სხვა

17:43 | 15.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

იოკოძუნასთან შერკინების წინ...

სექტემბრის ბაშოს 4 დღის თავზე ლიდერთა შორის ქართველ სუმოისტებს ვეღარ ვხედავთ, თუმცა, საწუწუნოდ საქმე მაინც არ გვაქვს. სამივე ქართველს – ტოჩინოშინის, კოკაისა და გაგამარუს დადებითი ბალანსი (3 მოგება, 1 მარცხი) გააჩნია და წოდებაში დაწინაურების კარგ შანსს ინარჩუნებს.
მორიგ ტურს დამარცხებლად ორი ქართველი სეკიტორი შეხვდა, თუმცა, მათ წარმატებული სერიის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ ასევე უძლეველ ბულგარელ ოძეკი კოტოოშუსთან იორიკირით წააგო.
კოტოოშუმ სასტარტო იერიშის დროს გორგაძის მავაში მარცხენა ხელიდან მოიგდო, მეტოქეს საპასუხო ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების საშუალება არ მისცა და ლევანი დოჰიოდან ელვის სისწრაფით გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვა და წარმატებული ასპარეზობის შემთვევაში, გასულ ბაშოზე დაკარგული კომუსუბის ტიტულის დაბრუნების შანსიც ექნება.
22 წლის გორგაძეს ხვალ მიმდინარე ტურნირის უმთავრესი შერკინება ელის. ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელსაც ზურგს ზედიზედ 51-ე (!) გამარჯვება უმაგრებს. გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ქართველი გოლიათი “თეთრ ფენიქსს” ოთხჯერ გადაეყარა და დოჰიოს ოთხჯერვე დამარცხებული ტოვებდა.
მონღოლმა ჩემპიონმა ქართველს ორჯერ იორიკირით აჯობა, თითოჯერ კი იორიტაოშითა და უვატეგანეთი სძლია. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ჰაკუჰოსა და ხსენებული კოტოოშუს გარდა, აკი ბაშოს კიდევ ერთი დაუმარცხებელი ლიდერი – დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე ჰყავს.
პირველად წაიფორხილა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) წევრმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ (აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა). ბაშოს სტარტზე მოპოვებული მიჯრით სამი გამარჯვების შემდეგ, ქართველი სუმოისტი მე-16 მაეგაშირა კიოკუნანკაისთან ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, 32 წლის იაპონელმა, რომელიც მაკუუჩიში სადებიუტო ტურნირს ატარებს, მეტოქე შიტატენაგეთი დაამარცხა. გაგამარუს მორიგი მოწინააღმდეგე მე-14- მაეგაშირა ტოჩინონადა (3 მოგება, 1 მარცხი) იქნება.
თანამემამულეებს დაეწია ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია, რომელიც კოკაის მეტსახელითაა ცნობილი. 29 წლის ექს-კომუსუბიმ (ამჟამად, აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა) მე-10 მაეგაშირა შიმიტორისთან მისთვის სასურველი მარცხენამხრიანი დგომა ჰიდარი-იოცუ დააფიქსირა, მიგი უვატეს (მეტოქის მავაშის დაჭერა მარცხენა ხელიდან) მიმართა და იაპონელი უვატედაშინაგეთი დაამარცხა.
აკი ბაშოს მე-5 დღეს კოკაის პირისპირ მე-9 მაეგაშირა კიმურაიამა დადგება, რომელსაც ასევე 4-დან 3 შერკინება აქვს მოგებული.
ცნობისთვის, ტოკიოს ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 26 სექტემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089235