ძიუდო

13:01 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი უზნაძე: “სამბოს დარბაზში სასურველი პირობები არაა”

დარბაზის გარეშე დარჩენილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის პირველ ეტაპზე ვაკეში მდებარე სამბოს დარბაზში ივარჯიშებს. ირაკლი უზნაძის გუნდმა ევროპირველობის შემდეგ ცოტა ხნით დაისვენა. 10-21 მაისს ნაკრების ხელმძღვანელობამ და არასრულმა შემადგენლობამ თურქეთში გამართულ ძიუდოს ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საქართველოში დარჩენილმა სპორტსმენებმა ეს დრო ტრავმების მოსაშუშებლად და ძალების აღსადგენად გამოიყენეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ყველა ერთად შეუდგა 26-31 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისს. ევროპის 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულ ქართველ სპეციალისტს “მსოფლიო სპორტი” დარბაზისა და სხვა რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ესაუბრა.

- მოასწრეს სპორტსმენებმა ძალების აღდგენა?

- ვფიქრობ, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ. ახლა კი სრული დატვირთვით შევუდექით საქმეს.

- თავად ძიუდოს ფესტივალში მიიღეთ მონაწილეობა. რა ხდებოდა თურქეთში?

- ფესტივალი ანტალიაში გაიმართა და მას მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავებიც მრავლად ესტუმრნენ. ერთობლივი შეკრება იყო და ცხადია წვრთნებიც ტარდებოდა, მაგრამ ჩვენს გეგმაში ამ ეტაპზე დატვირთვები არ შედიოდა და მხოლოდ მსუბუქ ვარჯიშებს დავჯერდით. თურქული ფესტივალში მონაწილეობა ლაშა შავდათუაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ზვიად გოგოჭურმა მიიღეს. ნაკრების სხვა წევრებმა კი ძალები საქართველოში აღიდგინეს.

- ევროპირველობის შემდეგ განაცხადეთ, რომ ნაკრების რამდენიმე წევრს ტრავმები აწუხებდა...

- პრობლემა ბოლომდე ჯერ არ მოგვარებულა, მაგრამ მგონი საგანგაშო სიტუაციაც არაა. ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი კვლავ აგრძელებენ მკურნალობას, ოღონდ ისე, რომ ვარჯიშსაც ახერხებენ.

- რამდენიმე თვის წინ “მსოფლიო სპორტს” უთხარით, რომ ნაკრების გამოცდილი წევრი ლევან წიკლაური (81 კგ) ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში შეუერთდებოდა. უკვე ვარჯიშობს?

- ლევანმა მართლაც მძიმე ტრავმა გადაიტანა. ოპერაციაც გაიკეთა და როგორც ვიცი, ნელ-ნელა ვარჯიშსაც იწყებს, მაგრამ ნაკრებთან ერთად ჯერ არაა.

- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში უკვე რამდენიმეჯერ იჭიდავა ზებედა რეხვიაშვილმა. ყველამ იცის, რომ 73 კილოგრამისთვის წონის დაკლება ტურნირიდან ტურნირამდე უფრო მეტად უჭირს. საბოლოოდ ხომ არ გადაწყვიტეთ მისი ახალ წონაში გადასვლა?

- ამ საკითხზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერ ძალიან მიჭირს. ზებედა 21-22 ივნისს, ბუდაპეშტის გრან პრიზე იჭიდავებს და სავარაუდოდ ამ ტურნირის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ აჯობებს.

- უნგრეთში რომელ წონაში იჭიდავებს?

- ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით.

- ბოლო დროს ძიუდოს წრეებში საქართველოში გიორგი ზანთარაიას შესაძლო დაბრუნებაზეც საუბრობენ. რამდენად რეალურია?

- თავად გიორგის ეს ძალიან უნდა. ჩვენი ფედერაციაც მზადაა, მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად, მაგრამ ის უკრაინის ნაკრების წევრია, თან ტიტულოვანი და უკრაინის ძიუდოს ფედერაცია ადვილად არ შეელევა. თუ ზანთარაიას საკითხი მოგვარდა, მისი სახით ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი უმაღლესი კლასის წევრი შეემატება.

- ძიუდოს აკადემიაში დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო დარბაზის გარეშე დარჩით. სპორტის მინისტრთან შეხვედრისას ითქვა, რომ ქალაქში ალტერნატიული დარბაზი გამოიძებნებოდა, რომელშიც მაქსიმალური კომფორტი გექნებოდათ, სრულყოფილად მოსამზადებლად...

- მას შემდეგ ერთი ვარიანტი მართლაც შემოგვთავაზეს – კანცელარიის კალათბურთის დარბაზი, მაგრამ საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ამჟამად სამბოს დარბაზში ვვარჯიშობთ, მაგრამ სასურველი პირობები არც იქაა. პირველ ყოვლისა, გასახდელის პრობლემაა მოსაგვარებელი.

- დაბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმაში ხომ არ შეგიტანიათ ცვლილებები?

- ყველაფერი ისეა, როგორც თავიდან დავგეგმეთ. 6-8 ივნისს, კუბის გრან პრიზე გამოვალთ. ტურნირის შემდეგ სამდღიან ერთობლივ წვრთნებში მივიღებთ მონაწილეობას. 21-22 ივნისს უნგრეთის გრან პრიზე ვიჭიდავებთ და მასაც სამდღიანი საერთო ვარჯიშები მოჰყვება. 4-6 ივლისს კი ანალოგიური რანგის ტურნირს მონღოლეთი უმასპინძლებს. წინასწარი გეგმით, მასზე მხოლოდ იმ ძიუდოისტებს ვაჭიდავებთ, რომლების ტატამზე გასვლა შიდა კონკურენციის დასაწმენდად იქნება აუცილებელი. ამ სამი ტურნირის ჩამთავრების შემდეგ ბაკურიანში გავივლით 12-დღიან შეკრებას, რომელიც ძირითადად ფიზიკურ დატვირთვებს დაეთმობა. შემდეგ ორი კვირით იაპონიაში ან სამხრეთ კორეაში გავემგზავრებით, ერთობლივ ვარჯიშებზე. დასკვნით ათდღიან შეკრებას კი ისევ საქართველოში გავივლით. 

0.113651