ევროპის ლიგის 1/8-ფინალების ცენტრალურ მატჩში, „ტოტენჰემი“ ფავორიტად კი მიიჩნეოდა, მაგრამ ლონდონელთა „ინტერთან“ ასე იოლად მოგება მოსალოდნელი ნამდვილად არ იყო. მართალია, ინგლისის დედაქალაქში ჩატარებულ შეხვედრაში, მილანელებმა 2 ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერცერთი გაიტანეს, თავად 3 გაუშვეს და მასპინძლებს შეტევაში უფრო ზუსტად რომ ეთამაშათ, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
„უაით ჰართ ლეინზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ჰანდანოვიჩს პირველი გოლი გარეთ ბეილმა გაუტანა, რომელიც მილანელებს ღამის კოშმარად ექცათ, ამ გუნდებს შორის გამართულ 3 თამაშში, ბეილს 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. მე-6 წუთზე, უელსელმა სიგურდსონის პასი გამოიყენა და თავური დარტყმით იხეირა. მალევე, თავი სიგურდსონმაც გამოიჩინა, რომელმაც დეფოს დარტყმას დაამატა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, ტაბლოზე გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა. ბეილის ჩაწოდების შემდეგ, თავი ვერტონგენმა გამოიჩინა, რომელმაც შეხვედრას წერტილი დაუსვა.
„ინტერისგან“ განსხვავებით, საქმე ძალიან კარგად აქვს „ლაციოს“, რომელმაც 1/4-ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა. რომაელები გათამაშებას შემორჩენილ ერთადერთ გერმანულ გუნდს, „შტუტგარტს“ ეწვივნენ და მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. თავი ედერსონმა და ოგენი ონაზიმ გამოიჩინეს. პირველმა მათგანმა, საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით იხეირა, ხოლო ახალგაზრდა ნიგერიელმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, საჯარიმომდე იარა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
არც ევროპის ლიგა სწყალობს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, ლონდონის „ჩელსის“. ბუქარესტში, „სტიაუას“ წინააღმდეგ, „არისტოკრატებმა“ ძალიან უღიმღამოდ ითამაშეს და საეჭვო თერთმეტმეტრიანით წააგეს კიდეც. 34-ე წუთზე, არბიტრმა ბერტრანდს რუსესკუს წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა დააბრალა და პენალტი დანიშნა, რომელიც შეხვედრის ერთადერთ გოლად დაზარალებულმა აქცია.
1/8-ფინალების პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა რუსული გუნდებისთვის. ჩვენი ჩრდილო მეზობლების 3 წარმომადგენლიდან გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა. თუ „რუბინმა“ და „ანჟიმ“ არც თავად გაუშვეს, „ზენიტმა“ „ბაზელთან“ 0:2 წააგო და თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო.
ანჟი-ნიუკასლი 0:0
მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი)
შტუტგარტი-ლაციო 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ედერსონი (21), 0:2 ონაზი (56)
მსაჯი: ალექსანდრუ დან ტუდორი (რუმინეთი)
პლზენი-ფენერბაჰჩე 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ვებო (81)
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
სტიაუა-ჩელსი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 რუსესკუ (34, პენ)
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
ბენფიკა-ბორდო 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 კარასო (21, ს.კ.)
მსაჯი: ალონ იეფეთი (ისრაელი)
ტოტენჰემი-ინტერი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ბეილი (6), 2:0 სიგურდსონი (18), 3:0 ვერტონგენი (53)
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
ლევანტე-რუბინი 0:0
გაძევებები: მიჩელი 54 - ანსალდი 52
მსაჯი: ენტონი გოტიე (საფრანგეთი)
ბაზელი-ზენიტი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიასი (83), 2:0 ა. ფრაი (90, პენ)
გაძევება: ნეტო 90 (ზენიტი)
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)