საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალი სეზონის პირველი საერთაშორისო ინდივიდუალური ტურნირისთვის თბილისში ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გაფართოებული შემადგენლობა ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით შეავსო და პირველი შეკრებაც გაატარა. გუშინ კი მათგან ის 14 სპორტსმენი დაასახელა, რომლებიც 8-9 თებერვალს, პარიზის გრან სლემზე იჭიდავებენ. ნაკრების თავკაცს “მსოფლიო სპორტი” გუნდის ამჟამინდელ ფორმასა და აპრილის ბოლოს გასამართი ევროპირველობისთვის მოსამზადებელ გეგმაზე ესაუბრა.
- როდის შეიკრიბა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა?
- იანვრის დასაწყისში გუნდის ძირითად კანდიდატებთან ერთად ბაკურიანში ჩავედით და 16-დღიანი შეკრება გავიარეთ, რომელზეც ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ. თბილისში რამდენიმე დღის წინათ დავბრუნდით და რადგან დიღმის აკადემიის დარბაზში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ვარჯიშს სამბოს დარბაზში ვაგრძელებთ.
- გასული სეზონის ლამის ნახევარი ნაკრები ტრავმირებული იყო. ამჟამად როგორი მდგომარეობაა?
- სხვადასხვა სახის ტრავმები ჰქონდათ ამირან პაპინაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, ზებედა რეხვიაშვილს, ნუგზარ ტატალაშვილს, ვარლამ ლიპარტელიანს და ადამ ოქრუაშვილს. უკვე თითქმის მოირჩინეს და სავარჯიშო პროცესშიც ჩართულები არიან. ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ ვერ შეძლებს დაბრუნებას, ლევან წიკლაურია. მან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს. როგორც ვიცი, სრული დატვირთვით ვარჯიშს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუდგება.
- პარიზის გრან სლემის წინ მხოლოდ ფიზმომზადების შეკრება გაიარეთ. ალბათ გუნდი ტურნირს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდება...
- რა თქმა უნდა. ბიჭები საუკეთესო ფორმაში ჯერ არ არიან და ამ ეტაპზე ასეც უნდა იყოს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატისთვის (მონპელიე 27-29 აპრილი) ვემზადებით და პიკზეც სწორედ აპრილის ბოლოს უნდა ვიყოთ.
- ევროპირველობისთვის მოსამზადებელი სამუშაო გეგმა როგორია?
- პარიზის გრან სლემს ტრადიციული ერთობლივი წვრთნები მოჰყვება, რომელშიც ჩვენც ჩავერთვებით. უშუალოდ ტურნირზე მოჭიდავე 14 ძიუდოისტის გარდა საფრანგეთში მხოლოდ სავარჯიშოდ ჩავიყვანთ ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ), 15-16 თებერვალს ევროპის ღია ტურნირზე გამოვალთ, რომელსაც ქალაქი ობერვარტი უმასპინძლებს. 21-23 თებერვალს დიუსელდორფის გრან პრი გველის. 21-23 მარტს კი ამ რანგის შეჯიბრება უკვე თბილისში გაიმართება და საშინაო ტურნირის წინ კიდევ ერთ ბაკურიანულ შეკრებას გავივლით. ხოლო ნატურნირევს გერმანიაში ან უნგრეთში გავემგზავრებით, მორიგ ერთობლივ სანაკრებო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეკრება კი კვლავ საქართველოში ჩატარდება, ოღონდ კონკრეტულად სად, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით.
- თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ნაკრები ისევ 4 შემადგენლობით გამოვა?
- აუცილებლად.
- გასულ წლებში ამ ტურნირზე დასაყენებელი ქართული შემადგენლობა საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით კომპლექტდებოდა...
- ძირითადად ახლაც ასე იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, გარკვეული ცვლილებებიც იყოს. თბილისის გრან პრიზე დასაყენებელ შემადგენლობას იქამდე გასამართი შეჯიბრები და შეკრებები გამოაჩენს. თბილისში გუნდი უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს.
- შარშან, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ დაპირებული პრემიალური თანხის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა გქონდათ...
- პრემია წლის ბოლოს უნდა მიგვეღო და ასეც მოხდა. სახელმწიფომ ყველა დაპირება შეასრულა.