უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა, 20 წლის ირაკლი მესხიამ განაცხადა, რომ არა უჟგოროდის "ჰოვერლაში", არამედ "მეტალისტში" გადავიდა. შეხსენებისთვის, მესხია კიევის "ობოლონში" გამოდიოდა. ირაკლი უკრაინულ პრესას ესაუბრა.
- აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ უჟგოროდში გადასვლა ვერ მოხერხდა, რადგან კლუბში პრობლემები შეიქმნა. აგენტმა "მეტალისტში" გადასვლა შემომთავაზა. ეს უკრაინის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მუდამ სამეულშია. და ვფიქრობ, ბევრ ფეხბურთელს სურს "მეტალისტში" გადასვლა. ხარკოველებმა 3-წლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს და დავთანხმდი.
- "მეტალისტის" მთავარ მწვრთნელს ესაუბრეთ?
- არა, რადგან სულ ახალი მისული ვარ. ნაკრების თამაშში მუხლის ტრავმა მივიღე, ასე რომ, ჯერ აღდგენით პროცესში ვარ, ფორმას ვიკრეფ. შემდეგ კი, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.
- "მეტალისტის" ძირითად გუნდში ახალგაზრდები თითქმის არ თამაშობენ. ეს ფაქტი არ გაღელვებთ?
- არა. როცა აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ პირველ გუნდში თავიდანვე ვერ ვითამაშებდი. ჯერჯერობით, ახალგაზრდულ გუნდზეა საუბარი. "მეტალისტის" პირელ გუნდში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, ამიტომაც, ახალგაზრდას იქ თამაში გაუჭირდება. ვიბრძოლებ და იმედია, ყველაფერი გამომივა.







