“ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “ატლეტიკოსთან” საკუთარ კედლებში 1:1 თამაშის მიუხედავად, კატალონიური გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.
“ვიცოდით, რომ შესანიშნავი და ძალიან ინტენსიური თამაში გველოდა. გვესმოდა, რომ ღირსეულ მეტოქეს ვუპირისპირდებოდით. ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვეტილი ჯერ არაა და ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა მადრიდში მოგვიწევს.
დიეგოს გოლი? შორი დისტანციიდან ბრწყინვალე დარტყმა იყო. თუ ფეხბურთელი ასე ურტყამს, მეკარეს ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენთვის მთავარი იყო, როგორი რეაქცია გვექნებოდა გაშვებულ გოლზე. გათანაბრება მოვახერხეთ და ბოლო წუთებში წინ გასვლასაც ვცდილობდით. ვფიქრობ, ამ თამაშის ყველა მაყურებელი შესანიშნავი მეოთხედფინალის მომსწრე გახდა.
ნეიმარს, რომელმაც ჩვენი მხრიდან გოლი გაიტანა, მაღალი კლასი და ტალანტი აქვს. ერთ წამში, ერთი მოძრაობით, მას თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მისმა გოლმა ძალიან გაგვახარა და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ დარტყმამ 1/2-ფინალში გასვლაში თავისი როლი ითამაშოს. გუნდში ეჭვი არავის ეპარება, რომ გასვლაზე მოგება შეგვიძლია. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ მადრიდში იმაში დარწმუნებულნი გავემგზავრებით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.