ისრაელის საკალათბურთო ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩეცი ციკლის პირველ მატჩს, რომელშიც მისი მეტოქე ჩერნოგორია იქნება, ნეიტრალურ ქვეყანაში, კერძოდ კი, კვიპროსში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საომარი სიტუაციია შექმნილი და იქ გუნდების ჩასვლა არცთუ უსაფრთხოა, ამდენად, ფიფა-ს კვალად, ფიბა-ევროპამაც იდენტური გამოსავალი ნახა და ებრაულ კოლექტივებს დროებითი ადგილსამყოფელის მოძიება სთხოვა. ისრაელის კალათბურთის ფედერაციამ ამგვარ ვარიანტად ნიქოზიის “ტასოს პაპადოპულოს-ელეფტერია” შეარჩია.
ცნობისთვის, ისრაელის და ჩერნოგორიის მატჩი 10 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი, როდესაც ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევი ციკლი დაიწყება. თუ სად ჩაატარებენ ებრაელები B ჯგუფის ორ დანარჩენ საშინაო მატჩს ჰოლანდიის (24 აგვისტოს) და ბულგარეთის (27 აგვისტოს) წინააღმდეგ, ჯერჯერობით, უცნობია.