მილანის “ინტერს” ზაფხულის სატრანსფერო სეზონში რამდენიმე ფეხბურთელი სურს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ძვირადღირებული მოთამაშეების შეძენის საშუალებას არ იძლევა. “ნერაძურის” მფლობელმა ერიკ ტოხირმა განაცხადა, რომ უპირველესად, მილანელებს საყრდენი ნახევარმცველის შეძენა სურთ.
“სერხიო ბუსკეტსი, ედინ ჯეკო და ლუის გუსტავო ძალიან მომწონს, მაგრამ სადღეისოდ, თავს საუკეთესო ფეხბურთელების შეძენის უფლებას ვერ მივცემთ. იმედია, ხვალ-ზეგ ამის საშუალება მოგვეცემა. სატრანსფერო სეზონზე, ჩვენი უპირველესი მიზანი საყრდენი ნახევარმცველის შეძენა იქნება. ისეთი სტილის ფეხბურთელს ვეძებთ, როგორიც ჯენარო გატუზო და ედგარ დავიდსი იყვნენ”, - განუცხადა ტოხირმა იტალიურ მედიას.
აღსანიშნავია, რომ აპენინური პრესა “ინტერის” მხრიდან ჯეკოსადმი ინტერესზე დიდი ხანია წერს. სავარაუდოდ, “ინტერსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.