რაგბი

18:02 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელთა მწვრთნელი: “ქუდს ვიხდი ქართველ მორაგბეთა წინაშე”

პირველი მატჩის შემდეგ, ინგლისელთა მწვრთნელი საკადრისი პასუხის მოლოდინში იყო ქართველი 19-წლამდელებისაგან და ამ მოლოდინმა გაუმართლა – გუშინ, 24 მაისს “ვოქალ პარკზე”, პატარა “ბორჯღალოსნებმა” პირველ მატჩში 36:10 დამარცხების შემდეგ, 23:22 უპასუხეს ინგლისის საგრაფოთა 20 წლამდელთა ნაკრებს.

მატჩის დასასრულისკენ, ინგლისელებმა თითქოს გამოსტაცეს სტუმრებს გამარჯვება, მას შემდეგ, რაც ფრთაზე მოთამაშე ჯექ როსითერის ლელომ ანგარიში 20:20 გახადა და შეცვლაზე შემოსულმა როდრი ედემსონმა ეს ლელო გარდასახა, მაგრამ მასპინძლები რაქში დაჯარიმდნენ. საქართველოს 19-წლამდელთა 15-მა ნომერმა, გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ამ უშეღავათო ბრძოლაში ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ინგლისელები საპასუხო შემოლეწვას ელოდნენ ქართველებისგან, მას შემდეგ რაც შელფორდში, პირველ მატჩში 36:10 დაამარცხეს ისინი. ქართველმა შუამარბებმა, დევი დევსურაშვილმა და თემურ ირემაძემ გვარიანად ავიწროვეს მასპინძლები, მაგრამ პირველი ლელო ფრთაზე მოთამაშე, დავით გულიტაშვილმა დადო, რომელიც მგეზავმა, რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

ინგლისელებმა სტუმრებს ნახევარ საათში უპასუხეს – მესამეხაზელმა ჯექ ელქოქმა ქართველების დაცვა 5 მეტრიან ხაზზე გაჭრა და ლელო დადო, რომლის გარდასახვა მასპინძლებმა ვერ შესძლეს. შესვენებამდე უმცროს “ბორჯღალოსნებს” ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიეცათ, რომელიც ჯინჭველაშვილმა ზუსტად შეასრულა და შესაბამისად გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 10:5 გავიდნენ.

მატჩის განახლებიდან შვიდი წუთის შემდეგ, რეზი ჯინჭველაშვილმა სამი ქულა მიამატა ქართულ ყულაბას, რითაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. მაგრამ მასპინძლებმა სხვაობა ერთ ქულამდე მალევე შეამცირეს – ფრთამ, ქუაქუ ასიედუმ, ქართველების გადმოკიდებული ბურთი წამოიღო, რითაც ბურჯს, ჯექ ქალვერჰაუსს შეტევისთვის სივრცე შეუქმნა. დაახლოებით 8 წუთში კი, ლელოს ავტორი ქალვერჰაუსი და ქართველი ბურჯი, თორნიკე მატარაძე გაასინბინეს, მას შემდეგ რაც ერთმანეთს მუშტები უთავაზეს ერთ ერთი ეპიზოდის დროს.

ინგლისელი 20-წლადელები მატჩის მსვლელობისას პირველად 73 წუთის შემდეგ, ედემსონის ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მალევე, ბაბუნაშვილის ლელოთი უპასუხეს, რომელიც მან თვითონვე გარდასახა.

რისითერმა კვლავ იმარჯვა და ლელო დაამიწა, ედემსონმა გარდასახა და ინგლისელები 22:20 დაწინარდნენ მატჩის დასრულებმადე რამოდენიმე წუთით ადრე. ამით ქართველების წინააღმდეგობა არ გატეხილა და მალევე, რაქში არასწორი თამაშის გამო დანიშნული ჯარიმა ბაბუნაშვილმა ზუსტად შეასრულა, რითაც მასპინძლებს ხელიდან გამოსტაცა გამარჯვება.

“ეს იყო რაგბის გამარჯვება” – ნამატჩევს განაცხადა იგნლისელთა მწვრთნელმა ბობ ჰუდმა. მისი აზრით, ეს ტურნე მთლიანობაში ორივე გუნდის მოთამაშეებისათვის ძალზედ სასარგებლო იყო და ასეთი დონის მატჩების შემდეგ, ინგლისელი მოთამაშეები თავიანთ კლუბებს უკეთეს მორაგბეებად დაუბრუნდებიან. მან ასევე დასძინა:

“მინდა განვაცხადო, რომ ქართველებმა ნამდვილად დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ჩვენ პირველ ნახევარში ვერ მოვახერხეთ შესაბამისი ზეწოლის განხორციელება, რამაც მატჩის ბედზე იმოქმედა. მე ქუდს ვიხდი ქართველი მორაგბეების წინაშე, რადგან მათ რამოდენიმე დღეში შესძლეს თამაშის შემოტრიალება! არც ჩვენ ვითამაშეთ ცუდად, უბრალოდ მონახაზის ზედმიწევნით შესრულება ვერ შევძელით.

დღეს ქართველმა მორაგბეებმა კარგ გამარჯვებას მიაღწიეს. საერთო ჯამში ოთხი ურთიერთ შეხვედრიდან მათ პირველი მოიგეს და სახლში დამსახურებული სიხარულით გაემგზავრებიან. ისინი მატჩის ბოლო წუთამდე თავდაჯერებულად თამაშობდნენ, თუმცა ჩვენც მოვახერხეთ რამოდენიმე ეპიზოდის შექმნა.

ორივე გუნდის მორაგბეებმა თამაშის სხვა და სხვა სტილი ნახეს და რაც მთავარია, ისინი დაუმეგობრდნენ ერთმანეთს”.

I ტაიმი

http://www.youtube.com/watch?v=sId_vpBqlE0

II ტაიმი

http://www.youtube.com/watch?v=ZdZWtgAu72Q

II ტაიმი II ნაწილი

http://www.youtube.com/watch?v=ecsvR-PS_30

მატჩის ფოტოები >>>

0.113792