კალათბურთი

23:00 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელმა რევანში აგვიღო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჰაიფაში ისრაელის ეროვნულ გუნდთან მე-2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ეილატში ებრაელებს 74:73 სძლიეს, ამჯერად კი 75:77 დამარცხდნენ.
თავისთავად, აღნიშნულ შედეგში საგანგაშო არაფერია, უბრალოდ დასანანი ის გახლავთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა დიდი უპირატესობა გაანიავეს. სტუმრები პირველ ნახევარში 19 ქულასაც იგებდნენ, საწყის ნახევარში კი 47:32 იმარჯვეს.
სამწუხაროდ, მე-2 ნახევარში ისრაელის ნაკრებმა თამაშის “შემოტრიალება” მოახერხა და ცუდად დაწყებული საქმე კარგად დაასრულა. მასპინძლებმა 6-წუთიანი მონაკვეთი 20:0 (!) მოიგეს, უკანასკნელ წუთებში კი 77:70 დაწინაურდნენ და მართალია, სხვაობა ორ ქულამდე დავიდა, ქართველთა ბოლო შეტევა უშედეგოდ გაილია და საფინალო სირენაც გაისმა.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით გიორგი ცინცაძე იყო, 18 ქულა ჩააგდო ვიქტორ სანიკიძემ, ამერიკელი რიკი ჰიკმანის ანგარიშზე 15 ქულა იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა 8 ქულას 14 მოხსნა წაამატა.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას 1 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც სტუმრად ლიტვას გაეჯიბრება. ქართველები კაუნასისკენ გეზს 29 აგვისტოს აიღებენ, 2 სექტემბერს კი ჩარტერული რეისით სლოვენიაში გაფრინდებიან.

ისრაელი – საქართველო 77:75 (19:25, 13:22, 26:16, 19:12)
საქართველო: ცინცაძე (34 წ. 19 ქ.), შერმადინი (30 წ. 8 ქ. 14 მ.), ჰიკმანი (30 წ. 15 ქ. 3 პ. 3 ჩ.), მარკოიშვილი (16 წ. 2 ქ. 3 პ.), ფაცაცია (20 წ.), სანიკიძე (32 წ. 18 ქ. 6 მ.), სანაძე (8 წ.), ცქიტიშვილი (10 წ. 6 ქ. 5 მ.), ბურჯანაძე (8 წ. 4 ქ.), ლეჟავა (8 წ.), ფხაკაძე (4 წ. 3 ქ.).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

0.115071