სხვა

16:26 | 15.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

იოკოძუნა დარბაზში მოისროლეს

რიგით 69-ე იოკოძუნა ჰაკუჰომ 35-ე იოკოძუნა ფუტაბიამას დიადი რეკორდის დამხობა ვერ შეძლო. ფუტაბიამამ 1936-39 წლებში მიჯრით 69 შერკინების მოგება მოახერხა, “თეთრი ფენიქსის” სუპერსერია კი 63 მოგების შემდეგ შეწყდა. 2010 წლის დასკვნითი კლასიკური ტურნირის მე-2 დღეს, ფუტაბიამას მშობლიურ კუნძულ კიუშიუზე, მონღოლი დავააჯარგალ მუნხბატი აღმოსავლეთის პირველმა მაეგაშირა კისენოსატომ დაამარცხა.
ჰაკუჰომ ბრძოლის დასაწყისში ინიციატივა ხელთ იგდო, თუმცა, 24 წლის იაპონელი ტალანტის მავაშის ხელში მოგდებამდე სულ ცოტა დააკლდა, რამაც კისენოსატოს კარგი შანსი მისცა. იაპონელმა ინიაციატივა მოიპოვა და იორიკირის წყალობით, ლეგენდარული იოკოძუნა დოჰიოდან მაყურებელთა დარბაზში გადაიყვანა.
კისენოსატოს ”გამოხტომის” გამო, ჰაკუჰომ კიდევ ერთი რეკორდის დაფიქსირების საშუალება დაკარგა. გასულ სეზონში “თეთრმა ფენიქსმა” ექვს 15-დღიან ტურნირზე 86 გამარჯვების მოპოვება მოახერხა, იაპონელთან წაფორხილების შემდეგ კი, წლეულს, საუკეთესო შემთხვევაში, იგივე შედეგს თუ დააფიქსირებს.
ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ნოემბრის ბაშო წარმატებულად არც სხვა ფავორიტებისთვის მიმდინარეობს. ტურნირზე ჯერ მხოლოდ ორი ტურია გასული, მინიმუმ თითო წაგება კი სანიაკუში (სიმბოლური კატეგორია, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს ან კომუსუბის ტიტულის მატარებელ რიკიშებს აერთიანებს) მყოფი 9 სუმოისტიდან 7-ს (!) უკვე გააჩნია.
ფავორიტთაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მონღოლი ჰარუმაფუჯია, რომელსაც ზედიზედ მე-2 მარცხი ქართველმა კომუსუბი ტოჩინოშინიმ აგემა. “მზიურ ცხენად” წოდებულმა 26 წლის ოძეკიმ ლევან გორგაძის მავაში მარცხენა ხელიდან დაიჭირა და 23 წლის მეტოქეს საპასუხო ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა, თუმცა, პოზიციური უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო, ტოჩინოშინიმ კი მარცხენა მხრიდან სუკუინაგე განახორციელა და ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
გორგაძეს დიდი ბრძოლა ელის ბაშოს მე-3 დღესაც, როდესაც ძალებს უბერებელ იაპონელ ოძეკ კაიოსთან მოსინჯავს. მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, ტოჩინოშინი 38 წლის ფუკუოკელს ყველა ტურნირზე ხვდება და მასთან დიდი პაექრობაც აქვს გაჩაღებული. ქართველმა იაპონელს მაისსა და სექტემბერში, იორიკირის წყალობით აჯობა, თავად კი სამჯერ – ოკურიდაშით, ცუკიოტოშითა და უვატედაშინაგეთი აქვს წაგებული.
წარმატებული დღე ჰქონდათ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე სხვა ქართველ რიკიშებსაც – ლევან ცაგურიამა (კოკაი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კიუშიუზე პირველი გამარჯვებები მიითვალეს. აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე კოკაიმ მე-7 მაეგაშირა კოტოკასუგას ოშიდაშით აჯობა. ამავე ილეთით იხეირა გაგამარუმაც, რომელმაც ჩინებული ნოდოვა (ყელის არეში ხელების მირტყმა) განახორციელა და მისსავით მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკას ბრძოლის ხალისი დაუკარგა.
ქართული სუმოს პიონერი ცაგურია მომდევნო შეხვედრას კიმურაიამასთან (მე-7 მაეგაშირა) ჩაატარებს, რომელთანაც ივლისში ჰიკიოტოშით წააგო, სექტემბერში კი რევანშის აღება ოშიტაოშის წყალობით შეძლო. რაც შეეხება მაკუუჩის ყველაზე მძიმე (202 კგ.) წევრ გაგამარუს, იგი მე-8 მაეგაშირა შიმოტორისთან დაუპირისპირდება. ქართველ გოლიათს იაპონელი ივლისის ბაშოზე იორიკირით ჰყავს დამარცხებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099225