ინგლისში 1400-ზე მეტ საფეხბურთო ხულიგანს, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, პოლიციისთვის პასპორტების ჩაბარება მოუწევს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინგლისის პოლიციას იმ პიროვნებათა სია აქვს, რომლებიც საფეხბურთო ხულიგნობის გამო სხვადასხვა სახით არიან დასჯილნი. თავზეხელაღებულ გულშემატკივრებს პასპორტების ჩაბარების ვადა 3 ივნისის ჩათვლით აქვთ. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები მუნდიალზე გამგზავრებას ყალბი პასპორტით შეეცდებიან, მკაცრად დაისჯებიან.
ინგლისის პოლიციის დელეგაციას ბრაზილიაში რაშელ ბარბერი უხელმძღვანელებს. მისი განმარტებით, მსგავსი ღონისძიება მუნდიალზე დაძაბულობის თავიდან არიდებას ემსახურება..
"ჩვენ ვიცით როგორი ფანები გვყავს. მათ შეუძლიათ ბრაზილიაში ინციდენტები მოაწყონ და ბევრი დანაშაულიც ჩაიდინონ. შედეგად, ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნების ხულიგნების სამიზნეები გახდებიან. ამიტომაც გვინდა აღნიშნულმა პირებმა პასპორტები ჩაგვაბარონ. ჩვენი მიზანია მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გულშემატკივრები დავიცვათ." - განაცხადა ბარბერმა.
აღნიშნული ღონისძიება დიდი ბრიტანეთის სხვა ქვეყნებში არ ჩატარდება, თუმცა პოლიციის განმარტებით, საეჭვო პირების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი მუნდიალზე ვერ გაემგზავრებიან.
გიორგი ბალახაძე