ლევან კობიაშვილი – ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის წამყვანი ოთხეულის ჩემპიონატში თამაშობს. “კობი” ყოველთვის საინტერესო რესპოდენტია და “მსოფლიო სპორტი” ამჯერადაც სხვადასხვა თემებზე ესაუბრა: ბუნდესლიგაზე, საქართველოს ჩემპიონატის პრობლემებზე, მოახლოებულ მუნდიალზე... თავიდან კი “ჰამბურგ”_”ჰერტას” შეხვედრას შევეხეთ, რომელიც ბერლინელებმა 3:0 მოიგეს და ლევანმაც შეუცვლელად ითამაშა.
“36 წლის ასაკში 22 წლის ფეხბურთელივით ვერ იქნები”
- “ჰამბურგთან” პირველივე ტაიმში 3:0-ს იგებდით...
- ყველანაირად ვაჯობეთ. დროის უმეტეს ნაწილში, “ჰამბურგი”, ფაქტობრივად, ვერ გვიტევდა. არ ვიცი, მათ რა გადაარჩენთ, აუტსაიდერთა შორის არიან და ძალიან გაუჭირდებათ ბუნდესლიგაში დარჩენა.
- “ჰამბურგთანაც” ცენტრალური მცველი იყავით. ამ პოზიციაზე დებიუტი კი “დორტმუნდის” წინააღმდეგ გქონდათ, რომელიც 2:1 მოიგეთ. კობიაშვილი ცენტრალური მცველი – თავიდან ცოტა ხომ არ ნერვიულობდით?
- სიმართლე გითხრათ, “დორტმუნდთან” რომ შემომთავაზა მწვრთნელმა, გამიკვირდა. დღემდე არ ვიცი, საიდან მოიფიქრა. “ჰამბურგთან” კი ცენტრალური მცველი დაშავებული გვყავდა და ისევ მე მკითხა, ვითამაშებდი თუ არა მის პოზიციაზე. დავეთანხმე. “ვაითუ, ვერ შევძლო” – ასეთი რამ არ მიფიქრია. მთავარია, ვითამაშო.
- რამდენი ხნითაა ცენტრალური მცველი დაშავებული?
- ალბათ, 2-3 კვირა ვერ ითამაშებს.
- აქამდე, რაც თავი მახსოვს, დაღლილობაზე არასოდეს დაგიჩივლიათ. დღესაც ასეა?
- თამაში ძველებურად მსიამოვნებს, მაგრამ ასაკი თავისას მაინც შვრება. გინდა-არ გინდა, 36 წლის ასაკში 22 წლის ფეხბურთელივით ვერ იქნები. განსხვავება არის. ზოგჯერ, როცა დღეში ორი ვარჯიში გვაქვს, ვიღლები. თუმცა, ისეც არაა საქმე, არიქა, მალე მორჩეს-მეთქი.
- საერთოდ, ხშირია შემთხვევა, როცა მწვრთნელები ასაკოვან ფეხბურთელებს შეღავათებს აძლევენ. თქვენ შემთხვევაში როგორ არის?
- ჯერ ერთი, “ჰერტაში” ასე არ არის და მეორეც, არ ვარ ის ადამიანი, მწვრთნელთან მივიდე და დასვენება ვთხოვო. მე ცუდად ნამდვილად არ გამიგებენ, მაგრამ მაინც. თანაც, ჩემთვისაც ცუდია, რომ ცუდად ვივარჯიშო.
“თუ კლუბს სურვილი ექნება, ალბათ, ერთი წელი კიდევ ვითამაშებ”
- ბუნდესლიგაში თამაშების რაოდენობით, ლეგიონერთა შორის, მეორე ადგილზე ხართ. პერუელი კლაუდიო პიზარო 18 მატჩით გისწრებთ. გული გწყდებათ? რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ რეკორდულ მაჩვენებლებს?
- სიმართლე გითხრათ, რეკორდებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. გერმანულ პრესაშიც ხშირად იწერება ამაზე, მაგრამ პირადად ჩემთვის მთავარია, ვითამაშო, მოვიგო, სიამოვნება მივიღო. ვიცი ის, რომ რასაც მივაღწიე, ჩემი შრომის შედეგია, დანარჩენი კი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ისე, თუ პიზარო წლეულს დაასრულებს ბუნდესლიგაში თამაშს, ხოლო მე კიდევ ერთი სეზონი დავრჩები, მაშინ შეიძლება გადასწრება.
- რაზეა დამოკიდებული, დარჩებით თუ არა კიდევ ერთი სეზონი?
- თუ კლუბი შემომთავაზებს, გვჭირდები, დარჩი და ითამაშეო, ალბათ, დავთანხმდები. როცა გრძნობ, რომ გუნდს სჭირდები, სასიამოვნოა. ჯერ მაინც დაველოდოთ ზაფხულს, გადაწყვეტილება არაა მიღებული.
- კარიერას როცა დაასრულებთ, გამოსამშვიდობებელ მატჩს მოაწყობთ?
- ახლა ამაზე არ ვარ ორიენტირებული, მაგრამ მოვა დრო. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი მატჩი გაიმართოს.
“მივესალმები, რომ სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს დაეხმარება”
- საქმის კურსში იქნებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომელიც ქართულ ფეხბურთს შეეხება. სახელმწიფო საკმაოდ დიდ ხარჯებს გაიღებს ფეხბურთის კუთხით.
- ეს ძალიან კარგია. კონკრეტულად რაში დაიხარჯება ეს თანხა, ანუ რა მიმართულებები მიეცემა, ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი, რომ ნაბიჯები წინ გადაიდგა, მივესალმები და მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავრობის ხელმძღვანელებს. იმედია, თანხა სწორად დაიხარჯება. ფუნდამენტიდან უნდა დავიწყოთ. სწორად უნდა განვითარდეს მენეჯმენტი და უნდა იცოდე, რასაც ხარჯავ, რა შედეგს მოგიტანს მომავალში.
- აქამდე ასე არ ხდებოდა.
- გადავხედოთ, ბოლო წლებში როგორ ხდებოდა. უმაღლეს ლიგაში კლუბების ნახევარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტზე იყო. 6-7 წლის განმავლობაში ხდებოდა ისე, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო კლუბებს აძლევდა საშუალოდ 700 000-დან 1 000 000 ლარამდე. ჯამში, ყველა კლუბის დაფინანსება ერთად რომ ავიღოთ, საკმაო თანხა გამოდის. რა შედეგი მოიტანა? “მოდი, ცოტას მოგცემ და ცოტა ხანი თავი დამანებე” – ასეთი მიდგომა იყო. საბოლოოდ კი მივედით იქამდე, რომ წლეულს ჩემპიონატის ჩაშლის საფრთხე იდგა. ხომ უნდა იცოდე, რისთვის ხარჯავ, რა მიმართულებები მისცე, რათა შედეგი გამოიღოს.
- ანუ, ლიცენზირების საკითხზე მიუთითებთ? სხვათა შორის, ერთმა ფეხბურთელმა მითხრა, ჩვენს კლუბში ვიდეოანალიტიკოსი ჰყავთ გაფორმებულიო. სინამდვილეში, არანაირი ვიდეოანალიტიკოსი არ ჰყოლიათ.
- რა თქმა უნდა, ლიცენზირების საკითხი უნდა გამკაცრდეს. მითუმეტეს მაშინ, როცა კლუბებს ფული ექნებათ. ახლა მესმის ფედერაციის, რომელიც კლუბების უფულობის გამო, ლიცენზირებაზე თვალს ხუჭავს, მაგრამ ელემენტარული ხომ მაინც შეიძლება? რამდენჯერმე ვუყურე საქართველოს ჩემპიონატის თამაშს ტელევიზორში და ზოგ ფეხბურთელს სხვა ფერის ტრუსი ეცვა, კიდევ ბევრი არასერიოზული რამ შევამჩნიე. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა მიზეზი იმისა, რომ ბიზნესმენს გული არ მოუწევს ფეხბურთისკენ. ზოგი იტყვის, კობიაშვილისთვის იოლი სალაპარაკოაო, მაგრამ გული რომ მწყდება, იმიტომ ვსაუბრობ ამ პრობლემებზე და რაც ადრე ვთქვი, გავიმეორებ: ჩემს გამოცდილებას ქართულ ფეხბურთს მოვახმარ. რა კუთხით, რა სტატუსით მოხდება ეს, ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მოხდება. უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან რამდენს აქვს ნორმალური საიტი? რაიმე ინფორმაცია რომ დაგჭირდეს კლუბზე, სად უნდა ნახო, თუ არა ამავე კლუბის საიტზე? მაგრამ არაა. ცალკე სათქმელია სატელევიზიო კუთხით მუშაობაზე და იმედია, თანხა ამაზეც იქნება გათვლილი. გერმანიაში ზოგჯერ ისეთი ცუდი საყურებელი მატჩია, ვერ შეხედავ. შარშან “ჰერტა” ‘აუგსბურგს” ხვდებოდა, ცუდი თამაში გამოვიდა, მაგრამ ხალხი მაინც იყო სტადიონზე და ამ ყველაფერმა შედარებით გაალამაზა. აი, რამდენს ნიშნავს ინფრასტრუქტურა. საქართველოს ჩემპიონატში ზოგჯერ ტარდება კარგი თამაშები, მაგრამ აურა არაა სტადიონზე. არადა, კარგად თუ შეფუთავ, მშვენიერი საყურებელი იქნებოდა.
- 23 თებერვალს თქვენც მოუთმენლად ელით: ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა ევრო-2016-ის შესარჩევზე...
- უეფამ კარგი გააკეთა, როცა ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაზარდა. მისწრებაა ჩვენისთანა ნაკრებებისთვის. ვფიქრობ, უნიკალური შანსია, რათა ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. მთავარია, შესარჩევის დაწყებამდე კარგად მოემზადოს ნაკრები.
“ბრაზილია მაინც N1 ფავორიტად მიმაჩნია – თუნდაც, მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე”
- მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც: როგორ ფიქრობთ, გერმანიის ნაკრებს რამდენად აქვს შანსი ჩემპიონობისა?
- გერმანია აუცილებლად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს. ვფიქრობ, სრულიად საფუძვლიანია მათი საჩემპიონო ამბიციები, მაგრამ გახდებიან თუ არა, ძნელი სათქმელია. ჩემპიონატი ბრაზილიაში იმართება...
- ანუ, ბრაზილია მიგაჩნიათ მთავარ ფავორიტად?
- დიახ. გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ მასპინძლები იქნებიან. არ გამოვრიცხოთ ესპანეთის ნაკრები, რომელსაც მუდამ ვგულშემატკივრობ. ესპანელებმა ზედიზედ სამჯერ მოიგეს დიდი ტურნირი, მაგრამ მეოთხედაც რომ მოიგონ, გასაოცარი არაფერი იქნება. უბრალოდ, ძალიან გაუჭირდებათ. სამხრეთ ამერიკაში ყოველთვის სამხრეთამერიკელები ხდებოდნენ ჩემპიონები და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთოდ, ამ ეტაპზე მათ ძლიერი ნაკრებები ჰყავთ: ბრაზილიასა და არგენტინას რომ თავი დავანებოთ, ურუგვაი, კოლუმბია და ჩილეც დიდ ძალას წარმოადგენენ.
- ბუნდესლიგის ამ სეზონში ვის მიიჩნევთ საუკეთესო ფეხბურთელად?
- “ბაიერნის” ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი რომ ავიღოთ, ყველა საუკეთესოა. აღმოჩენა როგორ დავარქვა ფილიპ ლამს, როცა ამდენი წელია, უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ მეორე მხრივ, მართლაც სეზონის აღმოჩენაა!
- პოზიცია რომ შეუცვალეს, ამას გულისხმობთ?
- დიახ. ერთი შეხედვით, თითქოს რა ჰქონდა დასაწუნი ლამს როგორც მარჯვენა მცველის, ასევე მარცხენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლამ ნახევარდაცვაში ასწია და იქაც ნამდვილ ლამს ვხედავთ. აქ როგორც მწვრთნელის, ასევე ფეხბურთელის ფენომენი ჩანს. გვარდიოლაზე კი ცალკე უნდა ითქვას – შარშან იუპ ჰაინკესის “ბაიერნმა” ყველაფერი მოიგო და ძალიან ძნელია, ამ დროს ახალი მწვრთნელისთვის გუნდში მოსვლა. თითქოს, კიდევ რით უნდა გააძლიერო? მაგრამ გააძლიერა. თურმე, კიდევ უფრო დიდი გუნდის შექმნა შესაძლებელი ყოფილა.
- “მსოფლიო სპორტთან” ორი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში კარგად აღწერეთ, თუ როგორ მოახერხა ბუნდესლიგამ ასეთ სიმაღლეებზე ასვლა...
- აქ თამაში ზეიმია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამდენი წელია, რიბერი “ბაიერნიდან” არსად მიდის და ის, რომ პეპ გვარდიოლა მაინცდამაინც “ბაიერნში” გადავიდა, ყველაფერზე მეტყველებს. ადრე ბუნდესლიგას დიდად არ სწყალობდნენ უპირველესი ვარსკვლავები, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია. რა თქმა უნდა, მეც ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ ჩემპიონატში ვთამაშობ.