ძიუდო

10:07 | 16.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძე: რახან დავრჩი, ჩრდილში დგომას არ ვაპირებ

ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ სანაკრებო შეკრება მიატოვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამირან ტოტიკაშვილის გუნდი ბათუმში სარეაბილიტაციო შეკრებაზე იმყოფება, რომელზეც ძირითადი ყურადღება სპორტსმენთა დასვენებას ეთმობა, ცირეკიძესთან მიმართებაში სანერვიულო არაფერია. მით უფრო, თუკი უმთავრეს მიზეზსაც შევიტყობთ - ნაკრების ყველაზე ტიტულოვან წევრს ვაჟი შეეძინა. ირაკლი ცირეკიძეს “მსოფლიო სპორტი” ქუთაისში შეეხმიანა.
ირაკლი ცირეკიძე: ბათუმში გუნდთან ერთად ჩავედი და გეგმაზომიერად ვემზადებოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც შემატყობინეს, რომ ვაჟი შემეძინა, ქუთაისში დავბრუნდი. თანაგუნდელებს რამდენიმე დღეში ისევ შევუერთდები.
- გამოდის, სერიოზულად მიუდექი საქმეს?
- რა თქმა უნდა.
- არადა ორიოდ თვის წინ აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გქონდა გადაწყვეტილი...
- მართლაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ რახან გადავიფიქრე, საყვარელ საქმეს ისევ მთელი გულისყურით ვუდგები. სპორტში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო და ჩრდილში არ ვიდგე.
- ახლახან, მადრიდის მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვე. კმაყოფილი დარჩი შენი ჭიდაობით?
- პირველ ყოვლისა გეტყვით, რომ შედეგით კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ჭიდაობას, ამ ეტაპისთვის ყველაფერი რიგზეა. ოპტიმალურ ფორმამდე მართალია ბევრი მიკლია, მაგრამ ამჟამად სასურველიც არაა საუკეთესო ფორმაში ყოფნა. პიკს გეგმაზომიერი მუშაობით უნდა მივაღწიო.
- როდის?
- გეგმის მიხედვით, საშემოდგომოდ. სექტემბერში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გასავლელ მოსამზადებელ ციკლში ხომ რამდენიმე შეკრებაა შეტანილი.
- მსოფლიოს ჩემპიონატამდე სანაკრებო გეგმაში ერთი საერთაშორისო ტურნირიცაა. მასზეც იჭიდავებ?
- აუცილებლად. 3-4 ივლისს მოსკოვის “დიდი სლემია”, რომელზეც 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგის ქულებიც გათამაშდება.
- უკვე მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ იქამდე მთელი რიგი წინაღობებია დასაძლევი. პირველ ყოვლისა, ახალ წონით კატეგორიას კარგად უნდა შევეჩვიო და შიდა კონკურენციაშიც პირველობისთვის უნდა ვიბრძოლო.
- 9-13 სექტემბერს, ტოკიოში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნები 2-2 შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილი. ეს სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის კარგი იქნება თუ ცუდი?
- თუ საფუძვლიანად მოვემზადები და პირველი ნომრების დასამარცხებლად მზად ვიქნები, მეორე ნომრების ძლევაც შესაძლებელი იქნება. თუმც ვეთანხმები აზრს, რომ წარმატების მიღწევა ერთიორად გაძნელდება. არა მარტო ჩვენთვის. იგივე პრობლემა შეექმნებათ სხვა ქვეყნის ძიუდოისტებსაც.

ოთარ მაღლაკელიძე

“მსოფლიო სპორტის” რედაქცია ულოცავს ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ძიუდოისტს, ირაკლი ცირეკიძეს ვაჟის შეძენას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094964