ფეხბურთი

10:30 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი სირბილაძე : “ბრძოლა ყველასთან შეიძლება”

 

         16 აგვისტოს ფინეთის თასის ნახევარფინალში ტურკუს “ინტერმა” სტუმრად “ლაჰტი” დაამარცხა და ფინალში გავიდა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებითი დროის მე -7 წუთზე კი გადამწყვეტი გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა.

  აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” მეოთხედფინალშიც 2:1 მოიგო და სირბილაძემ მაშინაც გოლით გამოიჩინა თავი.

  ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და არა მარტო თასზე, ჩემპიონატზეც გააქვს გოლები. “ლაჰტთან” გამართულ შეხვედრაზე, მომავალ გეგმებზე და ეროვნულ ნაკრებზე სირბილაძემ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.

  _ ირაკლი პირველ რიგში თასის ფინალში გასვლას გილოცავ. ჩანს რომ კარგ ფორმაში ხარ.. 

 _ მადლობა. რთული თამაში იყო, მაგრამ რაც მთავარია შევძელით ფინალში გასვლა, თან ორმაგად სასიხარულოა რომ გადაწმყვეტი გოლის გატანა შევძელი. ფინალში “ჰიკს” დავუპირისპირდებით და შევეცდებით დავამარცხოთ. ნორმალურ ფორმაში ვარ, ამ სეზონში 10 გოლის გატანა შევძელი და ჯერ ყველაფერი წინაა.

  _ ჩემპიონატში “ინტერის” მიზანი რა არის და სხვა გუნდებიდან თუ გქონდა შემოთავაზება?

  _ ჩვენი მიზანი სამეულში შესვლა და თასის აღებაა. გამოგვივა ეს თუ არა მომავალი გვიჩვენებს. სხვა გუნდებიდან დაინტერესება სულ არის, მაგრამ წლებია აქ ვთამაშობ და აქაურობას შევეჩვიე. ამიტომ აქ გადავწყვიტე დარჩენა.

 

  _ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება ევრო 2016 შესარჩევ ციკლში. შენი აზრით, რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს და ელოდები თუ არა ნაკრებში გამოძახებას?

   _ ბრძოლა ყველა გუნდთან შეიძლება. ირლანდია არაა ის ნაკრები, რომლის დამარცხება საქართველომ ვერ შეძლოს. ბევრად უფრო ძლიერი ნაკრები იყო ხორვატია, მაგრამ ბრძოლის და მონდომების ხარჯზე დავამარცხეთ და იმედია 7 - შიც ასე მოხდება. რაც შეეხება გამომიძახებენ ნაკრებში თუ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. მწვრთნელი ვისაც საჭიროდ ჩათვლის იმას გამოიძახებს.

 

 ედემი ელერჯია

0.116372