“სოხუმის” კაპიტანს ირაკლი ჩლაიძეს ინტერვიუზე პარასკევს შევუთანხმდი. “ბათუმთან” მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა და საუბარი შევთავაზე, რაზეც ირაკლი თავაზიანად დამთანხმდა. დღევანდელი ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ კი უსახსროდ დარჩენილმა სოხუმელებმა თამაში იუარეს, საგანგებო განცხადება გააკეთეს და პრესკონფერენციაც გამართეს, ამიტომაც ჩვენი საუბარი წინასწარ დაგეგმილ კითხვა-პასუხს ასცდა.
- საუბრის დაწყებას სულ სხვა თემით ვაპირებდით, მაგრამ დღეს განვითარებულ ამბავს გვერდს ვერ ავუვლით...
- კონტრაქტები “შპს სოხუმთან” გვაქვს გაფორმებული. ხელშეკრულებებს ერთის მხრივ მინდია გულუა და ინდივიდუალურად გუნდის კალათბურთელები ვაწერთ ხელს. ჩვენი ადვოკატი თითოეული კალათბურთელის სახელით ორშაბათს სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს და 6 თვის სახელფასო დავალიანებისა და პრემიის დაფარვას სამართლებრივი გზით ვაპირებთ. საჩივარს ნიკა მეტრეველიც შეიტანს, რომელიც “სოხუმში” უკვე არ თამაშობს. ამასთან, კლუბის ლეგიონერები ჟოშუა ჯექსონი, ჯერემი სიმონსი და პეტარ ივანიჩი ფიბაშიც აპირებენ სარჩელის შეტანას. იმედია, ჩვენი პრობლემები კალათბურთის სასიკეთოდ გადაიჭრება და როგორც კი შესაბამისი სტრუქტურებიდან თანადგომას ვიგრძნობთ, თამაშს გავაგრძელებთ.
- მოდით, წმინდა საკალათბურთო თემებზე გავაგრძელოთ დიალოგი. რა შეფასებას მისცემთ მიმდინარე სუპერლიგას და გათამაშებაში “სოხუმის” ასპარეზობას?
- საწყენია, მიმდინარე ჩემპიონატს სტუდენტური გუნდები რომ დააკლდნენ. უწინდელთან შედარებით ლეგიონერების ნაკლებობაცაა, ამის მიუხედავად, გათამაშებას სიმწვავე არ აკლია. იმედია, ჩვენი სუპერლიგა კიდევ უფრო განვითარდება და წინ წავა. საამისოდ გულშემატკივრების მეტი აქტიურობაცაა აუცილებელი. ქომაგებს საკალათბურთო მატჩებზე დასწრებისკენ მოვუწოდებ. გუნდებს რაც შეეხება, ფავორიტის დასახელება მიჭირს, რამდენიმე კოლექტივი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისაა. თბილისის “დინამო” როგორც ქართველი, ასევე ძლიერი უცხოელებითაა დაკომპლექტებული. მწვრთნელიც კარგი ჰყავს. “ბათუმის” წინააღმდეგ აჭარის დედაქალაქში თამაში წარმოუდგენლად ძნელია. მითუმეტეს, გუნდს სოლიდური ძალის ლეგიონერები ჰყავს. სიმპათიური გუნდია “ქუთაისი”, რომელიც ავტორიტეტებს არ სცნობს. ერთბაშად საქართველოს ნაკრების რამდენიმე ყოფილი მოთამაშეა თავმოყრილი “არმიაში”. კოტე ტუღუშის განკარგულებაში გამოცდილი, ძლიერი ქართველი კალათბურთელებია, რომლებსაც ლაშა ფარღალავაც დაემატა. წამყვან გუნდებს შორის “სოხუმიცაა”. ჩემთვის უსაყვარლესი კლუბი ერთ მუშტად შეკრული კოლექტივია და გუნდი საკუთარ ოჯახად მიგვაჩნია. ლეგიონერები რომც არ გვყავდეს, მაინც საფინალო სირენამდე ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- უფინანსობაზე უკვე ვთქვით, კიდევ რომელი ობიექტური მიზეზი უშლის გუნდს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში?
- ტრავმებმა გაგვაწამეს. მთელი სეზონის ვახტანგ ქადარია წელის ტკივილის გამო ბოლომდე ვერ იხსნება. “სოხუმისთვის” იგი მეტად სასარგებლო და მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ვახტანგის უდრეკ ხასიათზე ერთი ფაქტის მოყვანაც საკმარისია – სუპერლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს მას 39 გრადუსამდე სიცხე ჰქონდა, თუმცა მაინც მთელი დატვირთვით იასპარეზა. ტრავმებმა არც მე დამინდეს. ფეხის კუნთი მქონდა გაწყვეტილი და ქორქია-საკანდელიძის სახელობის მემორიალის ფინალში “ცალი ფეხით” ვითამაშე. რამდენიმე მატჩის წინ ექიმები მოედანზე გასვლას მიკრძალავდნენ, მაგრამ მაინც ვთამაშობ – გუნდს უკაპიტნოდ არ დავტოვებ. ჩვენი გუნდი ბოლო სეზონების განმავლობაში ერთ-ერთ წამყვან ქართულ გუნდად რჩება. ჯერემი სიმონსი მაღალი დონის კალათბურთელი და კარგი პიროვნებაა. იგი ჩვენი კლუბის ნამდვილი პატრიოტი გახდა. ჩვენი ყოფილი წევრი ჯოშუა ჯექსონი იტალიის სერია A-ში წავიდა, პეტარ ივანიჩი კი სერბეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. “სოხუმში” უთამაშიათ იმ ქართველ მოთამაშეებსაც, რომლებიც დღეს წარმატებით სხვა კლუბებში გამოდიან. გიორგი ჯგერენაია, მიშა ბერიშვილი, ზვიად ანთაძე, სერგო ათუაშვილი, ნიკა მეტრეველი, ლევან ფაცაცია, ლაშა ფარღალავა. აი, არასრული სია ამ კალათბურთელებისა. სწორედ “სოხუმიდან” მოხვდნენ საქართველოს ეროვნულ გუნდში ფარღალავა და ფაცაცია.
- რადგან სანაკრებო თემას შევეხეთ, გკითხავთ – ეროვნულ გუნდში თამაშის ამბიცია გაქვთ?
- შარშან კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ტრავმა მივიღე და 2 მეტად ნაყოფიერი თვე გამიცდა. ამან ხელი შემიშალა, მაგრამ ბრძოლისუნარიანობა და ჟინი კიდევ უფრო მომემატა. ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში საოცნებოა. თანაც საამისო სურვილი და ამბიცია მაქვს. ჩემი აზრით, ჩვენი ეროვნული გუნდის კანდიდატთა შორის მოხვედრას ვახტანგ ქადარიაც იმსახურებს.
- კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან გიმუშავიათ. რომელ სპეციალისტს გამოარჩევთ?
- კალათბურთის ანბანი ნუგზარ მარკოიშვილმა შემასწავლა. მისი დამრიგებლობით თსუ-ში გამოსვლისას 1989-90 წლებში დაბადებულ ბავშვთა საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. 2 წელიწადი თამაზ ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი, ვმუშაობდი ჯამლეთ ხუხაშვილთანაც. 15 წლისა სოხუმის “კოლხაში” მოვხვდი და ერთ-ერთ მატჩში ვაჟა კვარაცხელიამ სასტარტო ხუთეულშიც დამაყენა. ამან საიმისო იმედი გამიჩინა, დიდ კალათბურთს რომ ვითამაშებდი. 2010-11 წლების სეზონის მსვლელობისას “სოხუმის” მთავარ მწვრთნელად ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგატსკისი დაინიშნა. მის ჩამოსვლამდე შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება ნაკლებად მეძლეოდა, ბალტიისპირელს კი ვარჯიშისას მოვეწონე და დაასკვნა, თამაშს რომ ვიმსახურებდი. პლეი ოფის მეოთხედფინალში მეტად ძლიერ “შსს აკადემიას” ვხვდებოდით. 2 მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. მესამე, გადამწყვეტი პაექრობის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე 8 ქულას ვაგებდით. Aმ დროს ბაგატსკისმა მითხრა, გენდობი, თავისუფლად ითამაშეო. პარკეტზე დაბრუნებისთანავე სამქულიანი ჩავაგდე, შემდეგ 2 მოხსნა შევასრულე, ბესიკ ლეჟავას ბურთი ჩავუჭერი. ჩაჭრამდე ამერიკელმა ლეგიონერმა იუჯინ ჰარისმა სამიანი ჩააგდო. ამის შემდეგ მეც ორქულიანი ზუსტად გამოვიყენე და ქულით წინ გავედით. ასპარეზობის მიწურულს ფაცაციამ წარმოუდგენელი სამქულიანი ჩააგდო და ცხადი გახდა, ნახევარფინალში რომ გავიდოდით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაგატსკისი ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა. ბატონ აინარსთან ერთად გატარებული წლები არასდროს დამავიწყდება. მომიწია მუშაობა ლიტველ სპეციალისტ სამულენასთან ერთადაც. იგი წესიერი ადამიანია, მაგრამ იმ დროს გუნდში ისევ ფინანსური პრობლემები იყო და სათანადო შედეგი ვერ აჩვენა.
წლეულს “სოხუმმა” პირველად მოიგო ტურნირი. დუდუ დადიანის სახელობის თასის დაუფლების შემდეგ, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში ვითამაშეთ, გავედით საქართველოს ეროვნული თასის ფინალშიც. არ ვიცით, ვითამაშებთ თუ არა 29 მარტს დანიშნულ გადამწყვეტ მატჩში. უახლოეს დღეებში გამოჩნდება, ვის როგორ შესტკივა გული “სოხუმზე”...