საქართველოს მორაგბეთა წლევანდელი ჩემპიონატი უპრეცენდენტოდ დაძაბული გამოდგა. იმ გამოკვეთილ ექვსეულს, რომლებიც პირველობისთვის გასულ სეზონში იბრძოდნენ, წელს ბოლნისის “ყოჩებიც” დაემატა და ახლა არავინ იცის, რეგულარული პირველობის შემდეგ, რომელი გუნდი დარჩება პლეი ოფს მიღმა.
საქართველოს უძველესმა კლუბმა, გასული გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულა და უძლიერესთა შორის ადგილი გადათამაშებაში მიღწეული წარმატებით შეინარჩუნა. მერე, “ყოჩებს” სახელმწიფო პროგრამამ, რომლის მიხედვითაც უმაღლესი ლიგის კლუბებმა თანაბარი ოდენობის თანხა მიიღეს, სულზე მოუსწრო. კლუბის ხელმძღვანელობამ დამატებითი სახსრებიც გამოძებნა - ბოლნსისი მუნიციპალიტეტმა სპონსორობა ითავა, გუნდმაც გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იცვალა - ბოლნისის “ყოჩები” გახდა.
გამართულმა ფინანსურმა მდგომარეობამ, სხვადასხვა ქართულ გუნდებში მიმობნეული მორაგბეთა ნაწილი მშობლიურ კლუბში დააბრუნა და “ყოჩებიც” პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. ახლახანს, გუნდამა ორი ლეგიონერი დაიმატა - რუმინეთის ჩემპიონ “ტიმიშოარადან” გიორგი ხოსიტაშვილი და რუსეთის მრავალგზის ჩემპიონ და 2013 წლის ფინალისტ “ენისეიდან”, ვეტერანი “ბორჯღალოსანი” რატი ურუშაძე.
რეგულარული პირველობის დასრულებამდე, ჯერ კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი და თამაშები 1 მარტს განახლდება, მანამდე კი, “მსოფლიო სპორტი” განვლილ პერიოდზე, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე, “ყოჩების” მწვრთნელ ირაკლი გიორხელიძეს ესაუბრა.
- გუნდმა, რომელიც გასულ სეზონში ბოლო ადგილი დაიკავა, წლევანდელი ჩემპიონატი სრულიად განსხვავებულად დაიწყო. რამ განაპირობა “ყოჩების” ასეთი პროგრესი?
- ასეთი ცვალებადობა იმ სახელმწიფო პროგრამის დამსახურებაა, რომელიც კლუბებმა საქართველოს რაგბის კავშირის მეცადინეობის შედეგად მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ გვერდში დაგვიდგა ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც დამატებით სპონსორობას გვიწევს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, “ყოჩებს” დაუბრუნდა მისივე აღზრდილი, გამოცდილ მორაგბეთა დიდი ნაწილი, რომლებიც მანამდე სხვადასხვა კლუბებში იყვნენ გაბნეულნი. გამოცდილი ბიჭების დამატება უკვალოდ არ ჩაივლიდა, ახლა ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ და შედეგიც სახეზეა - წელს პლეი ოფის საგზურისთვის ვიბრძვით.
- ჩემპიონატის განვლილი ნაწილი ორ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ - ნოემბრის სანაკრებო ტესტ-მატჩებით გამოწვეულ პაუზამდე, “ყოჩებმა” რამდენიმე ლიდერის დამარცხება მოახერხა, მაგრამ აუტსაიდერთა სამეულის გუნდებთან წარმატებების მიღწევა, გაუჭირდა...
- სეზონისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და პირველ მატჩში, ჩემპიონი “ლელოს” დამარცხება მოვახერხეთ. ჩემი აზრით, ნოემბრამდე პერიოდში, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. მაგრამ მერე შეთამაშების პრობლემამ იჩინა თავი. ინდივიდუალურად ყველა მათგანი დიდი ძალაა, მაგრამ ერთად ყოფნას და შეთამაშებას სხვა დატვირთვა აქვს.
ახალი გუნდი, ფაქტობრივად, ბოლო მომენტში შევკრიბეთ. დაბრუნებულებს ის ბიჭები დახვდნენ, რომლებიც ჩვენთან გასულ სეზონში თამაშობდნენ და მათი ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება ძლიერ განსხვავდებოდა. სწორედ ამიტომ, წყვეტილ თამაშს ვაჩვენებდით - 20 წუთს თუ კარგად ჩავატარებდით, დანარჩენი ერთი საათი არაფრად ვარგოდა, სერიოზული ჩავარდნები იყო. გარდა ამისა, გუნდში დაახლოებით 36 ისეთი მორაგბე გვყავდა, რომლებიც სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებად განიხილებოდა და ყველა მათგანი უნდა გვენახა საქმეში. ისინი, ვინც თამაშს იწყებდნენ და ვინც სათადარიგოთა შორის რჩებოდა, ისინიც, ვინც რომელიმე კონკრეტულ მატჩში განაცხადს მიღმა რჩებოდა, მაღალი დონის ოსტატები არიან და ჩვენ შანსი ყველასთვის უნდა მიგვეცა. არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ყოველდღიურად იზრდებიან და არც მათი უგულებელყოფა შეიძლებოდა. აი, ამ შეთამაშების და ერთგვარი სელექციის პროცესმა მტკივნეულად ჩაიარა და ეს, რიგ შემთხვევებში, შედეგზეც უარყოფითად აისახა.
- და მაინც, “ლელოს” დამარცხების და სხვა ძლიერ გუნდებთან ბოლომდე ბრძოლის შემდეგ, ცოტა უცნაურად ჩანს ის, რომ “ყოჩებმა”, აუტსაიდერთა სამეულის გუნდებიდან, მხოლოდ “ბათუმთან” მოახერხა პრემიალური ქულის აღება.
- უწინარესად, მინდა ვთქვა, რომ ამ ჩემპიონატში აუტსაიდერი გუნდები აღარ არიან და ეს ცნება პირობითია. “ბათუმიც”, “ხარებიც” და “აკადემიაც”, გამართულ რაგბს თამაშობს, ყველა მათგანს აქვს ძლიერი მხარე და ორ-ორი გამოცდილი მოთამაშე რომ დავუმატოთ, ისინი ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებენ. მათი წარუმატებლობები, მხოლოდ პერიოდული ჩავარდნების ბრალია. საცოდაობა იქნება რომელიმე მათგანის უმაღლესი ლიგიდან გავარდნა და სულაც არ ვთვლი, რომ მათთან პრემიალური ქულის ვერაღება კატასტროფაა. ჩვენც გვქონდა პრობლემები, ვერც მათთან ვითამაშეთ ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ უპრემიო მოგებაც დამაკმაყოფილებელი შედეგია.
- სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუნდმა ოთხიდან მხოლოდ ერთი თამაში წააგო და ის ერთიც, მინიმალური სხვაობით. თამაშის ხარისხი უკეთესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ გუნდი საბოლოოდ შეიკრა და მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად მზადაა?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ასეა. სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა კარგად გამოვიყენეთ, სამწვრთნელო შტაბს ფიზმომზადების მწვრთნელი დაემატა, ჩვენი ვარჯიშები უფრო ორგანიზებული და კომპლექსური გახდა და ამან შედეგი მოიტანა. “ლოკომოტივთან” დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. სამაგიეროდ, “ლელოსთან” საოცარი თამაში მოვიგეთ. ამ მოგებას, მთლად გამართლებას ვერ ვუწოდებ, ბიჭებმა იშრომეს, მაგრამ გარკვეულწილად გამართლებაც იყო. ამ მოგებაში, ფიზიკურმა მომზადებამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი იყო “ჯიქებთან” მოგება, რომელიც პირადად ძალიან მომწონს.
- “ლელოსთან” მეორე მატჩში, “ყოჩებმა” მეტოქე დიდი ხნით მივიწყებულ “სარბიელის სინზე” გამოიწვია და ჯილდოც მოიპოვა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მისი დაუფლება?
- ჩემი თაობის მორაგბეებს კარგად ახსოვთ ეს სინი და ერთგვარი დაუწერელი კანონი იყო, რომ წაგებელი გუნდი მოგებულს ლუდზე ეპატიჟებოდა. ამას თავისი ხალისი ჰქონდა და იმედია, მომავალში ეს ტრადიციაც აღდგება, რაც ამ ყველაფერს კიდევ მეტ ხალისს შემატებს. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო “სარბიელის სინის” მოგება, რადგან ბიჭებმა ჯილდო მოიგეს, თანაც ჩემპიონთან და კარგადაც მოვილხინეთ.
- სეზონის დაწყების წინ რა იყო “ყოჩების” მიზანი და რა არის ახლა, როდესაც ქვეყნის ჩემპიონს “სარბიელის სინი” ჩამოართვით?
- სეზონის წინ, შემადგენლობას და ჩვენს მდგომარეობას რომ გადავხედეთ, მიზნად პლეი ოფში გასვლა დავისახეთ და მიზანი არც ახლა შეცვლილა. მერე ყველასთან ერთი თამაშია და ამ ბიჭებს შესწევთ იმის ძალა, რომ ის ერთი კონკრეტული თამაში, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ნებისმიერ გუნდს მოუგონ და ვნახოთ, რა გამოვა. რეგულარული პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი, ყველა გუნდს უწევს ერთმანეთთან თამაში. დარწმუნებული ვარ, სატურნირო ცხრილში ცვლილებებიც მრავლად იქნება. ვფიქრობ, დღეის გადასახედიდან, ჩემპიონობის მოპოვების შანსი შვიდივე მოწინავე გუნდს აქვს, ბოლომდე იბრძოლებენ ქვედა სამ საფეხურზე მყოფი გუნდებიც და დარჩენილ მატჩებში ქულების აღება, ყველას ძალიან გაუჭირდება.
- თქვენს გუნდს შემდეგი თამაში მარტის დასაწყისში, ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ “არმაზთან” ელის. მანამდე დიდი დროა და სად, როგორ აპირებთ ამ შეხვედრისთვის მომზადებას?
- მზადება 9 იანვარს, “ავჭალის” სტადიონზე დავიწყეთ და “არმაზთან” თამაშამდე თბილისში მოვემზადებით. ამის შემდეგ, კიდევ სამკვირიანი შესვენება გველის და რამდენიმედღიან შეკრებას, სავარაუდოდ, მაშინ გავივლით. ამ თვენახევრიან პაუზას, მხოლოდ “არმაზთან” მატჩისთვის კარგად მოსამზადებლად გამოვიყენებთ, რადგან მისი მოგებით, პლეი ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ. სამწუხაროდ, მოსამზადებელ პერიოდში ჩვენთან არ იქნება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბეგაძე, რომელიც სანაკრებო შეკრებაზეა და დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდება. ეროვნული გუნდის შეკრებაზეა ლევან გოგოლაშვილიც.
- რა ცვლილებებია “ყოჩების” შემადგენლობაში?
- წასვლით არავინ წასულა, მაგრამ გვაქვს ისეთი ტრავმები, რომ სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დაბრუნება გაუჭირდებათ. ჯაბა მალაღურაძე კისერმა კვლავ შეაწუხა და ზუსტად არ ვიცით როდის შეძლებს თამაშს. გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით, ჩვენთან ვერ ვარჯიშობს ერეკლე მეტრეველი. ამ ორივე მორაგბეს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ განვიხილავდი. ამასთან, ძალიან დიდი ძალაც შევიძინეთ. დაგვემატა ორი გამოცდილი მორაგბე - რუმინეთის ჩემპიონატიდან გიორგი ხოსიტაშვილი. ის რუმინეთის ჩემპიონი გახდა, ახლა კი, ჩვენთან ითამაშებს და მისი დიდი იმედი მაქვს. ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი რატი ურუშაძე, რომელიც უკვე დიდი ხანია რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს და რამდენჯერმე გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი. ის არა მარტო მოედანზე, არამედ, მის გარეთაც ბევრ რამეში უნდა მოგვეხმაროს.