საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა ბაქოს დიდ პრიზზე 10 შესაძლებლიდან 6 მედალი მოიპოვა და გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა. ვერაფერს იტყვი, ნორმალურზე უკეთესი შედეგია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული გუნდი აზერბაიჯანში არაოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ თუკი აქვე იმასაც მოვაყოლებთ, რომ ბაქოს ტატამზე მხოლოდ 12 ქვეყნის ნაკრები გავიდა და ისინიც სუსტი შემადგენლობებით, საამაყო ბევრიც არაფერია.
ამიტომ პირველ ყოვლისა ქალთა ნაკრების შედეგიანობა ვახსენოთ. კონკრეტულად მძიმეწონოსან ირინე ლეონიძის ყოჩაღობით, რომელმაც აზერბაიჯანელი ვაფა იბადოვასა და ხორვატი ივანა მარანიჩის ძლევით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 200 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
სწორედ ლეონიძის მიერ მოგებულმა ოქრომ საქართველოს ნაკრები ქალთა და მამაკაცთა შედეგებით დაჯამებულ საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გაიყვანა. ივერი ჯიქურაულის ზედამხედველობით მოჭიდავე მამაკაცების ანგარიშზე კი 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა.
დღეს კიმონოები ლაშა ზურაბიანმა (81 კგ), ზვიად გოგოჭურმა (90 კგ), ბექა ბერძენიშვილმა და ალექსანდრე მსხალაძემ (ორივე 100 კგ) მოირგეს და ოთხივე კვარცხლბეკზე ავიდა. ზურაბიანს და მსხალაძეს ამისთვის თითო შეხვედრის მოგება ეყოთ, რადგან მონაწილეთა სიმცირის გამო ტურნირი პირდაპირ მეოთხედფინალით გახსნეს. ზურაბიანმა პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელს, ალჯაზ სედეჟს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში უკრაინელ ვიტალი პოპოვიჩთან წააგო და ბრინჯაოს დაეუფლა. მსხალაძემ კი აზერბაიჯანელ ელხან მამადოვთან დამარცხებამდე კიდევ ერთი აზერბაიჯანელის – ალიხან ჰასანოვის ძლევა მოასწრო.
გოგოჭურმაც მესამე ადგილი დაიკავა, ოღონდ ის საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო. აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისა და უკრაინელ სტანისლავ რეტინსკის ჩამოშორების შემდეგ, ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში აზერბაიჯანელ რამინ გურბანოვთან ვეღარას გახდა.
ბერძენიშვილს გაჩემპიონებამდე ელხან მამადოვის ძლევაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა. ფინალამდე ქართველი ძიუდოისტი რუს დავიდ ბიტიევსა და უკრაინელ დმიტრო ლუჩინს იპონებით გაუსწორდა.
დღესვე აზერბაიჯანულ ტატამზე შორენა შარაძეც (70 კგ) გავიდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში – მსოფლიო რეიტინგის მეხუთეადგილოსან სლოვენიელთან, რასა სრაკასთან წმინდად წააგო.
ძიუდო
დიდი პრიზი
ბაქო
5-6 მაისი
მამაკაცები
60 კგ
1 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
2 გიორგი მესაბლიშვილი (საქართველო)
3 მოჰამედ ელკავისაჰი (ლიბია)
3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
5 გიორგი ბროლაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 მასაში კოდერა (იაპონია)
2 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
3 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
3 ნიჰათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
5 შალვა ქარდავა (საქართველო)
73 კგ
1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
2 მირალი შარიპოვი (უზბეკეთი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 ჰასან ილმაზი (თურქეთი)
5 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
81 კგ
1 ტურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი)
2 ვიტალი პოპოვიჩი (უკრაინა)
3 ლაშა ზურაბიანი (საქართველო)
3 მამადალი მეფდიევი (აზერბაიჯანი)
90 კგ
1 იური პანასენკოვი (რუსეთი)
2 რამინ გურბანოვი (აზერბაიჯანი)
3 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
3 შერალი ჟურაევი (უზბეკეთი)
100 კგ
1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ბექა ბერძენიშვილი (საქართველო)
3 ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო)
3 დმიტრო ლუჩინი (უკრაინა)
+100 კგ
1 მასარუ მომოსე (იაპონია)
2 სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი)
3 ანდრეი ფატიევი (აზერბაიჯანი)
ქალები
48 კგ
1 ებრუ შაჰინი (თურქეთი)
2 ვაფა ეივაზოვა (აზერბაიჯანი)
52 კგ
1 ნოდოკა ტანიმოტო (იაპონია)
2 გულშან ნაზაროვა (აზერბაიჯანი)
3 ტურანე სეიდი (აზერბაიჯანი)
57 კგ
1 კიფაიატ გასიმოვა (აზერბაიჯანი)
2 ჯულიან მელანკონი (კანადა)
3 ანდრეა ბეკიჩი (ხორვატია)
3 კუდრეტ ეგილმეზი (თურქეთი)
5 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)
63 კგ
1 ჰარუკა იასუმაცუ (იაპონია)
2 რამილა იუსუბოვა (აზერბაიჯანი)
3 ჯემა ჰოუელი (ბრიტანეთი)
70 კგ
1 რასა სრაკა (სლოვენია)
2 კრისტინა მარიანოვიჩი (ხორვატია)
3 გუნაი ალმამადლი (აზერბაიჯანი)
3 გულნოზა მატნიაზოვა (უზბეკეთი)
5 შორენა შარაძე (საქართველო)
78 კგ
1 გულსადაფ კარიმოვა (აზერბაიჯანი)
2 ფარიდა გურბანოვა (აზერბაიჯანი)
+78 კგ
1 ირინე ლეონიძე (საქართველო)
2 ივანა მარანიჩი (ხორვატია)
3 გულნარა ასადოვა (აზერბაიჯანი)
საერთო გუნდური ჩათვლა
ო ვ ბ V VII
1 აზერბაიჯანი 6 5 8 7 0
2 იაპონია 4 0 0 0 0
3 საქართველო1 2 4 5 0
4 რუსეთი 1 2 0 2 0
5 თურქეთი 1 0 2 2 0
6 სლოვენია 1 0 0 1 0
7 ხორვატია 0 2 1 0 0
8 უზბეკეთი 0 1 2 2 0
9 უკრაინა 0 1 1 6 0
10 კანადა 0 1 0 0 0
ოთარ მაღლაკელიძე







