კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, “სოსიედადთან” 1:3 წაგების შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტატა მარტინოს იცავს.
ხერარდო მარტინო “ბარსელონას” ერთი წელიც არაა რაც წვრთნის და მასთან დაკავშირებით უკვე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. “ბარსელონას” ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ არგენტინელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება იგეგმება, კატალონიელი ჟურნალისტები კი მარტინოს გუნდიდან წასვლის საკითხს აქტიურად განიხილავენ. ზოგი წყაროს ცნობით, ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მარტინოს გუნდის თამაშის სტილის შეცვლა სურს, ხოლო თუ ბასკ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, “სოსიედადთან” მატჩში მწვრთნელის მოედნიდან გაძევების შემდეგ, “ბარსას” მოთამაშეებმა მარტინო დაიცვეს და არბიტრზე იერიში მიიტანეს. გაიჟღერა იმ აზრმაც, რომ არგენტინელის სათამაშო სქემაში “ბარსას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა ვერ ჯდება. სწორედ გუნდის მე-8 ნომერმა გადაწყვიტა მწვრთნელის დაცვა.
“მარტინოს ჩვენი გუნდის სჯერა და ყოველთვის საუკეთესო თამაშს ითხოვს. ფეხბურთელები, ჩვენის მხრივ, მწვრთნელს სრულ ნდობას ვუცხადებთ. ჩვენ მის გვერდით ბოლომდე ვიქნებით.
ბოლო დრომდე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ “სოსიედადთან” წაგება მძიმე დარტყმა იყო. პასუხისმგებლობას ყოველთვის ფეხბურთელები და მწვრთნელები კისრულობენ.
დღეიდან, ჩვენთვის, თითქმის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. თუ ჩემპიონობა გვინდა, ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.