ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.
როგორც გაირკვა, გერმანელი ნახევარმცველის ბავშვობის ფავორიტი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანია, ხოლო სერხიო რამოსი იოზილმა მსოფლიოში ერთ-ერთ სრულყოფილ ფეხბურთელად მოიხსენია.
კითხვაზე, რომელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ თუ მესი, იოზილი პასუხობს: "რა თქმა უნდა, რონალდუ. პორტუგალიელთან ერთად მითამაშია და ის მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია".
მესუთ იოზილმა ახალი გუნდის შესახებ აღფრთოვანება გამოთქვა: "მე არ მინდა გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელი გამოვარჩიო, თუმცა გუნდის სათამაშო ხარისხით გაოცებული ვარ".
როგორც აღმოჩნდა, იოზილი და ვენგერი ჯერჯერობით გერმანულად საუბრობენ, ძველი კლუბის მიმართ კი გერმანელს ნოსტალგია კვლავ გააჩნია.
24 წლის ფეხბურთელმა ლონდონსა და გულშემატკივრებზე ისაუბრა: "ლონდონი უსაზღვროდ ლამაზი ქალაქია. აქ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მათ ბევრი დადებითი მხარე გააჩნიათ და ისინი მხარს აქტიურად მიჭერენ".
გიორგი ბალახაძე