ძიუდო

19:28 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი უზნაძე: “ჩემი ჯილდოც სრულიად ნაკრების დამსახურებაა”

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ბოლო ორ შემთხვევაში ქართველმა ძიუდოისტებმა გამარჯვებას მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით მიაღწიეს, ისევე, როგორც შარშანდელ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. ახალგაზრდა სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს სათავეში შარშანდელი სეზონის დასაწყისში ჩაუდგა და ამ სეზონნახევარში ინდივიდუალურ თუ გუნდურ შეჯიბრებში ისეთ წარმატებებს მიაღწია, ბევრი ძლიერი ნაკრების თავკაცი გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში რომ ვერ ახერხებს.

24-27 აპრილს მონპელიეში გამართულ ევროპირველობაზე ირაკლი უზნაძემ ერთი პირადი ჯილდოც მიიღო – ევროპის ძიუდოს ფედერაციამ იგი 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. ფრანგულ ტატამზე ქართველი ძიუდოისტების მიერ ნაჩვენები შედეგები უზნაძემ “მსოფლიო სპორტთან” შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

- მონპელიეში ნაკრების გამოსვლას რა თქმა უნდა დადებითად შევაფასებ. გუნდურ პირველობაში მოპოვებულ გამარჯვებაზე რომ არაფერი ვთქვა, ინდივიდუალურშიც კარგი შედეგი გვქონდა. გუნდის ცხრა წევრიდან რვამ ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, ექვსმა მათგანმა მედლისთვის იჭიდავა და ოთხი პოდიუმზე ავიდა. ნაკრები შეჯიბრებას მომზადებული შეხვდა და შედეგიც სახეზეა. ბიჭებისთვის სასაყვედურო თითქმის არაფერი მაქვს.

- თბილისში დაბრუნებულმა აეროპორტში გაკეთებულ კომენტარში თქვით, რომ იყო მომენტები, რომლებზეც გული დაგწყდათ. რას გულისხმობდით?

- მსაჯების რამდენიმე შეცდომას, რომლებმაც დაგვაზარალა. რომ არა ეს სუბიექტური გადაწყვეტილებები, იქნებ კიდევ უკეთესი შედეგისთვისაც მიგვეღწია.

- ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ამჯერად რას გეგმავდით?

- კონკრეტულ პროგნოზს არ ვაკეთებდით. ის კი ნამდვილად ვიცოდით, რომ გუნდის თითოეულ წევრს შეეძლო მედლისთვის ბრძოლა.

- იყო ეპიზოდები, როდესაც ქართველი ძიუდოისტი შეხვედრის მიწურულს გაპასიურდა და დამარცხდა. ფიზიკური მომზადება ხომ არ დააკლდათ?

- ფიზიკურად, ისევე, როგორც სხვა კომპონენტებში, ნაკრები სრულყოფილად მომზადებული შეხვდა ევროპირველობას.

- ამირან პაპინაშვილის დასანანი მარცხი რისი ბრალი იყო?

- ამირანმა გადამწყვეტი შიდო ბოლო წუთზე მიიღო, ოღონდ ეს დაღლის გამო გაპასიურების ბრალი არ ყოფილა. იგი ფინალში უხერხულ მეტოქეს, ბესლან მუდრანოვს შეხვდა. ამჯერად საკმაოდ კარგად კი ეჭიდავა, მაგრამ მაინც წააგო. გაფრთხილება, რომელმაც ოქროს ბედი გადაწყვიტა, ტაქტიკური შეცდომის ბრალი იყო. ფიზიკურად კი იმ მომენტში მუდრანოვი პაპინაშვილზე მეტად იყო დაღლილი.

- 73 კილოგრამში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილმა თავისი რეალური შესაძლებლობის წარმოჩენა ვერ შეძლო...

- ამ წონაში ჩვენს გუნდში კარგი კონკურენციაა, რაც ხარისხის ზრდის იმედს იძლევა, მაგრამ ამჯერად წარმატებას ვერ მივაღწიეთ. რეხვიაშვილს მოკლე პერიოდში მესამედ მოუხდა ზედმეტი წონის დაკლება და გადაიტვირთა. რაც შეეხება ტატალაშვილს, ალბათ გაცილებით შედეგიანად იჭიდავებდა, მეოთხედფინალში ფრანგ უგო ლეგრანთან შეხვედრისას მსაჯს მისი გდება უყურადღებოდ რომ არ დაეტოვებინა. სამწუხაროდ, ფრანგების სასარგებლოდ მსაჯები უჩვეულოდ ხშირად ცდებოდნენ.

- უკვე ამ წონის წევრად ითვლება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ამჯერად ევროშემადგენლობის მიღმა დატოვეთ. როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- შავდათუაშვილი ნამდვილი პროფესიონალია და ჩემი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მშვიდად მიიღო. შეიძლება ეს მისთვის დამატებითი სტიმულიც კი იყოს, სამომავლოდ გუნდში დასამკვიდრებლად. ევროპის ჩემპიონატის პარალელურად იაპონიაში გაემგზავრა შეკრების გასავლელად. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაათმაგებული მონდომებით ემზადება ახალ წონაში დასამკვიდრებლად.

- ტატალაშვილის მსგავსად, ავთანდილ ჭრიკიშვილის შემთხვევაშიც გამოჩნდა მსაჯის შეცდომები, მაგრამ ევროპის ჩემპიონობაში ხელი ვერავინ და ვერაფერმა შეუშალა.

- ავთო ჩემპიონატის დაწყების წინ მოიწამლა და რეალური საფრთხე შეიქმნა, რომ ჩვეულად ჭიდაობას ვერ შეძლებდა, მაგრამ ნაკრების ექიმების დახმარებით ტატამზე მაინც გავიდა. იქ კი რაც გააკეთა, ყველამ კარგად ნახა. უმაღლესი კლასის და რაც მთავარია მებრძოლი ხასიათის დახმარებით ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, თან ისე, რომ არც ერთი მეტოქისთვის შანსი არ დაუტოვებია. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ ესეც არ იყო ჭრიკიშვილის მაქსიმუმი.

- 90 კილოგრამში გულშემატკივრები ქართულ ფინალს ელოდნენ...

- სავსებით რეალური შედეგი იქნებოდა. ზვიად გოგოჭურმა წლეულს გამართულ ტურნირებზე არაერთხელ დაამტკიცა თავისი ძალა, მაგრამ სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულად ეფექტურად ჭიდაობა ვერ შეძლო. ეს ალბათ ფსიქოლოგიური მომენტი უფრო იყო. თავისი თავის მეტად უნდა ირწმუნოს და შედეგებიც მოვა.

- ამ წონაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა. მისი ჭიდაობის ხარისხით კმაყოფილი დარჩით?

- ლიპარტელიანს წლის დასაწყისში ტრავმა აწუხებდა და მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი გაუცდა, მაგრამ იგი უმაღლესი დონის სპორტსმენია. წარმატებას კლასისა და არნახული მონდომების ხარჯზე მიაღწია. 90 კილოგრამი ერთ-ერთი საუკეთესო წონაა ჩვენი ნაკრებისთვის.

- იგივეს ვერ ვიტყვით 100 კილოგრამზე, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი უსუსტესი წერტილია. ამჯერად შანსი დებიუტანტს მიეცით, მაგრამ წარუმატებლად გამოვიდა. მისგან მეტს ელოდით?

- გურამ თუშიშვილი პერსპექტიული ახალგაზრდაა. ასაკობრივ ჩემპიონატებში თავისი სიტყვა არაერთხელ უთქვამს. დარწმუნებული ვარ, უფროსებშიც შეუძლია წონის ლიდერად ჩამოყალიბება, მაგრამ ამისთვის პირველ ყოვლისა გამოცდილება სჭირდება. მაქსიმალურად ვეცდებით, ადაპტაცია გავუადვილოთ, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებს სრულ მზადყოფნაში რომ შეხვდეს.

- მძიმე წონაში ფრანგულ ტატამზე ორი ძიუდოისტი გაიყვანეთ. ადამ ოქრუაშვილის და ლევან მატიაშვილის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- მატიაშვილით დავიწყებ – ახალგაზრდა იმედისმომცემი სპორტსმენია, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ამჯერად თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო, რაც მნიშვნელოვანწილად მოსამზადებელ პროცესში მიღებული ტრავმის ბრალია. რაც შეეხება ადამ ოქრუაშვილს, მას ტედი რინერის ფაქტორის გათვალისწინებით ოქროს არავინ უწინასწარმეტყველებდა. მართლაც ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ ამ შედეგში თავიანთი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. რომ არა მათი საკამათო გადაწყვეტილება, ადამს საფრანგეთშივე შეეძლო დაემსხვრია მითი რინერის უძლეველობის შესახებ. იმედია ამას სამომავლოდ მოახერხებს. უფრო კარგად საჭიდაოდ კი ზედმეტ წონის დაკლებაც დასჭირდება.

- საფრანგეთში ერთი ტიტული თქვენც მოიპოვეთ. ელოდით საუკეთესო მწვრთნელად დასახელებას?

- კულუარებიდან ვიცოდი, რომ პრიზი უნდა გადმოეცათ. ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ აქვე დავამატებ, ეს მიღწევა მთელი ნაკრების დამსახურებაა. ვამაყობ, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ.

- ბოლოს ისევ გუნდურ პირველობას მივუბრუნდეთ, რომლითაც ფრანგული ევროპის ჩემპიონატი დასრულდა...

- უკვე ყველა აღიარებს, რომ გუნდურში ქართველების დამარცხება წარმოუდგენელია და რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, ისაა, რომ ამის მიზეზად ჩვენი ბიჭების ინდივიდუალურ სიძლიერესთან ერთად ერთ მუშტად შეკრულ კოლექტივს ასახელებენ. ამ მოსაზრებას აბსოლურურად ვეთანხმები. როდესაც გუნდური ჩემპიონატია, ჩვენს ნაკრებში ისეთი მუხტი ტრიალებს, დამატებითი მოტივაციის შექმნაზე საუბარიც ზედმეტია. ბიჭები თავად განაწყობენ ერთმანეთს საბრძოლველად. საფრანგეთში პირველ ნომრად ვიყავით განთესილები, მაგრამ კენჭისყრაში აშკარად არ გაგვიმართლა. ფაქტობრივად ორი ფინალი ვიჭიდავეთ – ჯერ საფრანგეთთან, შემდეგ კი ტრადიციულად, რუსეთთან.

- სეზონის პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება წარმატებით ჩაატარეთ. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას როდიდან იწყებთ?

- ბიჭებს ერთი კვირა აქვთ დასასვენებლად. შემდეგ კი გეგმაზომიერად შევუდგებით ვარჯიშს. 14 მაისს თურქეთში გავემგზავრებით, ერთობლივ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა იმ შეკრებას ძალების აღსადგენად უფრო გამოვიყენებთ. ჩელიაბინსკში (25-31 აგვისტო) გასამართ მსოფლიოს პირველობამდე ერთობლივ ვარჯიშებში კიდევ ერთხელ ჩავერთვებით – ივლისში იაპონიაში. ამასთან, ოთხ ტურნირზე გამოვალთ.

- კონკურენციის დასაწმენდად შიდა ტურნირის ჩატარებასაც ხომ არ გეგმავთ?

- არა. უკვე არსებობს სანაკრებო ბირთვი და მსოფლიოს ჩემპიონატის სამზადისში სწორედ ეს 14-16 კაცი ჩაერთვება.

0.14328