დაღლილობა, კონცენტრაციის დაკარგვა, არასაჭირო დროს უხეშობა, ნერვიულობა, მატჩის ბოლო მონაკვეთის ჩაგდება – ყველაფერი ერთად ვნახეთ.
ბოლნისის “სიონმა”, მოგებული პირველი ტაიმის მიუხედავად, წააგო ალბანურ “ფლამურტარისთან”. ლადო ბურდულის გუნდმა ტაიმი 2:1 მოიგო, 74-ე წუთამდე მიჰყავდა ანგარიში, მაგრამ მაინც დამარცხდა. და ახლა შანსი იმისა, რომ “ფლამურტარის” ბარიერი გადაილახოს, ძალიან შემცირდა. ალბანეთში თამაში სხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული: კლიმატი, ტრიბუნებზე ატმოსფერო...
საწყის 10 წუთში ბოლნისელები ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა დიდად სახიფათო არაფერი შეუქმნიათ. შემდეგ “ფლამურტარიმ” გამოასწორა თამაში და ანგარიშიც გახსნა: საჯარიმო კარგად გაითამაშეს, ველიუმ ახლო მანძილიდან დაარტყა, ბურთი დავით სვანიძეს მოხვდა, მიმართულება იცვალა და მირზა მერლანის კარში გავიდა – 0:1.
9 წუთში უკვე “სიონი” იგებდა. ახალგაზრდა ფორვარდმა ვილი ისიანმა ორი ლამაზი გოლი მიითვალა: ჯერ ილია კანდელაკის ჩაწოდების შემდეგ, დასწრებაზე, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. მალევე, ისიანმა თორნიკე აფციაურის გრძელი გადაცემის შემდეგ ერთ შეხებაში დაამუშავა ბურთი და ძლიერი დარტყმა მიაყოლა. მეკარე ოდნავ წინ იყო გამოსული და ვერ მისწვდა – 2:1.
ისიანი უდავოდ საუკეთესო იყო და მეორე ნახევარშიც ორად-ორი მომენტი მან შექმნა: ჯერ ფლანგზე მოატყუა მეტოქე, შეცვლაზე შესულ ჯაბა უგულავას გადაწოდა და მან
მეორე ნახევარში, სანამ გოლებს გაიტანდნენ, ვერ იტყოდი, რომ “ფლამურტარი” გააფთრებით უტევდა. თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. 74-ე წუთზე 2:2 გახდა: კუთხურის შემდეგ არეულობა შეიქმნა, ზექირიმ თავით მოიგო ბრძოლა და ბურთი მიუვიდა კუქის, რომელმაც უნაკლოდ დაარტყა.
ბოლოს “სიონი” ნერვიულობდა. ალბანელ ფეხბურთელებს როცა ცვლიდნენ და ისინიც ნელა გადიოდნენ, ბოლნისელები ხელის კვრით აჩქარებდნენ, მაგრამ თურმე ამაოდ – გოლი იმ გუნდმა გაიტანა, რომელიც სულაც არ ჩქარობდა. ორი სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს და პირველ ჯერზე თუ ველიუმ დაგვინდო, მეორედ ილმან ლიკამ ზუსტად დაარტყა და 2:3. იმ მომენტში “სიონის” დაცვა აირია, ლიკა სრულიად მარტო იყო.
3 ივლისი. 21:00.
სიონი (ბოლნისი, საქართველო) – ფლამურტარი (ვლიორი, ალბანეთი) 2:3 (2:1)
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, სვანიძე, იმედაშვილი, კანდელაკი, გურეშიძე, ცხადაია, აფციაური (სამხარაძე 74), კახელიშვილი, ზვიად ლობჯანიძე (უგულავა 54), ისიანი.
მწვრთნელი: ლადო ბურდული
ფლამურტარი: ჰასან ლიკა, მიჩი, მუზაკა (მეტო 88), ზექირი (სეჰაი 82), კუქი, აბილიალაი, არბერი (იდრიზაი 90), ლენა, ილმან ლიკა, ტელუში, ლენა, ველიუ.
მწვრთნელი: ერნესტ ჯიოკა.
გოლები: 0:1 ველიუ (20), 1:1, 2:1 ისიანი (27, 29), 2:2 კუქი (74), 2:3 ილმან ლიკა (90+3)
გაფრთხილება: არბერი (34), უგულავა (60), იმედაშვილი (68), კუქი (68), ტელუში (77), გურეშიძე (83), აბილიალაი (86), სამხარაძე (90+4), კახელიშვილი (90+6)