ძიუდო

21:36 | 22.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ცირეკიძე და გურამ მოდებაძე დავით ხახალეიშვილს მხარს უჭერენ

დღეს, 22 ნოემბერს, დიღმის მასივში მდებარე ძიუდოს ფედერაციის დარბაზში გამართული პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ხახალეიშვილის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციას, საქართველოს ძიუდოისტთა  ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ძიუდოს მწვრთნელი, გურამ მოდებაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ცირეკიძე: “ძიუდოს პრობლემები მისი ოჯახის გარეშე არ უნდა წყდებოდეს. შოთა ხაბარელმა ჩვენი, სპორტსმენების ფული წაიღო და ახლა ამით აპირებს არჩევნების მოგებას. მისი “დამსახურებაა”, რომ ჯარჯი ზვიადაურმა (საბერძნეთი) და რუსლან გედენიძემ (საბერძნეთი), საქართველოს ნაცვლად უცხო ქვეყანა ასახელეს. თვითონ გედენიძეს აქვს ჩემთვის ნათქვამი, შოთა ხაბარელმა მითხრა, შენს წონაში (60 კგ.) უპირატესობას ნესტორ ხერგიანს ვანიჭებ. ამიტომ, ხელს შეგიწყობ და რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიგაღებინებო. უცხოეთში წასვლის შემდეგ, გედენიძე რამდენჯერმე დაუპირისპირდა ხერგიანს, ხშირად ამარცხებდა და მედლისკენ გზა გადაუღობა. მე დამატებითი სატკივარი მაქვს. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულს მადლობაც კი არავის უთქვამს. თითქოს მედლებით განებივრებული ვიყოთ. მიმდინარე წელიწადი დასრულებულია, დასაგეგმავია ახალი, 2013 წელი...”
გურამ მოდებაძე: “გედენიძის წასვლა ცუდი ფაქტი იყო. კიდევ უფრო ცუდი ფაქტი იყო ჯარჯი ზვიადაურის წასვლა, რომელიც საბერძნეთის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. არადა, საქართველოს ძიუდოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ჯარჯი ზვიადაური უპერსპექტივო სპორტსმენად ჩათვალა. ამის გამო, ყველაზე დიდი დარტყმა მე მივიღე, რადგან იგი ჩემი მოსწავლე იყო. ყველა პირობას მიქმნიან, რომ სპორტს შევეშვა...”
შეგახსენებთ, რომ ხახალეიშვილმა, მის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დამიბარა, ჩვენს შეხვედრას პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი და ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ხაბარელიც ესწრებოდნენ. მინისტრმა მითხრა, რომ პრეზიდენტობის საკითხი გადაწყვეტილია და თუ სურვილი გაქვს, ვიცეპრეზიდენტად დაგნიშნავთო. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან მსურს, არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის საკითხი ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს”.


როლანდ ლაბუჩიძე

0.128816