საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ერთი კვირის შემდეგ გასამართი მოსკოვის “დიდ სლემზე” გამომსვლელი შემადგენლობა დაასახელა. რუსულ ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავა და ეს ტურნირი იქნება ბოლო რეპეტიცია მსოფლიოს ჩემპიონატის (რიო დე ჟანეირო. 26 აგვისტო–1 სექტემბერი) წინ. უზნაძემ “დიდი სლემის” განაცხადი ნაკრების უმთავრესი კანდიდატებით შეავსო, მაგრამ რამდენიმე გამოცდილი შეგირდი განაცხადს მიღმა დატოვა. მომავალ ტურნირთან და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისთან დაკავშირებით ირაკლი უზნაძე “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა.
- მოსკოვური “სლემი” მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო ტურნირია. რა შემადგენლობით მიდიხართ რუსეთში?
- 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. 66-ში – შალვა ქარდავა და ტრისტან ფეიქრიშვილი, 73-ში – ზებედა რეხვიაშვილი, 81-ში – ლევან წიკლაური, 90-ში – ზვიად გოგოჭური, 100-ში – ვარლამ ლიპარტელიანი და ნოდარ მეტრეველი, ხოლო მძიმე წონაში – ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი.
- განაცხადში არ არიან ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ)...
- შავდათუაშვილს ბოლოხანს ისევ საზარდულის ტრავმა აწუხებდა. მართალია, საგანგაშო მდგომარეობა არაა და უკვე სრული დატვირთვითაც ვარჯიშობს, მაგრამ ამ ეტაპზე ტატამზე მისი გაყვანა მაინც არ გავრისკეთ. ტატალაშვილი და ჭრიკიშვილი კი ამჯერად დავასვენეთ. სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაკურიანის შეკრება დავასრულეთ. მასზე ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ, ძალიან დაიტვირთნენ და ასე უცებ ზედმეტი წონის კლებას ავარიდეთ.
- მსოფლიოს ჩემპიონატამდე მათ სატურნირო გამოცდილების მიღების საშუალება აღარ ექნებათ. ეს ხომ არ შეუშლით ხელს ბრაზილიაში?
- სატურნირო გამოცდილების ნაკლებობას არ ვუჩივით. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველამ იჭიდავა საერთაშორისო არენაზე. ასე რომ, სანერვიულო არაფერია.
- ვარლამ ლიპარტელიანის 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაყენების მიზეზიც ზედმეტი წონაა?
- რა თქმა უნდა. ზედმეტი კილოგრამების ამ ეტაპზე დაკლება აუცილებელი ნამდვილად არ იყო.
- მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვეზე ცოტა მეტი რჩება. როგორ გამოიყენებს ნაკრები ამ დროს?
- ამჟამად თბილისში ვვარჯიშობთ. “დიდი სლემის” შემდეგ ორი დღით მოსკოვში საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად დავრჩებით. შემდეგ კი სოჭში გავემგზავრებით, სადაც 24-31 ივლისს გაიმართება ერთობლივი შეკრება. თბილისში დაბრუნებიდან სამიოდ დღეში ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას ათი დღით ყვარელში ჩავიყვანთ. 17 აგვისტოს კი უკვე ბრაზილიაში გავემგზავრებით და მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ერთკვირიან ეტაპს იქვე გავივლით. ამასთან, აკლიმატიზაციის პრობლემასაც იოლად დავძლევთ.