სტატიები

16:41 | 3.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ისნიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები

მახსოვს, 2006 წლის გაზაფხული იყო. ისნის სტადიონი, სადაც თბილისის "თბილისი" ატარებდა საშინაო თამაშებს, ჯერ კიდევ "ცოცხალი" იყო და იქ გერმანელი მწვრთნელი ჰერბერტ ცანკერი ფეხბურთელებს არჩევდა. ცანკერი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, შერჩევა კი, ამხანაგურ მატჩში ხდებოდა – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბავშვებს შორის თამაშში.
და იქ ერთი პატარა ბიჭი ისე გამოირჩეოდა, ცანკერი კი არა, ფეხბურთის უცოდინარი კაციც შეამჩნევდა... გოლები, პასები, დრიბლინგი... არადა, ტანით ყველაზე პატარა იყო.
სამსახურში შთაბეჭდილებებით სავსე მივედი და ყველას ვუყვებოდი, პატარა ქინქლაძე ვნახე-მეთქი. ლევან ყენია მაშინ 15 წლის იყო.
იმავე წელს, ჯერ ზაფხულში, მერე შემოდგომაზე გაგვაცნო თავი. პალანგის ტურნირზე მშვენივრად ითამაშა და საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, მერე კი თბილისში ჩატარებულ 17-წლამდელთა შესარჩევ ციკლში რუსებს შავი დღე აყარა, გერმანელებთან ტყუილუბრალოდ გააძევეს... ჰო, გერმანიის იმ ნაკრებში თამაშობდა ტონი კროოსი, რომელიც ყენიას ფონზე საერთოდ არ ჩანდა.
პირველივე ინტერვიუს დროს გამოჩნდა, რომ მორიდებული, ჩუმი, თავმდაბალი ბიჭი ყოფილა. შემდგომ ისიც გავიგე, რომ ბავშვობიდანვე მიჩვეული ყოფილა რეჟიმს – თურმე, ექსკურსიებსაც აცდენდა, 10 საათზე უნდა დავიძინოო.
16 წლის იყო, პირველად რომ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. შეცვლაზე შევიდა უკრაინასთან და შეტევები გამოაცოცხლა, მერე მალევე ძირითადში დაამკვიდრა კლაუს ტოპმიოლერმა. ახლა დეტალურად იმის მოყოლას, რაც თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის, არ დავიწყებთ. ლევანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნულ ნაკრებში და დღეს ყველა ამჩნევს, თემურ ქეცბაიას გუნდს სწორედ მისი დარი ტალანტი აკლია – თამაშის საკუთარ თავზე ამღები, კაცის მოტყუებაზე წამსვლელი, იმპროვიზატორი.
შარშან იყო, გერმანულ პრესაში დაიწერა ბუნდესლიგის 10 საუკეთესო ახალგაზრდაზე და სიაში ყენიაც იყო შეყვანილი. ამის თაობაზე საუბარს ვაპირებდი, მაგრამ სინანულით თქვა:
"რაღა დროს ჩემზე სტატიაა. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვითამაშე".
როგორც ხშირად ხდება, ლევანზე სხვადასხვა ხმები აგორდა (ქართველებს სხვაგვარად როგორ შეგვიძლია) – "არ ვარჯიშობს და თავში აუვარდა", "ამდენი სვირინგის გაკეთებას, ფეხბურთი ეთამაშა" და ასე შემდეგ...
ყენიას 2009 წლის ოქტობრიდან მოყოლებული რომ არ უთამაშია, ეს ყველაზე ნაკლებად ყენიას ბრალია. სამი ოპერაცია გაიკეთა და კოჭს არაფერი ეშველა, ხოლო ვინც ნაადრევად დააწყებინა ვარჯიში, კიდევ კარგი, ახლა "შალკეში" აღარ მუშაობს.
დღეს რა მდგომარეობაა? 20 წლის ყენიამ მარტში გაიკეთა ბოლო ოპერაცია, დიდხანს გასტანა რეაბილიტაციამ, ახლა ძუნძულიდან სირბილზე გადავიდა და ექიმმა უთხრა, რომ ვარჯიშის დასაწყებად მზადაა. აჩქარება კი ჯერ მაინც არაა საჭირო.
როდის ითამაშებს ყენია ნაკრებში, ახლა ამაზე ლაპარაკი უხერხული და უადგილოა. ამ შესარჩევში რომ ვერ მოესწრება, ფაქტია.
პატარა ჩანახატის გაკეთება კი ფოტომაც "გვაიძულა" – ეს გერმანია-საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაა. მესუთ იოზილი და ლევან ყენია – ამ დროს იოზილი 18 წლის იყო, ლევანი კი 16-ის. რაც მთავარია, ლევანმა გული არ უნდა გაიტეხოს და ხასიათი ისეთი აქვს, ამის საშიშროება ნაკლებადაა.
გარეთ ბეილის მაგალითი თვალწინაა - 18 წლის რომ იყო, ტრავმის გამო 8 თვე გაუცდა. დაიწყო თამაში და ისევ ფათერაკი შეემთხვა, 9 თვე გამოტოვა. და ამ ტრავმების შემდეგ გახდა ბეილი ვარსკვლავი.

ილია ნანობაშვილი
 

0.130223