”თავიდანვე მივხვდი, რომ ის ძალიან დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ ყველას გვჩრდილავდა” – კენ კიზის ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაში” ინდიელი ბრომდენის მიერ მაკმერფის მისამართით ნათქვამი ეს სიტყვები მაშინ გამახსენდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, უკრაინა-შვედეთის მატჩის დროს, ანდრეი შევჩენკო დავინახე. ანდრეი დიდი რომ იყო, ეს ნებისმიერმა ფეხბურთის მოყვარულმა ვიცოდით, მაგრამ გამოვიდა მინდორზე და ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ის ძლვემოსილად ბრუნდებოდა და ნამდვილი ბომბარდირი ყოველთვის ბომბარდირი იქნება!
გავა თუ არა უკრაინა მეოთხედფინალში, ეს ჯერ არავინ ვიცით. უკრაინელების თამაშიდან გამომდინარე, ამ გუნდის შემდეგ ეტაპზე გაუსვლელობა არც ისე დიდი მოულოდნელობა იქნება, მაგრამ როდესაც მოედანზე ანდრეი შევჩენკოა, უნებლიედ რწმუნდები, რომ გუნდი სადაც ეს ადამიანია – ბევრ რამეს შესძლებს. მთავარია ”შევა” იყოს ფორმაში!
ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი, ორი თვის წინ, ანდრეი შევჩენკოს ინდუვიდუალურ ვარჯიშს დაესწრო და გაკვირვებული წერდა, რომ შევჩენკო დაუჯერებელი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ემზადებოდა ჩემპიონატისათვის. თურმე, მისი პირადი მწვრთნელი აქეთ სთხოვდა ვარჯიშის შეწყვეტას და დასვენებს, მაგრამ ლეგენდარული უკრაინელი მაინც ჯიუტად აგრძელებდა სარბენ ბილიკზე მომქანცველ სირბილს. ეს ყველაფერი მეგობარს როდესაც მოვუყევი, მან ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლებელია უკრაინელი ჟურნალისტი განგებ აბუქებდა ანდრეის შრომისმოყვარეობას და შეგნებულად უკეთებდა მას რეკლამას ევროპის ჩემპიონატის წინ. ასეთი რამეები ევროპაში ხშირად ხდება და ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტების მიერ გაპიარებული: ნიკოლა ანელკა, არიელ ორტეგა, დენილსონი, დევიდ ბექჰემი და სხვები... მაგრამ, გულისგულში რატომღაც მჯეროდა, რომ წლევანდელ ევრომუნდიალზე ძველ შევჩენკოს ვნახავდით. იმ შევჩენკოს, რომელიც ასე მოგვენატრა ყველას...
შვედეთი-უკრაინის შეხვედრა თავიდანვე შეფასებული იყო, როგორც ”მილანის” ყოფილი და ამჟამინდელი ფორვარდების – ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებად. გულშემატკივრების მოლოდინი ამ მხრივ უდავოდ გამართლდა, რადგან თამაშში ზლატანმაც გაიტანა გოლი და უკრაინელმა შვიდმა ნომერმაც. თუმცა, ალბათ შევჩენკოს მხოლოდ სტაჟიანი ქომაგები თუ ივარაუდებდნენ იმას, რომ ანდრეი შევჩენკო, რომელიც ლამის უკვე ჩამოწერილ ფეხბურთელად ითვლებოდა, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, შვედეთის ნაკრებს პრაქტიკულად მარტო გაუმკლავდებოდა. ”მარტო გაუმკლავდებოდაო” რომ ვამბობ, რასაკვირველია, ამით არ ვცდილობ სხვა უკრაინელი ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი მეკარე პიატოვის გარჯის დაკნინებას. მაგრამ, ჩვენ ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ როდესაც ცაზე მზე ამოდის, ვარსკვლავები იჩრდილებიან.
”ჰეი ანდრეი, ჩვენ ბედნიერები ვართ რომ უკრაინელი ხარ!” – ილაჯის გამოლევამდე ყვიროდა მთელი უკრანა შვედეთთან გამარჯვების შემდეგ. “შევჩენკოს გუნდიდან გაშვებისათვის ფეხებით უნდა დაკიდო გალიანი“ – დარდობნენ “მილანის“ ტიფოზები. “რაღა ჩვენთან ვერ ათამაშდა ეს კაცი“ – უკვირდათ “ჩელსის“ ქომაგებს. “როდესაც შევჩენკო ფორმაშია, რა გინდა რომ ქნა?!“ – თავს იმართლებდნენ შვედი ფეხბურთელები. “ასეთი თავდამსხმელი გვყავდეს და ჩვენც კი გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე“ – ფიქრობდნენ ქართველები... თვითონ შევჩენკო რას ფიქრობდა არ ვიცი, მაგრამ უკრანის ნაკრების სადებიუტო შეხვედრაში ორი გოლის გამტანი ფორვარდი თამაშის მერე ისეთი გახარებული იყო, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს და სიხარულის ცრემლად იღვრებოდა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეხბურთის მოყვარულები ბევრს მსჯელობდნენ იმაზე, თუ ვინ იყო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ვის მიანიჭებდა უეფა საუკეთესოს წოდებას. ჩავი, ინიესტა, რონალდუ, მიულერი, ბუფონი, რუნი, რიბერი, რობენი, სნეიდერი... ძალიან შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, რომლებიც სახელდებოდნენ პრეტენდენტთა შორის. ყველა ეს ფეხბურთელი (და კიდევ სხვა არაერთიც) უდავოდ საუკეთესოები არიან, მაგრამ მე არ მინახავს ადამიანი და არც სადმე წამიკითხავს, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელას ვინმეს ანდრეი შევჩენკო დაესახოს. ეს შევჩენკოს მიერ ჩაგდებული ბოლო წლების ბრალი უფროა, ვიდრე ანდრეის შეგნებულად დაუფასებლობა. ახლა კი, მთელს ევროპას შევჩენკოს სახელი აკერია პირზე. ის დაბრუნდა! გაუმარჯოს დიდ ანდრეის!
ლევან სეფისკვერაძე