცა, მაგრამ მესამემ არეალი შეუზღუდა და ლელო ალამთან გავიდა, რის გამოც გარდასახვა არაზუსტი იყო.

ქართველები არ მოდუნდნენ და კიდევ შეეცადნენ ლელოს გატანას, ორჯერ ლამის ჩათვლის ხაზამდეც მიაღწიეს, მაგრამ რეფერიმ ორივეჯერ დაგვაჯარიმა და მისი ქმედებების გაპროტესტებისას კაციც გაგვისინბინა, რის შემდეგაც 5:14 დავმარცხდით.

დღის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც პირველ შეხვედრაში რუმინეთს 14:10 სძლია, მერე ინგლისთან 7:40 დამარცხდა და ჩვენთან თამაშამდე პორტუგალიას შეხვდება. საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრა 19:20 საათზე დაიწყება, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაშები კი, ხვალ გაიმართება და ქართველთა მეტოქე ინგლისი იქნება, რის შემდეგაც პლეი ოფების დრო დადგება.

საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში: ბიძინა სამხარაძე, ლევან გოგოლაშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, რატი ნუცუბიძე, გიორგი კალმახელიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, გიორგი შკინინი, ზურაბ ძნელაძე, დიმიტრი კალანდაძე, შავლეგ მახარაშვილი, თორნიკე ცერცვაძე.

0.117452