“მალაგას” ახალგაზრდა ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ისკო თავის მომავალთან დაკავშირებით მინიშნებას აკეთებს. 21 წლის ფეხბურთელის თქმით, მას მუშაობის მანუელ პელეგრინისთან ერთად გაგრძელება სურს.
ოფიციალურადაა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ჩილელი სპეციალისტი, მომდევნო სეზონიდან, “მალაგაში” აღარ იმუშავებს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ პელეგრინი “სიტის” ჩაიბარებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქალაქელებს” ისკოს ხელში ჩაგდება სურთ და ამ დროს, ფეხბურთელი პელეგრინისთან ერთად მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
“პელეგრინი ფეხბურთში ჩემი მამაა. მას ჩემი თამაში მოსწონს და მინდა, რომ თანამშრომლობა განვაგრძოთ. პელეგრინი საკუთარი თავის რწმენას მმატებს.
ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იოლი არაა და არ მინდა, რომ შეცდომა დავუშვა.
ეჭვები მტანჯავს. გუნდის შეცვლის შემთხვევაში, თამაში მინდა და შესაძლოა საჭირო რაოდენობის დრო ვერ მივიღო.
არ მინდა, ჩემი კარი ვინმესთვის დახურული იყო. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში.” – ციტირებს ისკოს სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ “სიტის” გარდა, ისკოს შეძენით მადრიდის “რეალიცაა” დაინტერესებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია