“არსენალმა” თავის “ემირეითსზე” წლევანდელ სეზონში ბოლო მატჩი ჩაატარა და მაყურებელს გამარჯვებული დაემშვიდობა. “მეთოფეთათვის” ამ შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მას შემდეგ, რაც გუშინ “ევერტონმა” წააგო, ვენგერის გუნდმა მეოთხე ადგილი, ანუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თამაში უკვე გაინაღდა.
პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ მასპინძლებმა მალევე ჩაიგდეს თამაშის სადავეები ხელთ და წარმატებასაც მიაღწიეს. მე-16 წუთზე კასორლამ მარცხნიდან კუთხური ჩამოაწოდა და ჟირუმ თავით გაიტანა. ჟირუ შემდეგაც ერთობ სასარგებლოდ ირჯებოდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. შესვენების შემდეგ სურათი ოდნავ შეიცვალა, ვესტბრომელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. თუმცა უფრო რეალური შანსი ისევ “არსენალს” ჰქონდა, მაგრამ პოდოლსკიმ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი ძელს მოარტყა.
დღის მეორე მატჩში კი “ჩელსი” ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო “ატლეტიკოს” კოშმარიდან. ფეხბურთელებს სიმწყობრე აკლდათ და მოურინიუც თითქოს ნირწამხდარი ჩანდა, რაც მას საერთოდ არ ახასიათებს ხოლმე. “ნორვიჩს” კი აუცილებლად უნდა გაემარჯვა, თუკი პრემიერლიგაში დარჩენა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პირველ ტაიმში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, შურლემ ძელსაც გაარტყა ბურთი. შესვენების შემდეგ მოურინიუმ მინდორზე აზარი და დავიდ ლუისი გაიყვანა და “არისტოკრატთა” თამაშიც გაცოცხლდა. ჯერ ლუისმა მოარტყა ბურთი ხარიხას, შემდეგ მასპინძლები ორჯერ ითხოვდნენ პენალტს, ჯერ შურლეს, შემდეგ აზარის წაქცევისთვის, მაგრამ არბიტრი სუორბრიკი შეუვალი აღმოჩნდა. “ნორვიჩი” საკუთარი საჯარიმოდან თითქმის არ გამოდიოდა, მაგრამ ერთი “ჩხვლეტა” მაინც გამოუვიდა, სნოდგრასი გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დიდებულად ითამაშა კეჰილმა. საბოლოოდ, უგოლო ფრე, რომელიც არცერთს აწყობდა.
არსენალი – ვესტ ბრომი 1:0 (1:0)
ლონდონი. “ემირეითსი.” 60 021
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი (ვერმალენი 80), კოშელნი, იოზილი, არტეტა (კალსტრიომი 63), ფლამინი, კასორლა (როსიცკი 70), პოდოლსკი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ვესტ ბრომი: ფოსტერი, ოლსონი, ლუგანო, დოუსონი, ამალფიტანო (ანიჩებე 80), სესენონი, მორისონი, მულუმბუ (ვიდრა 85), ბრანტი, დორანსი, ბერაინო
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლი: 1:0 ჟირუ (14)
გაფრთხილება: ნაჩო მონრეალი (64), ჟირუ (90+1); ბრანტი (83), დორანსი (90+1)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 2(7)-2(8), ჯარიმა: 9-6, კუთხური: 9-10, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-3
ჩელსი – ნორვიჩი 0:0
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 602
ჩელსი: შვარცერი, კოული, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ლამპარდი (დავიდ ლუისი 46), ვილიანი, მატიჩი (ფერნანდო ტორესი 73), სალა (აზარი 46), ბა, შურლე
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
ნორვიჩი: რადი, უითაკერი, ოლსონი, ტერნერი, ბენეტი, მარტინი, ტეტი, სნოდგრასი, ჰაუსონი, ჯონსონი, ელმანდერი (რედმონდი 69)
მწვრთნელი: ნილ ადამსი
გაფრთხილება: ივანოვიჩი (58); ბენეტი (60), ტერნერი (87), ოლსონი (90+3)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 69% - 31%, დარტყმა: 4(9)-2(3), ჯარიმა: 9-17, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-4
მეგოლეები:
30 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
20 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
19 – იაია ტურე (6, “მანჩესტერ სიტი”)
17 – უეინ რუნი (3, “მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
16 – ვილფრიდ ბონი (4, “სუონსი”), ოლივიე ჟირუ (1, “არსენალი”)