გულდასაწყვეტი და თანაც, ჭკუის სასწავლებელი ფოტოებია: ეს სულ 3 წლისა და 3 თვის წინაა გადაღებული ერევანში, როცა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში სომხეთს 3:2 სძლია. რა დიდი დრო გავიდა, ვითომ? ამ მატჩიდან ერთ წელიწადში, ჰენრიკ მხითარიანი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გახდა, ხოლო მოგვიანებით გუნდის საუკეთესო მოთამაშედ მონათლეს და ამ ზაფხულს გადავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "დორტმუნდში", სადაც "ბაიერნში" წასული მარიო გიოტცეს 10-ნომრიანი მაისურა მისცეს.
პირველ სურათში მხითარიანის უკან ირაკლი კლიმიაშვილი ("სკონტო") მოჩანს, ხოლო მეორეში – ნიკა კვეკვესკირი ("სპარტაკი" ცხინვალი). ის მატჩი კლიმიაშვილმაც და კვეკვესკირმაც მშვენივრად ჩაატარეს, ნიკამ სულაც ულამაზესი გოლი გაიტანა სოლო-გარღვევით.
"დორტმუნდი" და ცხინვალის "სპარტაკი"... სამწუხაროდ, ბოლოს ასეთ კონტრასტებს მივეჩვიეთ და ადრეც არაერთი იყო: გავიხსენოთ, სანდრო იაშვილი და გოჩა ხოჯავა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მოხვდნენ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში. ვალერი გაგუა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლევან მჭედლიძე ედისონ კავანიზე და ხავიერ პასტორეზე დიდი ზარ-ზეიმით იყიდა "პალერმომ".
აქ ერთი საყურადღებო ფაქტია აღსანიშნავი მხითარიანის დონეცკური კარიერიდან: თავიდან მას გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა და "შახტარის" ბაზაზე ცხოვრობდა. შემდეგ გასამრჯელო გაუზარდეს, მაგრამ ისევ ბაზაზე დარჩა. და მეტსახელი შეარქვეს – "ბაზის დირექტორი".
"რა თქმა უნდა, კლუბმა ბინა შემირჩია, მაგრამ თავად ვარჩიე ბაზაზე ცხოვრება. ასე უფრო კონცენტრირებული ვარ, ვარჯიშზე მისასვლელად დიდხანს სიარული არ მჭირდება და უფრო კარგად აღვიქვამ, რას ნიშნავს "შახტარის" ფეხბურთელობა. თანაც, მეგობარი გოგონა არ მყავს".
საფეხბურთო კარიერაში წარმატებისთვის მხოლოდ ბურთის კარგად ცოდნა არ კმარა. მხითარიანის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რამაც იგი ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცია.
მის ოჯახში განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა: ჰენრიხის და, მონიკა, მიშელ პლატინის თანაშემწეა უეფაში. ის ლიონში სწავლობდა. თავად ფეხბურთელი კი 5 ენაზე სრულფასოვნად საუბრობს – სომხური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და პორტუგალიური. ინგლისური სკოლაში ისწავლა, ფრანგულს საფრანგეთში, მამასთან ყოფნისას დაეუფლა, ხოლო პორტუგალიური "სან პაულუში" სტაჟირების დროს. დიახ, მხითარიანი "სან პაულუში" 4 თვე ვარჯიშობდა. როცა "შახტარში" გადავიდა და იქ ბრაზილიელ ფეხბურთელთა დიდი ჯგუფი დახვდა, ისინი გაოცებულან, სომეხმა ასე კარგად საიდან იცის პორტუგალურიო.
მხითარიანის მამა თავადაც კარგი ფეხბურთელი იყო, ჰამლეტ მხითარიანს 80-იანი წლების '”არარატში" ბევრი ვერ შეედრებოდა. მამამ თამაშის გარდა, წიგნიც შეაყვარა ჰენრიხს.
"მამაც და დედაც ბევრს მასწავლიდნენ. 10-11 წლისას უკვე ბევრი რამ მქონდა წაკითხული. არასოდეს წამიკითხავს წიგნი უინტერესოდ. მაშინაც კი, როცა ჩემი საყვარელი ჟანრისა არაა, ყურადღებით ვკითხულობ, რადგან ჩემს თავს ვადარებ წიგნის მთავარ გმირს, ან სხვადასხვა პერსონაჟებს. ეს კი მეხმარება ცხოვრებისეულ სიტუაციებში. როცა წიგნში განსაკუთრებით საინტერესო წინადადება მხვდება, კალმით მკრთალად ვხავაზ და ვიმახსოვრებ".
დღეს ხშირად ისმის, მხითარიანის დონის ფეხბურთელი ქართველებს არ გვყავსო. ასეა, რად უნდა ფიცი-მტკიცი. ქართველებს კი არა, რუსებსა და უკრაინელებსაც არ ჰყავთ – რომელი პოსტ-საბჭოელია "დორტმუნდის" დონის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი? არავინ.
ასე რომ, ფეხბურთი მხოლოდ ბურთის გორება არაა. ის, რომ კარგი კარიერის კარგად ასაწყობად მოთმინების უნარი, მიღწეულზე დაუკმაყოფილებლობა და ბარიერების გადალახვაა საჭირო, მინდორზე კი არა – მინდორს მიღმა ისწავლება.