ფეხბურთი

12:55 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამზადებული ახალი ფორმა წარადგინა

 

NIKE-ს დიზაინერებმა ისევ კლასიკური სტილი აირჩიეს. “საშინაო” ფორმა სულ თეთრია და ყელთან V-ს მსგავსადაა ამოჭრილი. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა მოიძიეს და ნახეს, რომ ასეთი დიზაინის ფორმა ინგლისელებს 1954 წლის მსოფლიო თასზე ეცვათ. “საგარეო” ფორმა წითელ-თეთრია და იმ ვარიანტს წააგავს, რომელიც ინგლისელებს 1966 წლის საშინაო მუნდიალზე ემოსათ. შეგახსენებთ, რომ მაშინ ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. დიზაინერები ამტკიცებენ, ეს სათამაშო ფორმა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა გამდიდრებული და სახმარად ძალიან კომფორტულიაო. არის მცირე დეტალებიც. მაგალითად, “საშინაო” ვარიანტში შორტებს გვერდებზე ატლასის ზოლები დაჰყვება, “საგარეო” ვარიანტში კი ეს ზოლები წითელია. NIKE-ს დიზაინის დირექტორი, მარტინ ლოტი ამბობს, რომ თავის დროზე ასეთ ზოლებს ინგლისელი რაინდები ატარებდნენ.

Daily Mail-ის ცნობით, ახალ თეთრ ფორმას ინგლისელები პირველად 31 მაისს, “უემბლიზე” პერუსთან ამხანაგურ მატჩში ჩაიცვამენ. შემდეგ მაიამიში გაემგზავრებიან სადაც ეკვადორთან და ჰონდურასთან ტესტ-მატჩებს გამართავენ. იქიდან კი რიო დე ჟანეიროში გადავლენ. “ყოველთვის ბედნიერი ვარ როცა ინგლისის ნაკრების მაისურა მაცვია. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი,” – ამბობს “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერი, უეინ რუნი.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე D ჯგუფში ინგლისელების მეტოქეები იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ეროვნული გუნდები იქნებიან.

0.202953