გერმანიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ტესტ-მატჩს პარასკევს, 6 ივნისს სომხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ალემანთა მთავარი მწვრთნელი მომავალი მუნდიალის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და საკუთარ კოლექტივს მსოფლიო ფეხბურთის ფორუმის ერთ-ერთ ფავორიტად თვლის.
- რა პრინციპით აარჩიეთ ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც ბრაზილიის სტადიონებზე გერმანიის საფეხბურთო ღირსებას დაიცავენ?
- ვცდილობდი, ყოველ პოზიციაზე 2-2 სრულფასოვანი მოთამაშე შემერჩია. ვფიქრობ, ეს მოვახერხე. მთლიანად გუნდს და მის ცალკეულ ფეხბურთელს ურყევი, მტკიცე ხასიათი აქვს.
- წინა ტურნირებისგან განსხვავებით ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდს ახლებურად ამზადებთ?
- ნაკრები საგრძნობლად გავაძლიერეთ. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიწვიეთ, ამასთან ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. უმთავრესი სხვაობა კი ისაა, რომ მოთამაშეებს სადღეისოდ საერთაშორისო დონეზე გამოსვლის მეტი გამოცდილება აქვთ. უკრაინა-პოლონეთის კონტინენტის პირველობის შემდეგ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას მიაღწიეს და ბრაზილიის მინდვრებზე ეს მათთვის დამატებითი სტიმული გახდება.
- ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მეტის მოლოდინი გაქვთ, ვიდრე 8 წლის წინათ სამშობლოში ჩატარებულ პლანეტის ჩემპიონატის სტარტამდე?
- გერმანიაში მსოფლიო თასისთვის ბრძოლის დროს უფრო მეტად ვნერვიულობდით, ვიდრე სხვა ქვეყნებში ჩატარებული შეჯიბრებების მსვლელობისას. ამჯერად განსხვავებული ვითარებაა - მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ვმშვიდდები. ბიჭები ენთუზიაზმით უდგებიან მინდობილი საქმის შესრულებას. შარშან ბრაზილიაში გამართული კონფედერაციათა თასის გათამაშებამ დამარწმუნა, მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთით გაჟღენთილ ატმოსფეროში, მაღალ დონეზე რომ ჩაივლის. ბედნიერი ვარ, საფეხბურთო დღესასწაულის მონაწილე რომ ვიქნები.
- გერმანიის ნაკრებს მუნდიალის ფავორიტად მიიჩნევთ?
- გერმანია ფავორიტთა შორის ყოველთვისაა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ახლაც ასეთი სიტუაციაა. მიმაჩნია, რომ გერმანიას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ჩვენს გუნდში არიან როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთლები. ბევრი მათგანი თავის პოზიციაზე საუკეთესოა. რა თქმა უნდა, გერმანია ერთადერთი ფავორიტი არაა. აღვნიშნავ ჯგუფში ჩვენს მეტოქეს, პორტუგალიას, ასევე იტალიას, ჰოლანდიას და რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს. გარდა ამისა, როგორ შეიძლება დავივიწყოთ სამხრეთამერიკული ნაკრებები, ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი.
- 1990 წლიდან მოყოლებული გერმანელი გულშემატკივრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ელიან. როგორ გგონიათ, მათი მოლოდინი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ახდება?
- ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს გეტყვით და დაგპირდებით, მხოლოდ ერთს მოგახსენებთ - სამუშაოს ენთუზიაზმით, პირნათლად ვასრულებ და ყოველმხრივ შევეცდებით 80 მილიონი გერმანელის მოლოდინი ავასრულოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვავა მილან, ვავა.. ))